ფილარეტ მოწყალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფილარეტ მოწყალემართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 დეკემბერი, ახალი სტილით - 14 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართალი ფილარეტ მოწყალე პაფლაგონიის ოლქის (მცირე აზია) სოფელ ამნიაში დაიბადა VIII საუკუნეში. მშობლებმა იგი კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. წმიდანის მეუღლე თეოზვა მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახის ჩამომავალი იყო. მათ ჰყავდათ შვილები: ძე - იოანე და ორი ასული - იპატია და ევანთია. ფილარეტი დიდ ქონებას ფლობდა და უხვად გასცემდა მოწყალებას.

ერთხელ პაფლაგონიას არაბები დაესხნენ თავს, ქვეყანა ააოხრეს და ფილარეტიც გაძარცვეს. წმინდანს მხოლოდ ორი ხარი, ცხენი, რამდენიმე სკა, მცირე მამული და სახლი შერჩა. იგი თვითონ ამუშავებდა მიწას, რომ თავისი ოფლით მოეპოვებინა სარჩო ოჯახისათვის და ყველაფრისთვის ჰმადლობდა უფალს. თანდათან ფილარეტის ოჯახს ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ იგი უკანასკნელ ქონებასაც გლახაკებს უყოფდა, რისთვისაც ხშირად უხდებოდა ცოლ-შვილისაგან საყვედურის მოსმენა.

ამ დროს ბიზანტიის იმპერატორმა ირინემ (797-803) თავისი ძისთვის - მომავალი თანამმართველის, კონსტანტინე პორფიროგენეტისთვის (780-797) საცოლის ძიება დაიწყო და მთელს იმპერიაში დაგზავნა ელჩები. დესპანებმა შორიდანვე შენიშნეს სხვა სახლებისაგან სიდიდით გამორჩეული ფილარეტის სასახლე და გადაწყვიტეს, იქ გაჩერებულიყვნენ. წმიდანმა მეზობლებისაგან ითხოვა საჭმელ-სასმელი და მალე მდიდრული სუფრა გაიშალა. ელჩებმა მასპინძელთან საუბარში შეიტყვეს, რომ მას სამი შვილიშვილი ჰყავდა, მოუხმეს მათ და ერთ-ერთი - მარიამი სხვა რჩეულ ქალწულებთან ერთად მეფეს წარუდგინეს. სიკეთითა და სიმდაბლით აღმატებული მარიამი დედოფალი გახდა, კონსტანტინე პორფიროგენეტმა კი ფილარეტი გულუხვად დაასაჩუქრა. ასე დაუბრუნდა უფლის რჩეულს დიდებაცა და პატივიც.

წმინდანმა მსახურს სამი ყუთი დაამზადებინა - ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტებისთვის. პირველი ყუთიდან იგი სრულიად უქონლებს აძლევდა მოწყალებას, მეორედან - გაღატაკებულებს, მესამედან კი - მათ, ვინც პირფერობით ცდილობდა ფულის გამოძალვას.

ასე გალია ნეტარმა ფილარეტმა ცხოვრების ოთხმოცდაათი წელი. მას უფლისაგან წინასწარ განეცხადა აღსასრულის მოახლოება, კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, როდოლფიას მონასტერში მივიდა, თავისი ქონების ნაწილი ამ სავანეს შესწირა, დანარჩენი გლახაკებს დაურიგა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (792 წელი). წმინდანი კონსტანტინოპოლში, როდოლფიას სავანეში დაკრძალეს. მართალი ფილარეტის სიწმიდე და ღვთივრჩეულობა მისი სიკვდილის შემდეგ აღსრულებულმა სასწაულებმაც ცხადყო.

ნეტარი ფილარეტის მიცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ, თეოზვამ, ბევრი იღვაწა პაფლაგონიაში უცხოტომელთა შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრების ასაღორძინებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.