ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება — არსებული ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების (მათ შორის გარდაქმნილისაც) გამოვლენა, კარტოგრაფირება და კლასიფიცირება; მათი ნივთიერი შედგენილობის, თვისებების, სტრუქტურის, კავშირების, აგრეთვე მათი ჩამოყალიბების, განვითარებისა და დიფერენციაციის შეცნობა. ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები ყალიბდება დედამიწის ზედაპირის დიფერენციაციის ზონალური და აზონალური ფაქტორების ერთობლივი მოქმედებით. ამასთანავე, ტერიტორიის სიდიდისა და სირთულის, ბუნებრივი პროცესების თავისებურებათა გათვალისწინებით გამოიყოფა სხვადასხვა რანგის ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონები: ფიზიკურ-გეოგრაფიული ზონები, ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყანა, ფიზიკურ-გეოგრაფიული ოლქი, ფიზიკურ-გეოგრაფიული პროვინცია, ფიზიკურ-გეოგრაფიული ოკრუგი და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონი.[1]

ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონებისას მხედველობაში იღებენ ბუნებრივი პირობების მთელი კომპლექსის გენეზისს, გეოგრაფიული გარსის თანამედროვე სტრუქტურას და ფიზიკურ-გეოგრაფიულ პროცესებს, რომლებიც დამოკიდებულია გეოლოგიურ აზონალურ ფაქტორებზე და მათთან დაკავშირებულ ტერიტორიის გეომორფოლოგიურ თავისებურებებზე, ტერიტორიის ათვისების ხარისხსა და ხასიათზე. ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონებისას იყენებენ შედარებით-გეოგრაფიულ, კარტოგრაფიულ, გეოფიზიკურ, ლანდშაფტურ-გეოქიმიურ, პალეოგეოგრაფიულ და მათემატიკურ მეთოდებს. ფიზიკურ-გეოგრაფიულ დარაიონებას იყენებენ სოფლის მეუნრეობის, საინჟინრო-სამშენებლო, სატრანსპორტო, სამედიცინო, რეკრეაციული და სხვა მიზნებისა და რეგიონული დაგეგმვისათვის.[1]

მეცნიერული ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება წარმოებს XIX საუკუნიდან, როდესაც ინტენსიურად ჩამოყალიბდა კერძო გეოგრაფიული დისციპლინები, გააქტიურდა ბუნებრივი დარაიონების დარგობრივი სქემების შემუშავება, მანამდე რაიონები გამოიყოფოდა ცალკეული გარეგნული ნიშნებით. კომპლექსური ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების შემუშავების თეორიული წინაპირობა შეიქმნა XIX საუკუნის ბოლოს ვასილი დოკუჩაევის ნაშრომებში. XX საუკუნის დასაწყისში ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების პრობლემები ფართოდ გაიშალა საზღვარგარეთულ გეოგრაფიაშიც.[2][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 დავით უკლება, კობა ხარაძე, ეთერ დავითაია (2014). ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, გვ. 355. 
  2. Физико-географическое районирование | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-15. ციტირების თარიღი: 2021-03-19.
  3. Theoretische Problerne der physisch-geographischen Raumgliederung, Brat., 1972