შინაარსზე გადასვლა

ფერნანდუ დი არაუჟო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერნანდუ დი არაუჟო
ფერნანდუ დი არაუჟო
აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტის მ/შ
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 თებერვალი, 2008 – 17 აპრილი, 2008
წინამორბედივისენტე გუტერიში
მემკვიდრეჟოზე რამუშ-ორტა

აღმოსავლეთ ტიმორის პარლამენტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 აგვისტო, 2007 – 30 ივლისი, 2012
წინამორბედიფრანსიშკუ გუტერიში
მემკვიდრევისენტე გუტერიში

დაბადებული26 თებერვალი, 1963
მანუტასი, პორტუგალიის ტიმორი
გარდაცვლილი2 ივნისი, 2015
დილი, აღმოსავლეთი ტიმორი
მოქალაქეობააღმოსავლეთ ტიმორის დროშა აღმოსავლეთი ტიმორი
პოლიტიკური პარტიააღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული პარტია
მეუღლეჟასკელინ აკინო სიაპნო

ფერნანდუ დი არაუჟო (პორტ. Fernando de Araújo), ცნობილია ასევე ფსევდონიმით ლაზამა (ტეტ. Lasama; დ. 26 თებერვალი 1963, მანუტასი, პორტუგალიის ტიმორი — გ. 2 ივნისი 2015, დილი, აღმოსავლეთი ტიმორი) — აღმოსავლეთ ტიმორელი აქტივისტი და სახელმწიფო მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2008 წლის 13 თებერვლიდან ამავე წლის 17 აპრილამდე. აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარე 2007 წლის 8 აგვისტოდან 2012 წლის 30 ივლისამდე. აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი და მისი პირველი ხელმძღვანელი.

ფერნანდუ დი არაუჟო დაიბადა 1963 წლის 26 თებერვალს მანუტასში, აინარუს ოლქში, გლეხის ოჯახში. ეკუთვნის კუნძულზე მცხოვრები მეორე დიდი ეთნიკურ ჯგუფს მამბაის. მისი ფსევდონიმი „ლაზამა“ ითარგმნება როგორც „ადამიანი, რომლის განადგურებაც შეუძლებელია“. 12 წლის ასაკში მან პირადი ტრაგედია განიცადა. 1975 წლის დეკემბერში ინდონეზია შეიჭრა აღმოსავლეთ ტიმორში და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია. ინტერვენტებმა მისი ოჯახის 18 წევრი მოკლეს. სხვა მრავალი აღმოსავლეთ ტიმორელის მსგავსად, მას გარკვეული ხნით მოუწია მთებში დამალვა.

1985-1989 წლებში იგი სასწავლებლად გაემგზავრა კუნძულ ბალიზე მდებარე უდაიანის უნივერსიტეტში, სადაც დაეუფლა ლიტერატურას. აქვე მან 1988 წელს დააარსა აღმოსავლეთ ტიმორელი იმ სტუდენტების ორგანიზაცია, რომლებიც სწავლობდნენ ინდონეზიის უნივერსიტეტებში. სტუდენტების ძირითადი მოთხოვნა იყო აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობა. 1988-2000 წლებში იყო აღნიშნული ორგანიზაციის გენერალური მდივანი. 1991 წლის 24 ნოემბერს იგი დააპატიმრეს „სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიის“ ბრალდებით სანტა-კრუზეში ინდონეზიის ხელისუფლების მიერ განხორციელებული დახვრეტიდან 12 დღის შემდეგ არაძალადობრივი მიტინგის ორგანიზების გამო და მიუსაჯეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი მან ჯაკარტის განსაკუთრებული ზედამხედველობის ციხეში, Cipinang-ში, გაატარა. საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა მას სინდისის პატიმარი უწოდა[1]. 1992 წელს გაიმარჯვა და გადაეცა Reebok-ის ადამიანის უფლებათა ჯილდო[2].

1999 წელს გახდა ტიმორის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს წამყვანი წევრი, რომელმაც ორგანიზება გაუწია აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის წარმატებულ რეფერენდუმს. 1999 წლიდან 2001 წლამდე სწავლობდა მელბურნის უნივერსიტეტში.

გაეროს სამშვიდობო მისიის მიერ ორგანიზებულ გარდამავალ ადმინისტრაციაში ფერნანდუ დი არაუჟომ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2001 წელს აირჩის მის მიერვე შექმნილი აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ, რომელმაც ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში დაიკავა მეორე ადგილი და მიიღო ამომრჩეველთა ხმების 8,72 % და ეროვნულ პარლამენტში მიიღო 7 მანდაატი. 2006 წელს ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი არეულობის დროს აჯანყებულებმა დაწვეს პოლიტიკოსის სახლი.

ფერნანდუ დი არაუჟუმ დააარსა ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია Fundação Haburas, ყოველკვირეული ჟურნბალი Talitakum და ყოველკვირეული პარტიული გაზეთი PD Vox Populi.

2001 წელს დააარსა აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული პარტია, რომელიც გახდა პარტია რევოლუციური ფრონტი აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის (Fretilin) ალტერნატივა.

2007 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და 77 459 ხმით დაიკავა მესამე ადგილი (19,18 %). იგი არ დაეთანხმა საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ხმების დათლის საბლოო შედეგებს, განცხადება შეიტანა სასამართლოში, მაგრამ მისი მოტხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამავე წლის ივნისში აირჩიეს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარედ. ქვეყნის პრეზიდენტ ჟოზე რამუშ-ორტაზე თავდასხმის შემდეგ მისი მკურნალობის პერიოდში 2008 წლის 23 თებერვლიდან 17 აპრილამდე იყო ქვეყნის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი.

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 17,3 % ანუ 81 231 ხმა. ამავე წელს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგად კვლავ აირჩიეს დეპუტატად, ძალიან მალევე დანიშნეს პრემიერ-მინისტრის მოადგილედ და ქვეყნის ახალი მთავრობის სოციალური ბლოკის კოორდინატორად.

2015 წლის თებერვალში ფორმირებულ ახალ მთავრობაში დაიკავა სახელმწიფო მინისტრის, სოციალური საკითხებისა და განათლების მინისტრის თანამდებობა.

ფერნანდუ დი არაუჟუ გარდაიცვალა 52 წლის ასაკში, 2015 წლის 2 ივნისს ინსულტის შედეგად და დაკრძალეს მეტინაროს სამხედრო სასაფლაოზე. საუბრობდა ხუთ ენაზე. მშობლიური მამბაისა და ტეტუმის გარდა ფლობდა ბაჰასა ინდონეზიურს, პორტუგალიურსა და ინგლისურ ენებს. დაოჯახებული იყო წარმოშობით ფილიპინელ ჟაკლინ აკინო სიაპნოზე. მათ ჰყავდათ ერთი ბიჭი სახელად ჰადომი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Amnesty International. (1992) Fernando de Araujo: Prisoner of Conscience. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი 2020. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი 2019.
  2. Fireman, Paul. (2003) From the Pain Comes the Dream.