შინაარსზე გადასვლა

ფერნანდო ფიგეროა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერნანდო ფიგეროა
ესპ. Fernando Figueroa
დაბადების თარიღი 14 ივლისი, 1849(1849-07-14)
დაბადების ადგილი Ilobasco
გარდაცვალების თარიღი 16 ივნისი, 1919(1919-06-16) (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი სან-სალვადორი
მოქალაქეობა  სალვადორი

ფერნანდო ფიგეროა (დ. 4 მარტი, 1849 – გ. 16 ივნისი, 1919) — სალვადორელი პოლიტიკოსი და სამხედრო ოფიცერი, რომელიც სალვადორის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 1885 წელს და შემდგომ 1907-1911 წლებში. იგი ასევე იყო ომისა და საზღვაო ფლოტის მინისტრი და სან-ვისენტეს დეპარტამენტის გუბერნატორი.

ადრეული ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერნანდო ფიგეროა დაიბადა ილობასკოში, სალვადორში.[1] თინეიჯერობისას იგი სალვადორის არმიაში ჩაეწერა და მონაწილეობდა 1863 წლის ომში გვატემალის წინააღმდეგ, პრეზიდენტ ხერარდო ბარიოსის სარდლობით. ომის დროს, გამორჩეული სამსახურისა და მძიმე ჭრილობის მიუხედავად გამოჩენილი სიმამაცისთვის, ფიგეროას ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. ომის დასრულებისა და ხერარდო ბარიოსის დამხობის შემდეგ, პრეზიდენტმა ფრანსისკო დუენიასმა იგი კაპიტნად დააწინაურა. ფიგეროა მეთაურობდა სამთავრობო ჯარებს 1871 წლის ჰონდურას-სალვადორის ომში, რომელიც დუენიასის დამხობითა და მარშალ სანტიაგო გონსალესის მოსვლით დასრულდა.[2]

ფიგეროა მცირე ხნით დაითხოვეს არმიიდან, თუმცა იგი 1872 წელს დაბრუნდა, როდესაც სალვადორმა ჰონდურასთან ომი დაიწყო. იგი მონაწილეობდა ჰონდურასში შეჭრაში და ხელმძღვანელობდა სალვადორულ ძალებს საბანა-გრანდესა და სანტა-ბარბარას ბრძოლებში. საბანა-გრანდეს ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის მას ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 1873 წელს იგი კიდევ ერთ ომში მონაწილეობდა ჰონდურასის წინააღმდეგ, სადაც ჯარებს ამაპალას ბრძოლის დროს მეთაურობდა.[3]

1873 წელს პრეზიდენტმა გონსალესმა ფიგეროა სან-ვისენტეს დეპარტამენტის გუბერნატორად დანიშნა. 1876 წლისთვის მან გენერლის წოდება მიიღო. ფიგეროა კვლავ დაიჭრა ბრძოლაში 1876 წლის გვატემალა-სალვადორის ომის დროს, პასაკინასთან.[3] ამ კონფლიქტის შედეგად, გვატემალის პრეზიდენტმა ხუსტო რუფინო ბარიოსმა სალვადორის პრეზიდენტად რაფაელ სალდივარი დანიშნა.[4][5]

პირველი პრეზიდენტობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1885 წლის მაისში, დივიზიის გენერალმა ფრანსისკო მენენდესმა რევოლუცია წამოიწყო სალდივარის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ხუსტო რუფინო ბარიოსი სალვადორში შეჭრისას ბრძოლაში დაიღუპა. მენენდესის რევოლუციას მხარს უჭერდა გვატემალის ახალი მთავრობა.[4] სალდივარი 14 მაისს გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა, რის შემდეგაც ფიგეროამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაიკავა, რადგან იგი პრეზიდენტის მეორე დეზიგნატი (რიგით მესამე მემკვიდრე) იყო.[6] მან ასევე ითავა სალვადორის სამთავრობო ძალების უმაღლესი სარდლობა.[3]

ფიგეროას გაპრეზიდენტებისთანავე სალდივარის კაბინეტი გადადგა. ამის გამო, ფიგეროამ ახალი მინისტრები დანიშნა: რაფაელ აიალა — გენერალურ მინისტრად, ისიდრო პარედესი — შინაგან საქმეთა და საჯარო განათლების მინისტრად, ხოლო დომინგო ლოპესი — ფინანსთა და საზღვაო ფლოტის მინისტრად. პრეზიდენტის რანგში ფიგეროამ დააარსა დაჭრილთა დაცვის საზოგადოება, შემოიღო საყოველთაო სამხედრო გაწვევა და შეაჩერა სკოლებისა და სასამართლოების მშენებლობა.[1] 16 მაისს საკანონმდებლო ორგანომ მას დივიზიის გენერლის წოდება მიანიჭა.[7]

ფიგეროა შეეცადა მენენდესის რევოლუციის ჩახშობას, თუმცა ივნისში ძალადობის გაგრძელების გამო, იგი 18 ივნისს გადადგა და პრეზიდენტობა სენატორ ხოსე როსალესს, მესამე დეზიგნატს გადააბარა. ამის შემდეგ ფიგეროა სიცოცხლის შიშით სალვადორიდან გაიქცა.[1] საბოლოოდ, 22 ივნისს პრეზიდენტი მენენდესი გახდა,[8] რომელიც ქვეყანას 1890 წლის 22 ივნისამდე მართავდა, სანამ გენერალ კარლოს ეზეტას მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებას არ შეეწირა.[9]

პრეზიდენტობის შუალედური პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიგეროა სალვადორში 1891 წელს, ეზეტას ინაუგურაციის შემდეგ დაბრუნდა.[10][11] ეზეტამ იგი კვლავ სან-ვისენტეს გუბერნატორად დანიშნა.[10] 1900 წლის მარტში პრეზიდენტმა ტომას რეგალადომ ფიგეროა ომისა და საზღვაო ფლოტის მინისტრად დანიშნა.[12]

მეორე პრეზიდენტობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიგეროა 1907 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი იყო. არჩევნების შედეგები მის სასარგებლოდ წინასწარ იყო განსაზღვრული,[13] რადგან პრეზიდენტმა პედრო ხოსე ესკალონმა იგი პირადად შეარჩია თავის მემკვიდრედ.[14] ფიგეროამ ხმების 99.76% (152,053 ხმა) მიიღო.[15] მან ტანამდებობა 1907 წლის 1 მარტს დაიკავა.[16] მისი ვიცე-პრეზიდენტი მანუელ ენრიკე არაუხო გახდა.[1]

ფიგეროამ მინისტრთა კაბინეტი შემდეგნაირად დააკომპლექტა: ტომას გარსია პალომო — მმართველობის, განვითარებისა და საჯარო განათლების მინისტრად; რამონ გარსია გონსალესი — საგარეო ურთიერთობების, იუსტიციისა და ქველმოქმედების მინისტრად; ფედერიკო მეხია — ფინანსთა და საჯარო კრედიტების მინისტრად. თავად ფიგეროამ შეინარჩუნა ომისა და საზღვაო ფლოტის მინისტრის პორტფელი.[17]

რამდენიმე პოლიტიკოსი და სამხედრო ოფიცერი, გენერალ ლუის ალონსო ბარაონას მეთაურობით, ეწინააღმდეგებოდა ესკალონის გადაწყვეტილებას ფიგეროას მემკვიდრედ დანიშვნის შესახებ. ბარაონამ 1907 წლის არჩევნებში კენჭი იყარა ფიგეროას წინააღმდეგ, თუმცა იგი დააპატიმრეს, მისი მხარდამჭერები კი რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.[18] ბარაონა არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა მხოლოდ 222 ხმით (0.15%).[15] გენერალმა მანუელ რივასმა ფიგეროას წინააღმდეგ ამბოხება წამოიწყო, თუმცა ისიც ჩაახშეს.[18]

1907 წელს ჰონდურასი, ნიკარაგუა, სალვადორელი ამბოხებულები და ამერიკელი „ფილიბუსტერები“ შეიჭრნენ სალვადორში. ნიკარაგუის პრეზიდენტ ხოსე სანტოს სელაიას სურდა, რომ არჩევნებში პრუდენსიო ალფაროს გაემარჯვა,[19] რომელმაც რეალურად მხოლოდ 1 ხმა მიიღო.[15] ეს ინტერვენცია არღვევდა იმავე წელს გაფორმებულ ცენტრალური ამერიკის სამშვიდობო ხელშეკრულებას.[20] საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა,[21] ხოლო დეკემბერში აშშ-ის მედიაციით სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.[22]

ფიგეროას საპრეზიდენტო ვადა 1911 წლის 1 მარტს ამოიწურა. მისი მემკვიდრე გახდა არაუხო,[17] რომელმაც 1911 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.[23]

ფიგეროამ 1878 წელს ლუს როდრიგესზე იქორწინა. მათ ექვსი შვილი და ცხრა შვილიშვილი ეყოლათ, მათ შორის XX საუკუნის პოლიტიკოსი ფაბიო კასტილიო ფიგეროა.[1] ფიგეროას ერთ-ერთი ვაჟი დაქორწინდა გენერალ რაფაელ ანტონიო გუტიერესის (პრეზიდენტი 1894–1898 წლებში) ქალიშვილზე.[24] ფიგეროა პრაგმატული ლიბერალი იყო.[25]

იგი გარდაიცვალა სან-სალვადორში, 1919 წლის 16 ივნისს, 18:15 საათზე.[17]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]