ფერდინანდ I (ბულგარეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფერდინანდ I.
ფერდინანდ I
Фердинанд I
Zar Ferdinand Bulgarien.jpg
ბულგარეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 5 ოქტომბერი, 1908
მმართ. დასასრული: 3 ოქტომბერი, 1918
წინამორბედი: თავად, პრინცის ტიტულით
მემკვიდრე: ბორის III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 თებერვალი, 1861
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრიის იმპერია
გარდ. თარიღი: 10 სექტემბერი, 1948
გარდ. ადგილი: კობურგი, გერმანია
მეუღლე: მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელი
ელეონორა როის ცუ კოისტრიცი
შვილები: ბორის III
კირილი
ევდოქსია
ნადეჟდა
დინასტია: საქსენ-კობურგ-გოთა
მამა: პრინცი ავგუსტ საქსენ-კობურგელი
დედა: კლემენტინა ორლეანელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: BASA-600К-1-1860-1-Ferdinand I of Bulgaria, signature, 1889.jpg

ფერდინანდ I (ბულგ. Фердинанд I; დ. 26 თებერვალი, 1861 – გ. 10 სექტემბერი, 1948),[1] დაბადებისას ფერდინანდ მაქსიმილიან კარლ ლეოპოლდ მარია საქსენ-კობურგ-გოთელი, ბულგარეთის მესამე სამეფოს მეორე მონარქი. თავდაპირველად, 1887-1908 წლებში იგი ქვეყანას მართავდა როგორც პრინცი (კნიაზი), შემდეგ კი 1908 წლიდან 1918 წელს გადადგომამდე, როგორც - მეფე (ცარი). მისი მმართველობისას 1915 წელს, ბულგარეთი პირველ მსოფლიო ომში ცენტრალური ძალების მხარეს ჩაება.[2]

ოჯახური ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდი დაიბადა როგორც საქსენ-კობურგისა და გოთა-კოჰარის დინასტიების წარმომადგენელი პრინცი 1861 წლის 26 თებერვალს ვენაში. პრინცესა მარია ანტონია კოჰარი, რომლის ქალიშვილი და მემკვიდრეც ფერდინანდის პაპაზე, პრინც ფერდინანდ საქსენ-კობურგ-გოთელზე დაქორწინდა, უნგრელი დიდგვაროვანი იყო. ფერდინანდი პაპის კათოლიკური მრწამსის მიხედვით აღიზარდა და 27 თებერვალს ვენის წმინდა სტეფანის საკათედრო ტაძარში მოინათლა. მისი ნათლიები ერცჰერცოგი მაქსიმილიანი და მისი ცოლი, პრინცესა შარლოტი იყვნენ.[3] ფერდინანდი ავსტრია-უნგრეთის წარჩინებული დიდგვაროვნების კოსმოპოლიტურ გარემოცვასა და უნგრეთსა და გერმანიაში მდებარე მათი წინაპრების მიწებზე გაიზარდა. კოჰარის საგვარეულო უაღრესად მდიდარი წარჩინებული დიდგვაროვანი უნგრული ოჯახის შთამომავალი იყო, რომელსაც სხვებთან ერთად, სათავადო მიწები დღევანდელი სლოვაკეთის ტერიტორიაზე, ჩაბრადსა და სიტნოში ჰქონდა. ოჯახის ქონება გაზარდა კლემენტინა ორლეანელის საგრძნობმა მზითევმა.[4]

როგორც პრინც ავგუსტ საქსენ-კობურგელისა და მისი ცოლის, საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპის ქალიშვილის, კლემენტინა ორლეანელის ვაჟი, ფერდინანდი ერნესტ I-ის, საქსენ-კობურგისა გოთას ჰერცოგისა და ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ის ძმისშვილიშვილი იყო. მამამისი ავგუსტი პორტუგალიის მეფე ფერნანდუ II-ის ძმა იყო და აგრეთვე, დედოფალ ვიქტორიას, მისი ქმრისა და ლეოპოლდ II-ის ახლო ნათესავი იყო.

ბულგარეთის პრინცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წლის 20 მაისს, უინძორში, მეფე ედუარდ VII-ის დაკრძალვაზე აღბეჭდილი 9 მონარქი. დგანან, მარცხნიდან მარჯვნივ: ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII, ბულგარეთის მეფე ფერდინანდ I, პორტუგალიის მეფე მანუელ II, გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II, საბერძნეთის მეფე გეორგიოს I და ბელგიის მეფე ალბერტ I. სხედან, მარცხნიდან მარჯვნივ: ესპანეთის მეფე ალფონსო XIII, გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ V და დანიის მეფე ფრედერიკ VIII.

ბულგარეთის წინა პრინცი, ალექსანდრ ბატენბერგი 1886 წელს, არჩევიდან სულ რაღაც 7 წლის შემდეგ, პრო-რუსული გადატრიალების შედეგად გადააყენეს.[5] 1887 წლის 7 ივლისს, გრეგორიანული კალენდრით, ფერდინანდი, რომელიც ამ დროს ავსტრია-უნგრეთის არმიის ოფიცერი იყო, დიდმა ეროვნულმა ყრილობამ ბულგარეთის პრინცად აირჩია.[5] ფერდინანდის თანხმობამდე რუსეთის მიერ ბულგარეთის ოკუპაციის თავიდან აცილების თავგამოდებული მცდელობისას, ბულგარეთის ტახტი შესთავაზეს დანიისა და კავკასიის პრინცებსა და რუმინეთის მეფესაც კი.[6] რუსეთის მეფემ წამოაყენა ნიკო დადიანის კანდიდატურა, თუმცა მას ბულგარელებმა მხარი არ დაუჭირეს. ფერდინანდის არჩევას ევროპის მრავალ სამეფო ოჯახში უნდობლობითა და იმედგაცრუებით შეხვდნენ. დედოფალი ვიქტორია, რომელიც ფერდინანდის ნათესავი იყო, თავის პრემიერ-მინისტრს ეუბნებოდა, რომ „იგი სავსებით შეუფერებელია... სუსტი, ექსცენტრიული და ქალაჩუნა... ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეჩერდეს.“[7] თავისი ცილისმწამებლების გასაოცებლად, ფერდინანდმა თავისი მმართველობის პირველი ოცი წლის განმავლობაში ძირითადად დადებითი შეფასება დაიმსახურა.[7]

ფერდინანდის მმართველობის პირველი წლების განმავლობაში ბულგარეთის საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაში ლიბერალური პარტიის ლიდერი სტეფან სტამბოლოვი დომინირებდა, რომლის დამოუკიდებელმა საგარეო პოლიტიკამ ბულგარეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გააცივა, მაშინ, როდესაც მანამდე ეს უკანასკნელი ბულგარეთის პროტექტორად ითვლებოდა.

სტამბოლოვის დაცემამ (1894 წლის მაისი) და შემდეგ მკვლელობამ (1895 წლის ივლისი), რომელიც სავარაუდოდ ფერდინანდის მიერ იყო დაგეგმილი, გზა გაუხსნა რუსეთსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობის აღდგენას. აღნიშნულზე გავლენა მოახდინა 1896 წლის თებერვალში ფერდინანდის გადაწყვეტილებამ თავისი ახალშობილი ვაჟი, ბორისი კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაზე მოექცია. მისმა ამ ქმედებამ მისი კათოლიკე ავსტრიელი ნათესავებისა და განსაკუთრებით, მისი ბიძის, იმპერატორ ფრანც იოზეფის უკმაყოფილება გამოიწვია.

ბულგარეთის მეფე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წლის 5 ოქტომბერს (იდღესასწაულეს 22 სექტემბერს) ფერდინანდმა ოსმალეთის იმპერიისაგან ბულგარეთის დე იურე დამოუკიდებლობა გამოაცხადა (მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო ჯერ კიდევ 1878 წლიდან). მან აგრეთვე, სამეფოდ გამოაცხადა ბულგარეთი, თავად კი მიიღო ტიტული ცარი, რაც ძველი ბულგარული სახელმწიფოების მმართველთა მისამართით გაგზავნილი შეტყობინება იყო.[6] უნდა აღინიშნოს, რომ ბულგარეთის პირველი და მეორე იმპერიის დროს ტიტული ცარი „იმპერატორად“ ითარგმნებოდა, ფერდინანდისა და მისი მემკვიდრეები მმართველობისას იგი ითარგმნებოდა, როგორც „მეფე“.[8] ფერდინანდმა ტარნოვოს წმინდა ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესიაში გამოაცხადა ბულგარეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც აღიარეს თურქეთმა და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა.[6] ტარნოვოს კონსტიტუცია შენარჩუნდა, თუმცა სიტყვა „პრინცი“ „ცარით“ ჩანაცვლდა.

ფერდინანდი ცნობილი იყო თავისი ექსცენტრიული ხასიათით. 1909 წელს გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-თან სტუმრობისას, რომელიც მისი ნათესავი იყო, ფერდინანდი პოტსდამის სასახლის ფანჯარაზე იყო ჩამოყრდნობილი, როდესაც იმპერატორი მას უკნიდან მიუახლოვდა და სილა მოუტყაპუნა. ფერდინანდი შეურაცხყოფილი დარჩა ამგვარი ჟესტით, თუმცა კაიზერმა ქედმაღლურად განაცხადა უარი ბოდიშის მოხდაზე. ფერდინანდმა შური იმით იძია, რომ შეიარაღების მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომლის დადებასაც ესენის კრუპის ქარხანასთან აპირებდა, ფრანგ მეწარმეს, შნაიდერს დაუდო.[9] კიდევ ერთი ინციდნეტი მოხდა 1910 წელს, ფერდინანდის ნათესავის, გაერთიანებული სამეფოს მეფის, ედუარდ VII-ის დაკრძალვაზე გამგზავრებისას. ატყდა ჩხუბი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ყოფილიყო განთავსებული ფერდინანდისა და ავსტრიის ტახტის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის პირადი სამგზავრო ვაგონები მატარებლის შემადგენლობაში. ფრანც ფერდინანდმა მოახერხა და თავისი ვაგონი პირდაპირ ლოკომოტივის შემდეგ ჩააბმევინა, ხოლო ფერდინანდის ვაგონი მის შემდეგ განთავსდა. მას შემდეგ, რაც ფერდინანდმა გაიაზრა, რომ მისი ვაგონი ზუსტად სასადილო განყოფილების წინ აღმოჩნდა, ერცჰერცოგზე შური იმით იძია, რომ ეს უკანასკნელი თავისი ვაგონის გავლით სასადილო განყოფილებისაკენ არ გაატარა.[10] იმავე წლის 15 ივლისს ბელგიაში სტუმრობისას ფერდინანდი გახდა სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომელმაც თვითმფრინავით იფრინა.[11]

ბალკანეთის ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია: ბალკანეთის ომები.

თავისი მრავალი წინამორბედის მსგავსგად, ფერდინანდიც ესწრაფვოდა „ახალი ბიზანტიუმის“ შექმნას.[12] 1912 წელს ბულგარეთი სხვა ბალკანურ სახელმწიფოებს შეუერთდა ოსმალეთის იმპერიაზე თავდასასხმელად, რათა ამ უკანასკნელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები გაეთავისუფლებინათ. ფერდინანდი ამ ომს ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობად აღიქვამდა და მას უწოდა „ჯვრის სამართლიანი, დიდებული და წმინდა წინააღმდეგობა ნახევარმთვარის წინააღმდეგ.“[13] ბულგარეთმა ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ამ კამპანიაში და ყველაზე მეტი ჯარისკაციც დაკარგა. დიდი სახელმწიფოები დაჟინებით მოითხოვდნენ ალბანეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.[6] მიუხედავად იმისა, რომ ბალკანეთის კავშირის წევრებმა ბალკანეთის პირველ ომში მხარდამხარ იბრძოლეს საერთო მტრის წინააღმდეგ, ეს მაინც არ იყო საკმარისი მათი შიდა მეტოქეობის გადასაფარად. ბალკანეთის ლიგის თავდაპირველ დოკუმენტებში ბულგარეთი ზეწოლას ახდენდა სერბეთზე, რათა ამ უკანასკნელს თურქებისაგან გათავისუფლების შემდეგ ვარდარის მაკედონიის უმეტესი ნაწილი მისთვის გადაეცა. ამავდროულად, სერბეთმა იმის პასუხად, რომ ახლადშექმნილმა ალბანეთის სახელმწიფომ ჩრდილოეთში ის ტერიტორიები მიიღო, რომლებიც მას თავად უნდოდა, განაცხადა, რომ იგი თავისთვის დაიტოვებდა იმ ტერიტორიებს, რომელიც მის ძალებს ეკავათ. მალევე ბულგარეთმა წამოიწყო ბალკანეთის მეორე ომი, როდესაც იგი თავს დაესხა ყოფილ მოკავშირეებს, სერბეთსა და საბერძნეთს სადავო ტერიტორიების დაუფლების მიზნით, თუმცა სულ მალე თავადვე გახდა რუმინეთისა და ოსმალეთის თავდასხმის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი დამარცხდა, 1913 წლის ბუქარესტის ხელშეკრულებით მან გარკვეული ტერიტორიები მიიღო. მცირე დერეფანი, რომელიც ბულგარეთს ეგეოსის ზღვაზე გასასვლელს აძლევდა, ახლა უკვე უსაფრთხოდ იყო.[6]

პირველი მსოფლიო ომი და გადადგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორი ვილჰელმ II და ფერდინანდ I სოფიაში, 1916 წელი.

1915 წლის 11 ოქტომბერს, ავსტრია-უნგრეთსა და გერმანიასთან დადებული ხელშეკრულების შემდეგ, რომელშიც გაცხადებული იყო, რომ ბულგარეთი გააფართოვებდა საზღვრებს სერბეთის ხარჯზე, ბულგარეთის არმია თავს დაესხა სერბეთს. უნდა ითქვას, რომ ფერდინანდი არ იყო გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის ან ავსტრიის იმპერატორ ფრანც იოზეფის თაყვანისმცემელი. ავსტრიის მონარქს იგი მოიხსენიებდა როგორც „ეს იდიოტი, ეს ბებერი გამოჩერჩეტებული ფრანც იოზეფი.“[14]— მიუხედავად ამისა, მას სურდა ბულგარეთის ტერიტორიების გაზრდა ბალკანეთის ომებში განცდილი დამცირების შემდეგ. ამან უბიძგა მას ყოფილ მტერთან, ოსმალეთის იმპერიასთან კავშირისაკენაც. მისი ქვეყნის ცენტრალურ ძალებთან დაახლოვებამ იგი გერმანიის საომარი მიზნების მხარდამჭერად აქცია, რაც მოკავშირეთა მიერ დადებითად ნამდვილად არ ყოფილა შეფასებული. ინგლისელი პოეტისა და კრიტიკოსის ედმუნდ გოსის თქმით:

„ამ ომში, როდესაც მტრის რიგებში მრავალი ანგარიშგასაწევი, ავბედითი და გამაოგნებელი ფიგურა წარმოგვიდგა, მათგან ერთია და ალბათ ერთადერთიც, ჭეშმარიტად სასაცილო. ჩვენი დაძაბული განცდების სიცილით მოდუნების გული რომ გვქონდეს, ეს ამ ბილწი მოღალატე კობურგისკენ იქნებოდა მიმართული, თავისი მკვლელებით შევსებული მცველებითა და დაფარული ჯაჭვის პერანგით, მოცახცახე ხელებითა და მოხატული სახით. მსოფლიოს არასდროს უნახავს მასზე უარესი გარეწარი და ლამისაა კაიზერის მიმართ სიბრალულიც კი განვიცადოთ რომელიც გარმოებათა გამო იძულებული აღმოჩნდა თანაბარი პირობები შეეთანხმებინა ამ პარაზიტ მონარქთან.“

პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, ბულგარეთის სამეფომ მტრებზე რამდენიმე გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწია და სერბეთის დამარცხების შემდეგ მაკედონიის სადავო ტერიტორიებზე პრეტენზიებიც წარადგინა. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ბულგარული არმიის ყურადღება მეზობელი საბერძნეთიდან მოკავშირეთა შემოტევის უკუგდებაზე იყო მიპყრობილი. 1916 წელს ბულგარეთმა ნაწილობრივ მონაწილეობა მიიღო რუმინეთის დაპყრობაშიც, რომელსაც ფერდინანდის ნათესავი, კიდევ ერთი ფერდინანდ I მართავდა.

1918 წელს მრავალი სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ ბულგარეთის მონარქიის გადასარჩენად, მეფე ფერდინანდი საკუთრი უფროსი ვაჟის, ბორისის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა. მისი მემკვიდრე ბორის III-ის სახელით ავიდა ტახტზე 1918 წლის 3 ოქტომბერს.[15] ახალი მეფის ხელმძღვანელობით ბულგარეთი მოკავშირეებს დანებდა და შედეგად, დაკარგა როგორც ის დამატებითი ტერიტორიები, რომელთათვისაც ქვეყანამ მსოფლიო ომში იომა, არამედ ის ტერიტორიაც, რომელიც ბალკანეთის ომების შედეგად მოიპოვა და რომელიც ბულგარეთს ეგეოსის ზღვაზე აძლევდა გასასვლელს.[15]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდ I-ის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი პორტრეტი.

1893 წლის 20 აპრილს ფერდინანდი დაქორწინდა პარმის ჰერცოგ რობერტ I-სა და პრინცესა მარია პია ბურბონ-სიცილიელის ქალიშვილზე, მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელზე ლუკაში მდებარე ვილა პიანორეში. ქორწინების შედეგად წყვილს ოთხი შვილი ეყოლა:

მარია ლუიზა 1899 წლის 31 იანვარს უმცროს ქალიშვილზე მშობიარობისას გარდაიცვალა. ფერდინანდი ხელახლა დაქორწინებაზე 1907 წელს დედის, კლემენტინას გარდაცვალებამდე არ ფიქრობდა. დინასტიური ვალდებულებები შესრულებისა და შვილებისათვის დედის მიყვანის მიზნით, 1908 წლის 28 თებერვალს ფერდინანდი ხელახლა დაქორწინდა პრინცესა ელეონორა როის ცუ კოისტრიცზე.[16] ამ ქორწინებაში არც რომანტიკულ სიყვარულსა და არც ფიზიკურ ლტოლვას არანაირი როლი არ უთამაშია და ფერდინანდიც მეუღლეს ისევე ეპყრობოდა, როგორც სამეფო კარის რიგით წევრს. მის მიმართ არც განსაკუთრებულ პატივისცემას იჩენდა.[17]

პირად ურთიერთობებში ფერდინანდი ჰედონისტური პიროვნება იყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში ბისექსუალი შუა ასაკში გადაიხარა ქალებისაკენ.[18] იგი სიამოვნებით ერთვებოდა დაბალი წოდების ქალებთან ურთიერთობებში და მრავალი უკანონო შვილიც ჰყავდა, რომლებსაც იგი შემდეგ ფინანსურად ეხმარებოდა.[17] მისი სიცოცხლის გვიანდელ წლებში მრავალი ჭორი არსებობდა ფერდინანდის სასიყვარულო ურთიერთობებზე მის ლეიტენანტებსა და კამერდინერებთან. მისი რეგულარული დასვნებების შესახებ კუნძულ კაპრიზე მთელი ევროპის სამეფო კარებზე კარგად იყო ცნობილი.[18] 1895 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სტეფან სტამბოლოვის მიერ ფრანკფურტერ ცაიტუნგისათვის მიცემულმა ინტერვიუმ ცხრა დღიანი სკანდალი გამოიწვია მთელი ევროპის მასშტაბით, როდესაც იგი აცხადებდა, რომ პირადად შეესწრო ფერდინანდის ჰომოსექსუალურ ინტერესებს.[19]

გადასახლება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადადგომის შემდეგ ფერდინანდი საცხოვრებლად გერმანიაში, კობურგში დაბრუნდა. მან თავისი ქონების უმეტესი ნაწილის შენარჩუნება მოახერხა და კვლავაც შეეძლო გარკვეულ ფუფუნებაში ეცხოვრა.[20] იგი საკუთარ გადასახლებას უყურებდა როგორც მეფობის ერთ-ერთ რისკს.[20] მისი თქმით, „გადასახლებაში მყოფი მეფეები ბედის უკუღმართობის გამო უფრო მეტად ფილოსოფოსები არიან, ვიდრე ჩვეულებრივი ინდივიდები, თუმცა ჩვენი ფილოსოფია უპირველესად ტრადიციისა და საგვარეულო ხაზის შედეგია. ნუ დაივიწყებთ, რომ სიამაყე მონარქის შესაქმნელად მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ დაბადების დღიდან დისციპლინას გვაჩვევენ და გვასწავლიან რომ არ გამოვამჟღავნოთ ემოციების რაიმე გარეგნული ნიშანი. ნადიმებზე ჩვენთან ერთად ყოველთვის ზის ჩონჩხი. ის შეიძლება მკვლელობას ნიშნავდეს, შეიძლება — გადადგომას, თუმცა ყოველთვის ასრულებს მოულოდნელის შესახებ გაფრთხილების ფუნქციას. სწორედ ამიტომ ჩვენც მზად ვართ და კატასტროფად არაფერს აღვიქვამთ. ცხოვრებაში მთავარია ფიზიკურ თუ სულიერ გადასახლებას ღირსებით შევხვდეთ. თუკი დამწუხრებული ზიხარ სავახშმოდ, მაშ არც ის გჭირდება მსოფლიო მოიწვიო შენი ვახშმობის სანახავად.“[21] ფერდინანდი მოხარული იყო, რომ ბულგარეთის ტახტი მის შვილს გადაეცა და სულაც არ იყო უკმაყოფილო გადასახლებით. დროის უმეტეს ნაწილს იგი სახელოვნებო ღონისძიებებს, მებაღეობას, მოგზაურობასა და ბუნების ისტორიას უთმობდა.

მიუხედავად ამისა, ბულგარეთის ყოფილი მონარქი მოესწრო იმ ყველაფრის განადგურებას, რაც მისთვის ცხოვრებაში ძვირფასი იყო.[21] მისი უფროსი ვაჟი და მემკვიდრე, ბორის III გაურკვეველ გარემოებებში გარდაიცვალა 1943 წელს გერმანიაში ჰიტლერთან სტუმრობის შემდეგ დაბრუნებისას. ბორისის ვაჟი, სიმეონ II ხანმოკლე მმართველობის შემდეგ 1946 წელს დაამხეს და ბულგარეთის მონარქიასაც წერტილი დაესვა. ბულგარეთის სამეფოს ადგილას ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა გაჩნდა, რომელმაც ფერდინანდის კიდევ ერთი ვაჟი, კირილი სიკვდილით დასაჯა. ამ ამბის გაგებისას ფერდინანდმა თქვა „ყველაფერი იქცევა ჩემს ირგვლივ.“[22]

ფერდინანდი გარდაიცვალა როგორც გატეხილი კაცი 1948 წლის 10 სექტემბერს, კობურგში, საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის აკვანში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპის უკანასკნელი შვილიშვილი. მისი უკანასკნელი სურვილი იყო დაეკრძალათ ბულგარეთში, თუმცა ქვეყნის კომუნისტურმა ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, ამიტომაც იგი კობურგის წმინდა ავგუსტინის კათოლიკურ ეკლესიაში, საოჯახო აკლდამაში დაკრძალეს.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Louda, 1981, Lines of Succession, Table 149
  2. Stephen Constant, Foxy Ferdinand, 1861-1948, Tsar of Bulgaria (Sidgwick & Jackson, 1979).
  3. Archiv der Domkirche St. Stephan, Wien, Taufbuch 1860-1865
  4. Constant, Foxy Ferdinand, 1861-1948, Tsar of Bulgaria (1979).
  5. 5.0 5.1 Finestone, 1981, The Last Courts of Europe, p 227
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Louda, 1981, Lines of Succession, p 297
  7. 7.0 7.1 Aronson, 1986, Crowns In Conflict, p 83
  8. Tsar at Encyclopedia Britannica
  9. Aronson, 1986, Crowns In Conflict, pp 8–9
  10. Aronson, 1986, Crowns In Conflict, p 7
  11. King up in Aeroplane: Ferdinand of Bulgaria First Monarch to Do It – Sons Fly Also (Adobe Acrobat). New York Times website. New York Times (16 July 1910). ციტირების თარიღი: 2010-07-17.
  12. Aronson, 1986, Crowns In Conflict, p 86
  13. Aronson, 1986, Crowns In Conflict, p 87
  14. Aronson, 1986, Crowns In Conflict, p 126
  15. 15.0 15.1 Palmer, 1978, The Kaiser, p 206
  16. Aronson, p 85.
  17. 17.0 17.1 Stéphane Groueff, ‘’Crown of Thorns: The Reign of King Boris III of Bulgaria, 1918-1943’’, Madison Books, 1998.
  18. 18.0 18.1 Constant, Stephen Foxy Ferdinand, 1861–1948, Tsar of Bulgaria, Sidgwick and Jackson, 1979, pp. 96, 266.
  19. Perry, Duncan M. Stefan Stambolov and the Emergence of Modern Bulgaria: 1870-1895, Duke University, 1993, p216.
  20. 20.0 20.1 Aronson, 1986, Crowns In Conflict, p 201
  21. 21.0 21.1 Aronson, 1986, Crowns In Conflict, p 175
  22. Aronson, 1986, Crowns In Conflict, p 202
ფერდინანდ I (ბულგარეთი)
საქსენ-კობურგ-გოთას დინასტია
დაიბადა: 26 თებერვალი, 1861 გარდაიცვალა: 10 სექტემბერი, 1948
წინამორბედი:
ალექსანდრ ბატენბერგი
ბულგარეთის პრინცი
7 ივლისი, 1887 - 5 ოქტომბერი, 1908 წწ.
შემდეგი:
თავად, მეფის ტიტულით
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
თავად, პრინცის ტიტულით
ბულგარეთის მეფე
5 ოქტომბერი, 1908 - 3 ოქტომბერი, 1918 წწ.
შემდეგი:
ბორის III