ფეოდორა ლაინინგენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფეოდორა ლაინინგენელი
Princess Feodora of Hohenlohe-Langenburg by Sir William Ross.jpg
წოდებები
ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა
დაიბადა 7 დეკემბერი, 1807
მილტენბერგი, გერმანია
გარდაიცვალა 23 სექტემბერი, 1872, (64 წლის)
ბადენ-ბადენი, გერმანია
საგვარეულო ლაინინგენები
მეუღლე(ები) ერნესტ I, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის მთავარი
შვილ(ებ)ი ექვსი შვილი
მამა ემიხ კარლი, ლაინინგენის მთავარი
დედა ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი
რელიგია ლუთერანიზმი

ფეოდორა ლაინინგენელი (გერმ. Feodora zu Leiningen; დ. 7 დეკემბერი, 1807, მილტენბერგი, გერმანია — გ. 23 სექტემბერი, 1872, ბადენ-ბადენი, გერმანია) — გერმანელი არისტოკრატი. ლანინგენის მთავრის ასული, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის მთავრის მეუღლე. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას უფროსი ნახევარ-და, გერმანიის დედოფალ ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელის ბებია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეოდორა დაიბადა 1807 წლის 7 დეკემბერს ამორბახში, მილტენბერგის რაიონში. იგი იყო ლაინინგენის მთავარ ემიხ კარლისა და მისი მეუღლის, ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელის ქალიშვილი. 1814 წელს მამამისი გარდაიცვალა.

1818 წლის 29 მაისს დედამისი ცოლად გაჰყვა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის შუათანა ვაჟს, კენტის ჰერცოგ ედუარდ ავგუსტს. ამის გამო ფეოდორა დედასთან ერთად გადავიდა დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად. ამავე წელს დედამისი კვლავ დაფეხმძიმდა, თუმცა სანამ ბავშვს გააჩენდა მისი მეორე ქმარიც გარდაიცვალა.

1819 წელს, მეორე დაქვრივების შემდეგ ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელმა გოგონა გააჩინა, რომელსაც ვიქტორია დაარქვეს. ვინაიდან ვიქტორიას უფროსი ბიძები უშვილოები იყვნენ, იგი ტახტის მემკვიდრედ იქცა. აღსანიშნავია, რომ ფეოდორა და ვიქტორია ერთად ცხოვრობდნენ კენსინგტონის სასახლეში, სადაც დებს ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. როგორც ვიქტორიას აღმზრდელი, ბარონესა ლუიზა ლეჰცენი ამბობდა, ვიქტორიას ძალიან მოსწონდა ფეოდორა, რის გამოც „ლაპარაკობდა და იცვამდა მასსავით“.

1828 წლის დამდეგს კენსინგტონში შედგა ფეოდორასა და ჰოენლოჰ-ლანგენბურგის მთავარ ერნესტ I-ის ქორწინება. ამის შემდეგ ფეოდორამ დატოვა ბრიტანეთი, რის შემდეგაც უკან აღარ დაბრუნებულა. მან და ერნესტმა თაფლობის თვეცა და დარჩენილი ცხოვრებაც გერმანიაში გაატარეს. წყვილი ლანგენბურგის უზარმაზარ და არაკომფორტულ სასახლეში ცხოვრობდა. მას უწყვეტი ურთიერთობა ჰქონდა ვიქტორიასთან, რომელმაც თავის საყვარელ დას დასახმარებლად თვეში პენსიის სახით 300 ფუნტი სტერლინგი გამოუყო (2016 წლის კურსით 25,995 ფუნტი სტერლინგი). ამასთან, მას ყოველთვის ეპატიჟებოდა ბრიტანეთში, თუმცა სიდუხჭირის გამო ფეოდორა ვიქტორიას ქორწილსაც კი ვერ დაესწრო.

1872 წელს ფეოდორას ქალიშვილი ფეოდორა ტიფით გარდაიცვალა, რამაც იმდენად საშინელი გავლენა იქონია მოხუც ფეოდორაზე, რომ იგი ამავე წელს, სულ რამდენიმე თვეში, 23 სექტემბერს გარდაიცვალა ბადენ-ბადენში, 64 წლის ასაკში, სადაც იგი გამოსაჯანმრთელებლად იყო წასული. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დედოფალმა ვიქტორიამ ასეთი რამ განაცხადა:

ვიკიციტატა
„შემიძლია ამის დაწერა? ჩემი ძვირფასი, ერთადერთი და, ჩემი საყვარელი და შესანიშნავი, კეთილშობილი ფეოდორა აღარ არის! იგი განისვენებს, სიმშვიდეშია ამ დილის 2 საათიდან. რა მტკივნეული დანაკარგია! ძვირფასი და უძვირფასესი და, რომელზეც ვიმედოვნებდი, რომ წავიდოდი და ვნახავდი! კეთილმა დედოფალმა ავგუსტამ ტელეგრაფით მამცნო ეს ამბავი, თავისი მგრძნობიარე მანერით, რომელიც მე მხოლოდ აბერგელდიდან დაბრუნების შემდეგ მივიღე, სადაც ბერტისთან შესახვედრად ვიყავი წასული. ეს უნდა ყოფილიყო და დანარჩენებისათვის არის კიდეც სიხარულისა და ბედნიერების დღე ბერტის გამოჯანმრთელების გამო, მეც აქ ვარ, მწუხარებით აღსავსე, და ვესალმები ყველას. ღვთის ნება აღსრულდა, თუმცა ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული დანაკარგია! ახლა მარტო ვდგავარ, ჩემს ძვირფას დასთან ახლოს არ ვარ, ვისი ნახვაც ჩემეძლო, მაგრამ დაგვტოვა! ყველა, ყველა წავიდა! როგორი კარგი და ბრძენი იყო ფეოდორა, როგორი მართლმორწმუნე და რელიგიური. ის იმ სამყაროშია წასული, რომელიც მისთვის უფრო შესაფერისია, აქ კი უბრალოდ სძინავს. როგორი დალოცვილი დასასრულია! მაგრამ რამხელა დანაკარგია მათთვის, ვინც აქ დატოვა! ის იყო ჩემი ბოლო ახლო ნათესავი, რომელიც მიყვარდა, ბოლო კავშირი ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობასთან.

— დედოფალ ვიქტორიას დღიურებიდან (23 სექტემბერი, 1872).“

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კარლ ლუდვიგ II (1829-1907), ჰოენლოჰ-ლანგენბურგის მთავარი. ცოლად შეირთო მარია თეოდორა გრათუოი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  2. ელიზა (1830-1850), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  3. ჰერმანი (1832-1913), ჰოენლოჰ-ლანგენბურგის მთავარი. ცოლად შეირთო ლეოპოლდინა ბადენელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  4. ვიქტორი (1833-1891), ცოლად შეირთო ლედი ლაურა სეიმური, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  5. ადელჰაიდი (1835-1900), ცოლად გაჰყვა შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგ ფრედერიკ VIII-ს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის გერმანიის უკანასკნელი დედოფალი ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი;
  6. ფეოდორა (1839-1872), ცოლად გაჰყვა საქსენ-მაინინგენის ჰერცოგ გეორგ II-ს, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი;

მედიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელს გამოვიდა ბრიტანული სერიალი სახელად „ვიქტორია“, რომელიდ დედოფალ ვიქტორიას ახალგაზრდობის წლებზეა. ამ სერიალის მესამე სეზონში ჩანს ფეოდორაც, რომლის როლსაც ქეით ფლითვუდი ასრულებს. აქ ფეოდორა ბოროტი, ეჭვიანი, ღარიბი, ინტრიგანი და ამბიციური დის როლშია გამოყვანილი, რომელიც ლანგენბურგის სიღარიბეს გაექცა და ვიქტორიასთან ცხოვრობს, სადაც ცდილობს დედოფლისა და პრინცი ალბერტის ურთიერთობის არევას. რეალურად ასეთი რამ ისტორიაში არ მომხდარა და ეს მხოლოდ რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gill, Gillian (2009). We Two: Victoria and Albert: Rulers, Partners, Rivals. New York: Ballatine Books. ISBN 0-345-52001-7.
  • Hibbert, Christopher (2000). Queen Victoria: A Personal History. London: HarperCollins. ISBN 0-00-638843-4.
  • Pakula, Hannah (1997). An Uncommon Woman: The Empress Frederick, Daughter of Queen Victoria, Wife of the Crown Prince of Prussia, Mother of Kaiser Wilhelm. New York: Simon and Schuster Inc. ISBN 0-684-84216-5.
  • Vallone, Lynne (2001). Becoming Victoria. Yale University Press. ISBN 0-300-08950-3.