შინაარსზე გადასვლა

ფენის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფენის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Feni Islands

ფენის კუნძულების ტოპოგრაფიული რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 4°05′00″S 153°42′00″E / 4.083333° ს. გ. 153.7° ა. გ. / -4.083333; 153.7
კუნძულთა რაოდენობა 2
მთავარი კუნძული ამბაიტლი
ფართობი 110 კმ²
უმაღლესი წერტილი 450 მ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი აილენდსი
პროვინცია ახალი ირლანდია

ფენის კუნძულები (ინგლ. Feni Islands), ზოგჯერ ანირის კუნძულები (ინგლ. Anir Islands) — არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. კუნძულოვანი რკალის ნაწილია, რომელიც გადაჭიმულია კუნძულ ახალი ირლანდიის სანაპიროდან 600 კმ-ზე. ადმინისტრაციულად ეკუთვნის რეგიონ აილენდსის პროვინცია ახალ ირლანდიას.

ფენის კუნძულები მდებარეობს 150 კმ-ში დასავლეთით კუნძულ ახალი ირლანდიის სამხრეთი ნაწილიდან[1]. კუნძულები რკალ ტაბარილიჰირი — ტანგა — ფენის ნაწილია. კუნძულები შედგება ორი მომცრო კუნძულისაგან: ამბაიტლი (ჯგუფის მთავარი კუნძული, მისი ფართობია 87 კმ² და მდებარეობს სამხრეთით) და ბაბასე (მისი ფართობია 23 კმ², მდებარეობს ჩრდილოეთით). კუნძულებს ერთმანეთისგან ჰყოფს ვიწრო სრუტე — სალატი (სიგანით დაახლოებით 100 მ).

კუნძულებს აქვს ვულკანური წარმოშობა. კუნძული ამბაიტლი წარმოადგენს პლეისტოცენ-პლიოცენურ სტრატოვულკან ამბაიტლს ცენტრალური კალდერით დაახლოებით 3 კმ-იანი დიამეტრით. ბოლო ამოფრქვევა მოხდა დაახლოებით 350 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე არსებობს გეოთერმული წყაროები[2][3]. კუნძული ბაბასე წარმოადგენს ადრეპლეისტოცენურ ვულკანს (ასაკით დაახლოებით 1,5 მილიონი წელი), რომელიც ჩამოყალიბებულია ოლივინური ბაზალტებით. არქიპელაგს აქვს საკმაოდ განვითარებული ჰიდროგრაფიული ქსელი მცირე მდინარეებისგან და წყაროებისგან. არქიპელაგის დიდი ნაწილი დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით.

ფენის კუნძულები, 1616 წელს აღმოაჩინეს ნიდერლანდელმა მოგზაურებმა იაკობ ლემერმა და ვილემ სხაუტენმა.[4] 1885 წელს არქიპელაგი გახდა გერმანიის კოლონიის ნაწილი ოკეანეთში, ხოლო 1899 წლიდან კუნძულები ადმინისტრაციულად შეუერთდა გერმანიის ახალ გვინეას. 1914 წელს ფენის კუნძულები დაიკავა ავსტრალიის ჯარებმა. ხოლო პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კუნძულები მმართველობაში გადაეცა ავსტრალიას. 1975 წლიდან ფენის კუნძულები დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის წევრია.

2003 წელს კომპანია Vangold Resources Ltd-ის მონაცემებით კუნძულების მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 1500 — 2000 ადამიანს[5].

ლიჰირის კუნძულებთან გეოლოგიური აგებულების მსგავსების გამო კუნძულებზე ვარაუდობენ ოქროს საბადოების არსებობას. პირველი გეოლოგიურ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარდა 1998—1999 წლებში. 2003 წლის მონაცემებით კუნძულ ამბაიტლის ცენტრალურ კალდერაში ოქროს შემცველობა შეადგენს 2,36 — 86 გრამს/ტონაში[5].

  1. Feni Islands. www.oceandots.com. ციტირების თარიღი: 10 აპრილი 2010.
  2. Ambitle. Smithsonian Institution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 10 აპრილი 2010.
  3. Ambitle Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 10 აპრილი 2010.
  4. John Cawte Beaglehole, The exploration of the Pacific, Stanford University Press, 1966, ISBN 0804703108.
  5. 5.0 5.1 TECHNICAL REPORT ON THE GOLD POTENTIAL AT THE FENI ISLANDS, NEW IRELAND PROVINCE, PAPUA NEW GUINEA. BEHRE DOLBEAR & COMPANY, INC.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-08. ციტირების თარიღი: 10 აპრილი 2010.