შინაარსზე გადასვლა

ფელიქს მანცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფელიქს მანცი
გერმ. Felix Manz
დაბადების თარიღი არაუადრეს 1498 და არაუგვიანეს 1500
დაბადების ადგილი ციურიხი
გარდაცვალების თარიღი 5 იანვარი, 1527(1527-01-05)
გარდაცვალების ადგილი ციურიხი
საქმიანობა ჰიმნების შემქმნელი
მოქალაქეობა  შვეიცარია

ფელიქს მანცი ციურიხი(დ. დაახლ. 1498 — გ. 5 იანვარი, 1527) — ანაბაპტისტი, შვეიცარიული ბრეთრენის პირველი კონგრეგაციის თანადამფუძნებელი ციურიხში და რადიკალური რეფორმაციის ადრეული წამებული.

მანცი დაიბადა და გარდაიცვალა ციურიხში, ძველ შვეიცარიულ კონფედერაციაში, სადაც მისი მამა გროსმიუნსტერის ეკლესიის კანონიკი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი განათლების შესახებ ცნობები მწირია, არსებობს მტკიცებულება, რომ მას ჰქონდა ლიბერალური განათლება, ებრაული, ბერძნული და ლათინური ენების საფუძვლიანი ცოდნით. მანცი გახდა ულრიხ ცვინგლის მიმდევარი მას შემდეგ, რაც იგი 1519 წელს ციურიხში ჩავიდა. 1521 წელს კონრად გრებელი შეუერთდა ჯგუფს და მანცს დაუმეგობრდა. მათ ეჭვქვეშ დააყენეს მესა, ეკლესიისა და სახელმწიფოს კავშირების ბუნება და ბავშვთა ნათლობა. 1523 წელს ციურიხის მეორე დისპუტაციის შემდეგ, ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ცვინგლის რეფორმების გეგმები საქალაქო საბჭოსთან კომპრომისის შედეგად შეიცვალა.

გრებელმა, მანცმა და სხვებმა რამდენჯერმე სცადეს თავიანთი პოზიციის დაცვა. რამდენიმე მშობელმა უარი თქვა შვილების მონათვლაზე. 1525 წლის 17 იანვარს გაიმართა საჯარო დისპუტაცია ცვინგლისთან. საბჭომ ცვინგლი გამარჯვებულად გამოაცხადა.

18 იანვარს საქალაქო საბჭოს მიერ საბოლოო უარის შემდეგ, რომლითაც მათ უბრძანეს შეეწყვიტათ კამათი და დამორჩილებოდნენ საბჭოს გადაწყვეტილებას და რვა დღის ვადაში მოენათლათ თავიანთი შვილები, 21 იანვარს შეიკრიბნენ ფელიქს მანცისა და მისი დედის სახლში. კონრად გრებელმა მონათლა გეორგ ბლაუროკი და ბლაუროკმა თავის მხრივ მონათლა სხვები. ამით საბოლოოდ გაწყდა კავშირი ცვინგლისთან და საბჭოსთან და ჩამოყალიბდა რადიკალური რეფორმაციის პირველი ეკლესია. მოძრაობა სწრაფად გავრცელდა და მანცი ძალიან აქტიურად იყო მასში ჩართული. ის იყენებდა ენების ცოდნას და ტექსტს უთარგმნიდა ხალხს, ენთუზიაზმით მუშაობდა როგორც მქადაგებელი. 1525-1527 წლების პერიოდში მანცი რამდენჯერმე დააპატიმრეს. გეორგ ბლაუროკთან ერთად გრიუნინგენის რეგიონში ქადაგებისას ისინი მოულოდნელად დააპატიმრეს და ციურიხის ველენბურგის ციხეში ჩასვეს.

1526 წლის 7 მარტს ციურიხის საბჭომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ზრდასრულთა ხელახალი მონათვლა წყალში დახრჩობით ისჯებოდა. 1527 წლის 5 იანვარს ფელიქს მანცი გახდა ამ ბრძანების პირველი მსხვერპლი და პირველი შვეიცარიელი ანაბაპტისტი, რომელიც მაგისტრატი პროტესტანტების ხელით ეწამა. მაშინ როცა მანცი აცხადებდა, რომ სურდა

ვიკიციტატა
„შეეკრიბა ისინი, ვინც მზად იყო მიეღო ქრისტე, დამორჩილებოდა სიტყვას და მიჰყოლოდა მის კვალს, გაერთიანებულიყო მათთან ნათლობით და დაეცვა დანარჩენები მათ ამჟამინდელ რწმენაში“

ცვინგლი და საბჭო მას ადანაშაულებდნენ, რომ ჯიუტად უარს ამბობდა „უკან დაეხია თავისი შეცდომისა და ახირებისგან“. საღამოს 3 საათზე ველენბურგის ციხიდან ნავისკენ წაიყვანეს და ციურიხის ტბაში დაახრჩვეს. ციურიხის მთავრობამ ქონება ჩამოართვა და წმინდა იაკობის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანცის სიკვდილით დასჯა წინ უსწრებდა მიუნსტერის აჯანყებას, რომელიც ოფიციალურად 1534 წელს დაიწყო.

  • A History of the Baptists, by Thomas Armitage ISBN 1-57978-353-8
  • Leben und Sterben des Zürcher Täuferführers, Felix Mantz, by Ekkehard Trajewski (Estep and others call this the "definitive work" on Felix Manz.)
  • "Anabaptists", in The Mennonite Encyclopedia, Harold S. Bender, Cornelius J. Dyck, Dennis D. Martin, Henry C. Smith, et al., editors, (Brethren Publishing House, 1955) ISBN 0-8361-1018-8
  • The Anabaptist Story, by William R. Estep ISBN 0-8028-1594-4
  • The Anabaptist Vision, by Harold S. Bender ISBN 0-8361-1305-5
  • Martyrs Mirror|The Bloody Theater or Martyrs Mirror, by Thieleman J. van Braght ISBN 0-8361-1390-X
  • The Reformers and their Stepchildren, by Leonard Verduin ISBN 1-57978-934-X

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: