ფარცხისის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარცხისის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება X-XII საუკუნეებით
ფარცხისის ციხე — საქართველო
ფარცხისის ციხე

ფარცხისის ციხე — ციხესიმაგრე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს მაღალ გორაკზე. ფარცხისის აგების შესახებ ცნობა არ მოიპოვება. მართალია, იგი მატიანეთა ფურცლებზე მხოლოდ ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) მეფობის დროიდან იხსენიება, მაგრამ იგი გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს აგებული.

ციხის ამგებთათვის, როგორც ეტყობა, მისი მიუდგომლობა არ იყო განმსაზღვრელი, არამედ მთავარი იყო სტრატეგიულად შერჩეული ადგილი. ციხე ქვემო ქართლის ერთ-ერთ მაგისტრალურ გზაზე მდებარეობდა. აქედან კარგად მოჩანდა ისეთი სახელგანთქმული ციხეები, როგორიცაა ბირთვისი, ორბეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთით კოჯრის მიდამოებიც. ციხე ნანგრევებადაა ქცეული და მხოლოდ აქა-იქ შერჩენილია კედლები. გათხრების ჩატარებამდე გეგმაც არ იკითხება მთლიანად. ციხეს გრძელი გეგმა ჰქონია, ბოლოებში მომრგვალებით. როგორც ეტყობა, ციხე ორ ნაწილისაგან შედგებოდა. ცენტრალური ნაწილი მთელ სიგრძეზე მოკავებული ჰქონდა ციტადელს, ხოლო მის ირგვლივ, თითქმის კონცენტრულად, გადიოდა გალავანი, რომელთა კვალი ამჟამად მხოლოდ დასავლეთით და ჩრდილოეთი ჩანს. ციხის გარე კედლებში შესასვლელი არ ჩანს, ხოლო ზედაში ჩრდილოეთითაა. ჭიშკარი განიერია და თაღით ყოფილა გადახურული. განსხვავებით სხვა მონაკვეთებისაგან აქ აგურია გამოყენებული და რესტავრაციის აშკარა კვალს ატარებს. ციხის ძველი კედლები კი ამოყვანილია რიყისა და ყორე ქვით. ზოგან ზედა ფენებში თლილი ქვაცაა ნახმარი. ციტადელის დასავლეთის მონაკვეთი გამოყოფილი ყოფილა. ეს მონაკვეთი ორმაგი კედლებითაა შემოზღუდული. საკოჭავების მიხედვით სამი თუ ოთხსათულიანი დიდი ზომის კოშკი უნდა ყოფილიყო. ჭიშკრის აღმოსავლეთით პატარა სათავსოა, საიდანაც იწყება გვირაბი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. X, თბ., 1986 წ.
  • ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები, თბ., 2001 წ.
  • ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002 წ.