ფაროფამიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაროფამიზი
საფედქოჰი
საფედქოჰი
კოორდინატები: 34°02′18″ ჩ. გ. 69°54′09″ ა. გ. / 34.03833° ჩ. გ. 69.90250° ა. გ. / 34.03833; 69.90250
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
უმაღლესი წერტილი სიქარამი
სიმაღლე 4755 
სიგრძე 600 კმ
სიგანე 250 კმ
ფაროფამიზი — ავღანეთი
ფაროფამიზი

ფაროფამიზი — მთათა სისტემა დასავლეთ აზიაში, ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (ჩრდილოეთი მთისწინეთი ბადხიზი და ყარაბილი ნაწილობრივ თურქმენეთის ტერიტორიაზეა). შედის ირანის მთიანეთის ჩრდილო განაპირა მთების შემადგენლობაში. სიგრძე დაახლოებით 600 კმ, სიგანე 250 კმ-მდე.

ქედების გაბატონებული სიმაღლეები 3000-3500 მ აღწევს. მაქსიმალური სიმაღლეა 4755 მ (მთა სიქარამი). ჩრდილოეთი მთისწინეთი დაფარულია ტყით, გადადის სამხრეთით საფეხურისებრ დაბალ- და საშუალომთიანეთში. ფაროფამიზი შედგება სუბგანედურად განლაგებული ქედებისაგან: საფედქოჰი (4755 მ), ბანდი-თურქესტანი (სიმაღლე 3530 მ) და სიაჰქოჰი (3314 მ), რომლებიც გაყოფილია მდინარეების ჰარირუდისა და მურღაბის ზემო დინებათა ხეობებით.

კლიმატი სუბტროპიკულია, კონტინენტური; ხეობებში ივლისის ტემპერატურა უდრის 24-30 °С,-ს, იანვარში 0-8 °С-ს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა მთისწინეთში 100-200 მმ, ხოლო მთებში 350 მმ და მეტი; მაქსიმალური ზამთარსა და გაზაფხულზეა. ფაროფამიზი უმეტესწილად აგებულია კირქვებითა და ფიქლებით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით ძირითადად გრანიტებითა და გნაისებით. ფართოდ არის გავრცელებული ნაყარები. ფაროფამიზის ჩრდილოეთი ნაწილის მთისწინეთი უკავია ისლიან-მარცვლოვან უდაბნოებს, რომლებიც სიმაღლესთან ერთად ბალიშა ბუჩქნარებისა და ღვიის მეჩხერი რაყების მონაცვლეობით შერეულია ნახევარუდაბნოებსა და სტეპებთან. გვხვდება ალპური მდელოების ლაქები; სამხრეთ კალთებზე გაბატონებულია ეფემერული უდაბნოები.

ფაროფამიზის ინდოეთის მუსონების გავლენის ქვეშ მყოფი სამხრეთი ნაწილები ადგილ-ადგილ დაფარულია ფოთოლმცვივანი ტყით სამხრეთ კალთებზე და წიწვოვანი ნაძვნარ-სოჭნარით ჩრდილოეთ კალთებზე; 2700 მ ზემოთ ჭარბობს ღვიის მეჩხერი ტყე, 4300 მ ზემოთ გაბატონებულია ალპური მდელო.

ტყე დიდწილად გაკაფულია, ალაგ-ალაგ გვხვდება ფსტის მეჩხერი ტყე, ჩრდილოეთ კალთებზე ფართოფოთლოვანი ტყის ნაკვეთები. ამუშავებენ ხორბალს, სუბტროპიკულ და ბოსტნეულ კულტურებს. მთებში მისდევენ მომთაბარე მესაქონლეობას. მთათაშუა ხეობებში არის ოაზისები, რომელთაგან უდიდესია ჰარირუდის ხეობაში არსებული ჰერათის ოაზისი, საიდანაც მორწყვისას მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების 2 მოსავალი წელიწადში.

ფაროფამიზი, „პარაპანისის“ ფორმით პირველად მოიხსენიება ძვ. წ. V საუკუნის ძველბერძნულ თხზულებაში. ფაროფამიზის ჩრდილოეთით აგრეთვე არსებობდა ძველი ისტორიული ოლქი ბაქტრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]