შინაარსზე გადასვლა

ფარნეზეს ვილა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილა ფარნეზე

ფარნეზეს ვილა (იტალ.  Villa Farnese) ― ხუთკუთხა სასახლე ვიტერბოს პროვინციაში, რომის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. ეკუთვნის ფარნეზეს საგვარეულოს. ვილა ასევე ცნობილია, როგორც ვილა კაპრაროლა.

ფარნეზეს ვილა არის მასიური, რენესანსის სტილში აგებული კონსტრუქცია, რომელიც გარშემორტყმულია ტყით დაფარული ბორცვებით. ნაგებია მოწითალო ოქროს ქვით. აქვს რამდენიმე საყრდენი, რომელიც ამაგრებს ზედა სართულებს. ის ყოველთვის იყო ფარნეზეს საგვარეულოს ძალაუფლების გამოხატულება და არა სასოფლო-სამეურნეო ან რეკრეაციული ტერიტორია.

1504 წელს კარდინალმა ალესანდრო ფარნეზემ (მომავალში პაპმა პავლე III-მ), შეიძინა ქონება კაპრაოლაში. მას ამ ტერიტორიაზე ასაშენებელი ნაგებობების დიზაინის იდეები მიაწოდეს  არქიტექტორებმა ანტონიო და სანგალო უმცროსებმა და ბალდასარე პერუზიმ[1]. პერუზის ნახაზებმა დროს გაუძლო და დღემდე არსებობს. მათში ნაჩვენებია ხუთკუთხა შენობა, რომლის კონსტრუქციის მიზანიც იყო, თითოეული მხრიდან ისრის სროლა ყოფილიყო შესაძლებელი, რაც მტერზე დიდ უპირატესობას წარმოადგენდა. პერუზის გეგმაზე ასევე ნაჩვენებია შიდა ხუთკუთხა ეზო და იმავე ფორმის ციხე-სიმაგრის საძირკველი, რომელიც აშენდა სავარაუდოდ 1515-1530[2] წლებში და გახდა ბაზა, რაზეც დგას დღევანდელი ვილა. ასე რომ, ვილის უცნაური ფორმა წინასწარ იყო განსაზღვრული.

ამის შემდეგ, კარდინალი, რომელიც ცნობილი იყო ოჯახის ინტერესების პირველ პლანზე დაყენებით, გეგმავდა ამ ნაწილობრივ აშენებული ციხესიმაგრის აგარაკად გადაქცევას. 1556 წელს მან დაავალა ჯაკომო ბაროზისა და ვინიოლას, მისი ოჯახის არქიტექტორს[3], სამშენებლო სამუშაოები დაიწყოთ. 1559 წელს ვინიოლამ დაიწყო მუშაობა ვილაზე და ამ პროექტის სრულყოფილად დასრულებაზე ზრუნავდა გარდაცვალებამდე, ანუ 1573 წლამდე[4].

სპირალური კიბე

ვილა არის რენესანსის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. გარე ფასადზე უხვადაა ორნამენტები პროპორციისა და ჰარმონიის მისაღწევად. ვილა მის გარშემო არსებულ შენობებთან შედარებით დომინანტური წერტილია. სასახლეს ეტყობა ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდობაში ვინიოლა, მისი არქიტექტორი, მიქელანჯელოს დიდი გავლენის ქვეშ იყო. ვილისათვის მისი მთავარი დიზაინი ხუთკუთხა შენობა გახლდათ, რომელიც აგებული იყო წრიული ეზოს გარშემო[5].

ვილის ხუთივე სართულს მდიდრული ინტერიერი აქვს, ყველა ოთახს კი საკუთარი ფუნქცია გააჩნდა. მთავარი ოთახები განლაგებულია პირველ სართულზე, საიდანაც კარგად ჩანს ხედი და ვილის მიმდებარე ქალაქი. მისი მთავარი დარბაზი ცნობილია როგორც ჰერკულესის ოთახი მისი ფრესკული დეკორაციების გამო[6] და წარსულში გამოიყენებოდა საზაფხულო სასადილო დარბაზად. მას აქვს სკულპტურით გაფორმებული შადრევანიც. მთავარი დარბაზის ორივე მხარეს არის ორი წრიული ოთახი: ერთი არის სამლოცველო, მეორეში განთავსებულია სპირალური კიბე.

სეზონური რეზიდენციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე ორ ნაწილად იყოფა, ერთი ზამთრის რეზიდენციაა, ხოლო მეორე ზაფხულის. ზამთრის მხარეს ზაფხულთან შედარებით შენელებული ცხოვრების სტილით ცხოვრობდნენ. ეს მხარეები დაკავშირებული იყო ხიდით.

ზამთრის მხარის საგანძურს შორის არის ცნობილი "მსოფლიო რუკის ოთახი" ან „Sala del Mappamondo“, რომელიც აჩვენებს მთელ სამყაროს 1574 წლის მონაცემებით. ეს იყო თარიღი, როდესაც ფრესკების ხატვა დასრულდა. ჭერზე გამოსახულია ციური სხეულები და ზოდიაქოს ნიშნები.

ბაღის ბილიკი

ვილის ბაღები ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც თავად შენობა. ვილის ხუთკუთხა განლაგების ორი კედელი გორაკზე ხელოვნურად აყვანილი ბაღით სრულდება. თითოეულ ბაღს თხრილზე გადასასვლელი ხიდი და საკუთარი შადრევანი აქვს. ოდესღაც აქ იყო პატარა თეატრი და კაზინო.

ვილის კაზინო აშენდა ჯაკომო დელ დუკას დიზაინზით, მოგვიანებით კი არქიტექტორმა ჯიროლამო რაინალდიმ შეცვალა. ბორცვზე ადის მოხატულ კედლებთან მოთავსებული კიბეები, მათ გვერდით კი წყალი მიედინება და ჩადის ქვის აუზში. კიბეების ზემოთ მდებარე ოვალურ სივრცეში, ვაზის შადრევანის მარჯვენა და მარცხენა მხარეს არის განთავსებული ორი მდინარის ღმერთის დიდი ქანდაკება. კაზინოს ეზოს აქვს ვარდებისა და კვიპაროზების ბაღიც.

ალესანდრო ფარნეზე გარდაიცვალა 1589 წელს, ანდერძით მისი მამულები ფერნეზის გვარის ჰერცოგებს დარჩათ. კარდინალის ზღაპრული კოლექცია საბოლოოდ გადაეცა ჩარლზ III-ს. მე-19 საუკუნეში ვილა გარკვეული ხნით იქცა ახლად გაერთიანებული იტალიის ტახტის მემკვიდრის რეზიდენციად.

ვილის ბაღების რენესანსულმა ელემენტებმა გავლენა მოახდინა მე-19 და მე-20 საუკუნეების ბევრ ბოტანიკურ დიზაინერზე, როგორებიც იყვნენ ბეატრიქს ფარანი, ა.ე. ჰანსონი და ფლორენს იოხი.

ვილა ფარნეზე მოგვიანებით ვაშინგტონში აშენებული პენტაგონის მოდელიც გახდა.

დღეს კაზინო და მისი ბაღები იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი სასახლეა[7]. მთავარი ვილა, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და მაცხოვრებელი არ ჰყავს, ღიაა საზოგადოებისთვის.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კოფინ დევიდი, "The Villa in the Life of Renaissance Rome", 1979: გვ 281-5
  2. კოფინი, 1979: გვ 281
  3. კოფინი, 1979: გვ 285
  4. პარტრიჯ ლორენი,"Vignola and the Villa Farnese at Caprarola", 1970: გვ 81-87
  5. პარტრიჯ ლორენი, "The Farnese Circular Courtyard at Caprarola: God, Geopolitics, Genealogy, and Gender", 2001: გვ 259-293
  6. პარტრიჯ ლორენი. "The Sala d'Ercole in the Villa Farnese at Caprarola", 1971: გვ 467-486
  7. დევიდ სტრიტფილდი, "California Gardens: Creating a New Eden." 1994. ISBN 1-55859-453-1. გვ 127. 107-11.