შინაარსზე გადასვლა

ფარმაკოთერაპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარმაკოთერაპია (ძვ. ბერძნ. φάρμακον — „წამალი“ და თერაპია) — წამლებით მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია შეიძლება იყოს: ეთიოტროპული (ძვ. ბერძნ. αιτία [eitia] — „მიზეზი“ და τρόπος [tropos] — „მიმართულება“), როდესაც წამალი მოქმედებს უშუალოდ დაავადების მიზეზზე (მაგალითად, ინფექციური დაავადების მკურნალობა ანტიბიოტიკებით); შენაცვლებითი, როდესაც ფარმაკოთერაპიის დროს უკმარი, ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნაცვლად ორგანიზმში შეჰყავთ სხვადასხვა წამალი (მაგალითად: ჰორმონული პრეპარატები შინაგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობისას, B12 ვიტამინი პერნიციოზული ანემიის დროს); პათოგენეზური, როდესაც წამალი მოქმედებს დაავადების განვითარების მექანიზმზე (მაგალითად, გულის გლიკოზიდები გულის უკმარისობისას, ნიტროგლიცერინი სტენოკარდიის დროს); სიმპტომური, როდესაც საწამლე ნივთიერება მოქმედებს დაავადების ცალკეულ სიმპტომზე (მაგალითად ტკივილგამაყუჩებელი ან ხველების საწინააღმდეგო საშუალებანი) და სხვა.

ფარმაკოთერაპიის განსაკუთრებული მიმართულებაა ინფექციურ დაავადებათა და სიმსივნეების ქიმიოთერაპია. ქიმიოთერაპიული საშუალებებისათვის დამახასიათებელია მათი არჩევითი და სპეციფიკური მოქმედება დაავადების მიზეზზე (უმარტივესები, მიკრობები, ვირუსები) ან სუბსტრატზე (სიმსივნური უჯრედები), მაგალითად, პენიცილინი არჩევითად აზიანებს ბაქტერიების ზედაპირულ გარსს რაც იწვევს ბაქტერიების დაღუპვას (ბაქტერიციდული მოქმედება); სულფანილამიდების ზეგავლენით ირღვევა ცილის სინთეზი, რასაც მოჰყვება ბაქტერიების გამრავლების შეფერხება (ბაქტერიოსტატიკური მოქმედება). ქიმიოთერაპიის მნიშვნელოვანი პრინციპია წამლის საკმარისი დოზით შეყვანა ზუსტად განსაზღვრულ პერიოდში სისხლსა და ქსოვილებში საჭირო კონცენტრაციის შესანარჩუნებლად. ანტიმიკრობული ან სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტის გასაძლიერებლად ხშირად იყენებენ რამდენიმე პრეპარატს ერთდროულად. თანამედროვე საწამლე საშუალებებმა განაპირობა ის წარმატებები, რომლებიც მიღწეულია ტუბერკულოზის, პნევმონიის, ქუნთრუშის და სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში; ლიმფოგრანულომატოზის და სხვა სიმსივნური დაავადების დროს ციტოსტატიკური ნივთიერებების გამოყენებამ მკვეთრად გაახანგრძლივა ავადმყოფთა სიცოცხლე.