ფარავანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფარავნის ტბა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარავანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ფარავანი
ფარავნის ტბა შებინდებისას
ფარავნის ტბა შებინდებისას
კოორდინატები: 41°27′ ჩ. გ. 43°48′ ა. გ. / 41.450° ჩ. გ. 43.800° ა. გ. / 41.450; 43.800
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2073 
ფართობი 37,5 კმ²
მოცულობა 91 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 3,3 
საშუალო სიღრმე 2,2 
აუზის ფართობი 234 კმ²
ჩამდინარე მდინარეები შაორი
საბადოსწყალი
როდიონოვსკისწყალი
გამომდინარე მდინარე ფარავანი
ფარავანი (საქართველო)
Blue pog.svg
ფარავანი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
Blue pog.svg
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს ზედაპირის ფართობით საქართველოს უდიდეს ტბას. გაწოლილია ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², აუზის ფართობი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო სიღრმე 2,2 მ, წყლის მოცულობა 91 კმ³. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.[1]

ტბის ქვაბული წარმოქმნილია მდინარის ხეობის გადაკეტვით სამსარის ქედიდან ჩამოსული პლეისტოცენის პერიოდის ახალგაზრდა ვულკანური ნაკადით. ტბის ქვაბულის ფსკერი დროთა განმავლობაში დაიფარა მძლავრი ტბიური დანალექებით. ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი, რომელიც ხასიათდება ვერტიკალური ზონალობით, ძირითადად წარმოდგენილია ბალახეული ფორმაციებით.[2]

ტბის ქვაბულის სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია, ორიენტირებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით. ტბის ფსკერი თითქმის ბრტყელია. ქვაბულის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაპირი დაბალი და დაუნაწევრებელია. ქვაბულის ძირი ამოვსებულია ტბიური ნაფენებით, რომლის სიმძლავრე რამდენიმე ათეული მეტრია.[3] იგი ნელ-ნელა ღრმავდება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. ტბის დაბალი სიღრმეების მიუხედავად, წყალმცენარეები ძალზე სუსტად არის განვითარებული, რაც შესაძლებელია აიხსნას ძლიერი ქარებითა და ქარისაგან დაცული უბეების არარსებობით.[2]

შედარებით მშრალი კლიმატისა და ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური განფენების მიზეზით ტბის ჰიდროგრაფიული ქსელი მეტად სუსტად არის განვითარებული. ერთვის მცირე მდინარეები: შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). ტბა გამოიყენება თევზსამეურნეო დანიშნულებით. მდიდარია თევზით; გვხვდება ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვა.[1]

ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა. ფარავნის ტბის ნაპირას არის ფოკის მამათა მონასტერი, სიახლოვეს — შაორის ციხე, ხოლო ტბის აღმოსავლეთით — ფარავნის ქარვასლა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]