ფაეტონი (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფაეტონი
Phaethon lepturus -Midway Atoll, USA -flying-8.jpg
თეთრკუდა ფაეტონი (Phaethon lepturus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ფაეტონისნაირნი
ოჯახი:  ფაეტონისებრნი
გვარი:  ფაეტონი
ლათინური სახელი
Phaethon (Linnaeus, 1758)

ფაეტონი[1][2] (ლათ. Phaeton) — ფრინველთა გვარი ფაეტონისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 70–90 სმ, მასა 230–500 გრამი, ფრთების შლილი 90–100 სმ. აქვთ მოკლე, სუსტი და აპკიანი ფეხები. თავი დიდია, ნისკარტი კონუსისებრი, ფრთები გრძელი და მახვილი. შეფერილობა თეთრია, დაჰკრავს ვარდისფერი ან ყვითელი ელფერი, მოხატულია ნაწილობრივ შავად. ცნობილია 3 სახეობა, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შეფერილობის დეტალებით, ნისკარტისა და კუდის ფერით. მშვენივრად ფრენენ, კარგად ცურავენ, დადიან გაუბედავად. ბინადრობენ ტროპიკული განედების სანაპირო აკვატორიაში. იკვებებიან თევზით, თავფეხიანი მოლუსკებით, დიდი ზომის კიბოსნაირებით. ნადირობის დროს ჯერ ზღვის თავზე დაფრინავს, შემდეგ კი სწრაფად ახდენს პიკირებას და ყვინთავს ერთ მეტრზე და უფრო ღრმად. აღნიშნულია კლეპტოპარაზიტიზმი (საკვებს ართმევენ სხვა თევზიჭამია ფრინველებს). წყვილებად ან 3–6-წყვილიან გუნდებად ბუდობენ კლდეების ნაპრალებსა და ნიშებში. ერთადერთ კვერცხზე ორივე პარტნიორი კრუხობს 40–46 დღის განმავლობაში. ბარტყი ნახევრად წიწილოვანი ტიპისაა, დაფარულია ხშირი რუხი ღინღლით, 80–100 დღის შემდეგ ფრენას იწყებს. ფაეტონების ნათესაური კავშირები დისკუსიის საგანია; ადრე ოჯახი შედიოდა ვარხვისნაირთა რიგში, დღეისათვის გამოყოფილია ცალკე რიგში — Phaethontiformes.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 155, 221, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. Phaeton — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. Коблик Е. А. ФАЭТОНЫ // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 217.