უჯარმის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უჯარმის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის განაპირას, თავმოსწორებულ ბორცვზე. ძეგლი სხვადასხვა პერიოტის თითქმის თანაბარი ზომის, ორი დარბაზული ეკლესიისაგან შედეგება, რომელბიც ერთმანეთზე გრძივი კედლებითაა მიყრდნობილი. მათგან სამხრეთით მდებარე, შედარებით უფრო ადრინდელი და სავარაუდოდ, შუა საუკუნეებით თარიღდება. სამხრეთით მდგარი ეკლესიის ქვეშ კამაროვანი სათავსია მოწყობილი, რომლის კედლების მაწილი მიწის ზემოთაა. ამის გამო, ეკლესიის იატაკი მიწის დონიდან დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზეა. შესასვლელის წინ, როგროც ჩანს, ხის კიბე იყო მოწყობილი.

ორივე შენობა ქვიშაქვის სრულიად დამუშავებული ნატეხი ქვითა და კირის დუღაბითაა ნაგები. გარეთა კუთხეები ამოყვანილია ოდნავ მოზრდილი ქვებით. ჩრდილოეთით მდგარ ეკელსიაში, არქიტექტურული ელემენტების წყობაში, ქვიშაქვასთან ერთად, კვადრატული აგურიცაა გამოყენებული. ორივე ეკლესიის ფასადები გასწორებულია წმინდა დუღაბით, რომელიც ქვებს შორის არსებულ არეეს ავსებს და წვრილი ქვების ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს.

სამხრეთით მდგარ ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი აფსიდაა, რომლის ღერძზე ვიწრო, გარეთკენ შევიწროვებული სარკმელია გაჭრილი. სარკმელი შიგნიდან ბრტყელი თაღითაა გადახურული, გარედან კი ოთხკუთხაა. სარკმლის რაფა ღარისებრია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ოთხწახნაგა წახნაგა ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი კონქითაა გადახურული, ხოლო დარბაზი კამარით, რომელშიც კრამიტის ნატეხები და რიყის ქვაცაა შერეული. დარბაზის გრძივ კედლებს, მცირე სიმაღლის, უსწორმასწორო ხარისხი გაუყვება. დასავლეთ კედლთან დაახლოებით 40 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ხვრელია, რომლის მეშვეობითაც ეკლესიის ქვემოთ მოწყობილ წყალსაცავში ვხვდებით.

ჩრდილოეთით მდგარ ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, რომელიც ღერძიდან ოდნავ სამხრეთითაა გადაადგილებული. კარი გარედან აგურით ნაწყობი, ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. შიგნიდან კი ფიცრით. აფსიდა ოდნავ გაბრტყელებული ნახევარწრიული ფორმისაა. აფსიდაში გაჭრილია ოთხკუთხა, ბრტყლად გადახურული სარკმელი, რომელიც გერეთკენ მკვეთრად ვიწროვდება და თითქმის თარაზული ძირი აქვს. აფისდას გვერდებში, სხვადასხვა ზომის, თითო ოთხკუთხა ნიშია, რომელთა შორის ჩრდილოეთისა თითქმის ოთხჯერ უფრო დიდია. აფსიდაში, სარკმლის ქვემოთ, მოზრდილი ტრაპეზი დგას. დარბაზის სამივე კედელი ყრუა. სამივე კედელს დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიმაღლის ხარისხი გაუყვება. აფსიდი ტლანქად სხმული, უსწორმასწორო კონქითაა გადახურული. უსწორმასწორო ზედაპირი აქვთ კედლებსაც. კონქის თაღი კვერცხისებრი ფორმისაა. მსგავსი ფორმისაა კამარაც. იგი ნატეხი, თხელი ქვებითაა გამოყვანილი და შელესილია. იატაკი თითქმის მთლიანად თანამედროვე აგურითაა მოგებული. ასევე გამოყენებულია ბაზალტის ფილები.

გარედან ორივე ეკლესიის კედლები სადაა და მოკლებულია დეკორატიულ სამკაულს.

ჩრდილოეთით მდგარი ეკლესიის საკურთხევლის სარკმლის ღიობის გვერდები სხვადასხვა სიგრძის მქონე აგურითაა ნაწყობი.

1990-იანი წლების მეორე ნახევარში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია თვითნებურად განაახლა, რის გამოც ეკლესიამ დაკარგა საყურადღებო დეტალები.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საფლავის ქვებია. ეკლესიის აღმოსავლეთით ოციოდე მეტრზე გალავნის ნაშთია. გალავნის გარეთ ათიოდე მეტრზე შეიმჩნევა კედლის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]