უწყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „უწყება“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ უწყება (მრავალმნიშვნელოვანი).

უწყება (რუს. Ведомство ანალოგიით, თავის მხრივ მომდინარეობს სიტყვიდან რუს. ведать - „უწყოდე“, „იცოდე“) — სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო, რომელსაც მმართველობის ცალკეულ სფეროში ან წარმოების რომელიმე დარგში, საჯარო სამართლის საფუძველზე, მინიჭებული აქვს ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების უფლებები, ვალდებულებები და ძალმოსილება. ზემოხსენებულის აღმნიშვნელად სიტყვა „უწყება“ რუსეთის იმპერიის პერიოდში დამკვიდრდა, სიტყვა რუს. Ведомство ანალოგიით. შესაბამისად ხსენებული ცნება მეტწილად გავრცელებულია რუსეთის იმპერიასა და/ან სსრკ-ში შემავალი ქვეყნების ზეპირსიტყვიერ ან სამართლებრივ სივრცეში და მისი ზუსტი შესატყვისი არ გვხვდება სხვა ქვეყნების სივრცეში. „უწყება“ სხვა ენებზე, როგორც წესი, შინაარსობრივად ითარგმნება და მას შეესაბამება: ბიურო, ოფისი, დეპარტამენტი, დაწესებულება ან სულაც ინსტიტუცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიაში, დროებითი მთავრობის და საბჭოთა ხელსიფულების პირველ წლებში, უწყებას უწოდებდნენ სახელმწიფო ამოცანათა გარკვეულ სფეროს, რომელთა შესრულებაც დაკისრულებული ჰქონდა ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებას (ადმინისტრაციულ ორგანოს). ხსენებული სფეროს მართვა და ანგარიშგება („უწყება“) წარმოადგენდა სახელმწიფო დაწესებულების პასუხისმგებლობას, რომელსაც გაანჩდა, როგორც წესი, განსაკუთრებული კომპეტენცია დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად. ამავე დროს, თვით ამ დაწესებულებასაც უწოდებდნენ უწყებას. მაგალითად, რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროს ყოველდღიურ ცხოვრებაში „სამხედრო უწყებად“ იხსენიებდნენ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს — „საგარეო ურთიერთობების უწყება» და მსგავსად ამისა სხვათა სახელწოდებები. უწყება დაწესებულებათა ოფიციალურ დასახელებებშიც გამოიყენებოდა (1854—80 წწ საქველმოქმედო საქმიანობის სამმართველო დაწესებულება ოფიციალურად იწოდებოდა „იმპერატრიცა მარიას დაწესებულებათა უწყება“).

სსრკ-ში ცნებამ „უწყება“ (და აგრეთვე „საქვეუწყებო ორგანო“) უფრო დახვეწილი მნიშვნელობა შეიძინა. მას იყენებდნენ მხოლოდ იმგვარი სახელმწიფო დაწესებულების აღსანიშვნავად, რომელსაც არ გააჩნდა საჯარო ხელისუფლების განხორციელების დამოუკიდებელი უფლებები და წარმოადგენდა ხელისუფლების რომელიმე ორგანოს ნაწილს. მაგალითისთვის გამოდგება: კომისიები, კომიტეტები, ბიურო, სამმართველო და სსრკ მთავრობას დაქვემდებარებული სხვა საქვეუწყებო დაწესებულებები («ведомства Союза ССР»[1]). ცნებამ „უწყება“ საბჭოთა პერიოდში კიდევ უფრო გამოკვეთილი მნიშვნელობა შეიძინა, რა დროსაც „ცენტრალური უწყებები“ გამოიყენებოდა მმართველობის ცენტრალური ორგანოების საპირისპიროდ, როგორებიც იყვნენ: სამინისტრო (ყოფილი სახკომი), სახელმწიფო კომიტეტი და სახელმწიფო სააგენტო და რომლებიც უწყებებისგან განსხვავებით დამოუკიდებელ საჯარო დაწესებულებებს წარმოადგენდნენ. უწყებები ასევე იქმნებოდა საბჭოთა მმართველბითი სისტემის ქვედა დონეებზეც. კერძოდ კი, საკავშირო და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებში, აგრეთვე ცალკეული ადგილობრივი საბჭოების აღმასკომებში. საქვეუწყებო სახელმწიფო ორგანოები არ უნდა აგვერიოს საქვეუწყებო საწარმოებსა და ორგანიზაციებში; პარტიულ-საბჭოთა ბიუროკრატიის ოფიციალურ ენაზე, საწარმოები და ორგანიზაციები არ მიიჩნეოდა, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებად.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკ დაშლის შემდგომ, საქართველოს სამართლებრივ სივრცეში მსგავსად რუსეთის ფედერაციის, გაგრძელდა ცნება უწყების გამოყენება სხვადასხვა ფორმითა და სიტყვათშეთანხმებით, რომელთა მნიშვნელობა მეტწილად მსგავსი იყო. ნორმატიულ აქტებში ყველაზე ხშირად გამოყენებულია „უწყებათშორისი კომისია“ და „უწყებათშორისი საბჭო“ სხვადასხვა სიტყვათშეთანხმებებით.

1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუტიის ტექსტი მხოლოდ ერთგან იყენებს სიტყვას „უწყება“ — მუხლი 78, პუნქტი მე-2: „აკრძალულია სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროებისა და პოლიციის უწყებათა შერწყმა ან სხვაგვარი გაერთიანება.[2] ტერმინის „სახელმწიფო უყების“ განმარტებას იძლეოდა საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ (1995 წ), რომლის 75-ე მუხლში ეწერა: „ე) „სახელმწიფო უწყება“ - საქართველოს მინისტრთა კაბინეტის[შენიშვნა 1] ნებისმიერი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფი ან უწყება;“[3]

დღევანდელი მდგომარეობით ტერმინს „სახელმწიფო უწყება“ იყენებს საქართველოს კონსტიტუციის 2017 წლის რეფორმის შემდგომი რედაქციაც (მუხლი 17, პუნქტი 6), ასევე რიგი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტებისა, თუმცა თავად ტერმინის განმარტება არცერთ მათგანში არ გვხვდება. გამონაკლისია კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, სადაც „სახელმწიფო უწყება“ განმარტებულია როგორც „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო დაწესებულება.“ (მუხლი 3, პუნქტი „ჯ“)[4]

რუსეთის ფედერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის საკანონმდებლო სივრცეში ცნება უწყება («ведомство») მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. სსრკ დაშლის პირველ წლებში, ოფიციალურ სამთავრობო დოკუმენტებში ერთგვარი ინერციით გაგრძელდა უწყების სსრკ-ში დამკვიდრებული მნიშვნელობით გამოყენება[5]. ამ ცნების და მისგან წარმოებული სხვა სიტყვების გამოყენების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ მიუხედავად ცნების ფართო გაგებისა, მისი ძირითადი მნიშვნელობა თანხვედრაში იყო ძველ ტერმინთან. უფრო ხშირად კი პოსტ-საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა ამ ცნებისგან წარმოებული სიტყვები — «ведомственный» („საუწყებო“), «надведомственный» („ზე-საუწყებო“), «межведомственный» („უწყებათშორისი“) — ასე მაგალითად, სიტყვათშეთანხმებებში: «ведомственный нормативный акт» („უწყებრივი ნორმატიული აქტი“), «ведомственные органы управления» („მართვის საუწყებო ორგანოები“), «ведомственный контроль» („საუწყებო კონტროლი“), «ведомственный жилой фонд» („საუწყებო საცხოვრებელი ფონდი“), «ведомственная принадлежность» („საუწყებო საკუთრება“), «межведомственная комиссия» („უწყებათშორისი კომისია“) და ა. შ. მოყვანილ წყაროებში მითითებული გამოთქმები გამოიყენებოდა, როგორც წესი, ფედერალური აღმასრულებელი ორგანოების მიმართ[6].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Ведомство“. Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона (რუსული). 86 т. (82 т. и 4 доп.). სანქტ-პეტერბურგი: სს ფ.ა.ბროკჰაუზი-ი.ა.ეფრონი. 1890—1907. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ახალი კონსტიტუციის ამოქმედები შემდგომ სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის“ შეცვალა სიტყვამ „სახელმწიფოს“.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Конституция СССР (1924). 1-я ред. Ст. 33.
  2. საქართველოს პარლამენტი. (24.08.1995) საქართველოს კონსტიტუტია. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი №786-რს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 12.10.2019.
  3. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. (23.06.1995) საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის კანონი №764-11ს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 12.10.2019.
  4. საქართველოს პარლამენტი. (01.12.2016) საერთაშორისო დაცვის შესახებ. საქართველოს კანონი N42-Iს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 12.10.2019.
  5. Для примера, см. РВ 93-159. Типовая инструкция по делопроизводству в министерствах и ведомствах Российской Федерации : утв. 6 июля 1992 г. / Комитет по делам архивов при Правительстве Российской Федерации.
  6. Бахрах, Д. Н. Административное право России: учеб. / Д. Н. Бахрах, В. Г. Татарян. - 4-е изд., перераб. и доп. - М.: Эксмо, 2009. - 602 с.