უფეხო ამფიბიები (ლათ.Apoda ან ლათ.Gymnophiona) — ამფიბიებისრიგი. მათი სხეულის სიგრძე 1 მ-ს აღწევს. აქვთ ჭიისებრი უკიდურებო, განივი ღარებით რგოლებად დაყოფილი სხეული, განუვითარებელი თვალები. დაფის აპკი არ გააჩნიათ. მარცხენა ფილტვი წაგრძელებულია, მარჯვენა — დამოკლებული. კარგად აქვთ განვითარებული შეხებისა და ყნოსვის ორგანოები — თავზე სპეციალური მგრძნობიარე საცეცი აქვთ, რომელსაც ხშირ-ხშირად ყოფენ გარეთ. მალების რიცხვი 300 აღწევს. ახასიათებთ შინაგანი განაყოფიერება. საკოპულაციო ორგანოს როლს კლოაკა ასრულებს. რიგში ერთი ოჯახია — ჭიამაგვარისებრნი (Caeciliidae), აერთიანებს 20-მდე გვარსა და 70-მდე სახეობას. გავრცელებული არიან ტროპიკულ სარტყელში. ბინადრობენ მიწის ქვეშ, ზოგი — წყალში. იკვებებიან წვრილი ცხოველებით. დებენ ცოტა რაოდენობის კვერცხებს. ლარვები ვითარდებიან წყალში ან კვერცხშივე. არიან ცოცხალმშობნიც. ცეილონის გველთევზა (Ichthyophis glutinosus) გავრცელებულია სამხრეთ აზიაში. მისი სიგრძე 38 სმ. დედალი კვერცხებს სხეულით ეხვევა და ასე რჩება ლარვების გამოსვლამდე.