უფალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უფალი შეიძლება იყოს:

  • იგივეა, რაც ღმერთი;
  • სენიორის, მხარის (ქვეყნის) მპყრობელის, მეპატრონის აღმნიშვნელი ტერმინი ანტიკურ და ადრინდელ ფეოდალური ხანის საქართველოში. გაჩნდა კლასობრივი საზოგადოების ფორმირების პერიოდში, გაბატონებული იყო XI საუკუნემდე. XI საუკუნიდან ცვლის „პატრონი“, მაგრამ შემდეგაც ხშირად იხმარება მის პარალელურად. IX-X საუკუნემდე უფალის სინონიმებად გვევლინება იმავე ძირის უფრო მოგვიანებით გაჩენილი ტერმინები, „მეუფე“ და „მეფე“. შემდგომ ეს ტერმინები რამდენადმე შორდებიან შინაარსით „უფალს“. გვაროვნული საზოგადოების რღვევის პერიოდში უფალმა შეცვალა ამ ეპოქის სოციალური ტერმინი „მამა“ და სახლის (ე.ი. გვარის, შემდეგში ტერიტორიული თემის) უფროსს ეწოდა „სახლის მამის“ (მამასახლისის) ნაცვლად „სახლის უფალი“. ამავე პერიოდში წარმოიქმნა და XII საუკუნემდე არსებობდა უძველესი ტერიტორიული-ადმინისტრაციული ერთეულის „ხევის“ გამგებლის „ხევისუფლის“ ინსტიტუტი. უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყნის გამგებელსაც თავდაპირველად მეფე კი არა, უფალი ეწოდებოდა. ამით უნდა აიხსნას, რომ უფლისაგან ნაწარმოები ტერმინი — „სოფელი“ (უფლის საბრძანებელი) თავდაპირველად ფართო შინაარსისა იყო და აღნიშნავდა მთლიანად ქვეყანას: „სოფელი ქართლისა“ („შუშანიკის წამება“), „სოფელი სპარსეთისა“ („ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“), „სოფელი ჩვენი ქართლი“ („აბო თბილელის მარტვილობა“), „იონთა სოფელი“ (ლეონტი მროველი) და სხვა. უფლისგან წარმოდგა ანტიკური პერიოდის ქართლის ციხე-ქალაქის სახელწოდება — უფლისციხე, რომელიც, როგორც ჩანს ქართლის გამგებლის—უფლის რეზიდენცია იყო.

უფალთან ერთად წარმოიქმნა უფალი მამაკაცის, უფალი ქალის, აგრეთვე უფლის შვილის აღმნიშვნელი ტერმინები:„მამფალი“ (მამა უფალი), „დედოფალი“ (დედა უფალი) და „უფლისწული“.

დედოფლისა და უფლისწულის ინსტიტუტები არსებობდა უფალზე ხანგრძლივ: დედოფალი და უფლისწული ეწოდა არა მარტო უფლის თანამოსაყდრეს და შვილს, არამედ მეფისასაც.

უფლის საპირისპირო იყო დაქვემდებარების აღმნიშვნელი ტერმინი „მონა“. ანტიკური და ადრინდელ ფეოდალურ ხანაში (XI საუკუნემდე) „უფალ-მონობა“ გამოხატავდა სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობას ქართლის საზოგადოებაში, როგორც გაბატონებული კლასის შიგნით, ისე გაბატონებული კლასის წარმომადგენლებსა (უფლისა) და მათდამი დაქვემდებარებულ უშუალო მწარმოებლებს (მონებს) შორის. . გაბატონებული კლასის წარმომადგენელი შეიძლება ერთდროულად უფალიც ყოფილიყო (უშუალო მწარმოებლისა) და მონაც (მასზე უფრო მაღალი რანგის მიწათმფლობელისა). ამრიგად, უფალ მონობა იყო როგორც გაბატონებული კლასის შინაგანი სოციალური-პოლიტიკური ორგანიზაცია, ისე საწარმოო ურთიერთობის ფორმა. უაფალ-მონობა არ მოიცავდა ქართული საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს — თავისუფლებს (ე. ი. იმათ, ვისაც არ ჰყავდათ უფალები და თავიანთი თავის უფალები თვითონ იყვნენ). უფალს ძალაუფლების გამომხატველი ტერმინი იყო „უფლება //უფლობა // ფლობა“. IX-X საუკუნეებში ტერმინი „უფალი“ თანდათანობით შეცვალა რომაულ-ბიზანტიური სამყაროდან შემოსულმა (ჯერ დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ, ხოლო შემდეგ — აღმოსავლეთ საქართველოში) ტერმინმა „პატრონმა“. იმავე პერიოდში „მონა“ შეცვალა ქართულმა ტერმინმა „ყმამ“. ამრიგად XI საუკუნეში უფალ-მონობა შეიცვალა პატრონ-ყმობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოგვერაძე ა., ქართლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება IV—VIII საუკუნეებში, თბ., 1979;