შინაარსზე გადასვლა

უროლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უროლოგია (ძვ. ბერძნ. οὖρον [uron] — „შარდი“ და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — მედიცინის კლინიკური დისციპლინის დარგი, რომელიც შეისწავლის ქალისა და კაცის უროლოგიურ და კაცის სასქესო ორგანოების დაავადებებს. უროლოგიის სწავლების სფეროში შედის თირკმელ ზედა ჯირკვლისა და რეტროპერიტონული სივრცის პათოლ. პროცესები ოპერაციული ნეფროლოგია, ნეფროგენული ჰიპერტონია, თირკმლების მწვავე და ქრონიკული უკმარისობა და სხვა.

წარსულში მრავალ ქვეყანაში (ძველი ინდოეთი, ძველი საბერძნეთი, ძველი რომი და სხვა) იყო ცნობილი შარდ-სასქესო ორგანოების გავრცელებული დაავადებების მკურნალობის მეთოდები. ეგვიპტელი ექიმები 6 ათასი წლის წინათ იცნობდნენ ზოგიერთი უროლოგიური დაავადების სიმპტომებს, პირველი დახმარებისა და მკურნალობის ხერხებს. აღორძინების პერიოდში უროლოგიის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა ადამიანის ნორმალური ანატომიის შესწავლამ. უროლოგიის სწრაფი აღმავლობა დაიწყო XIX ს. II ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც მ. ნიცემ (1879) შექმნა ცისტოსკოპი. უროლოგიის კვლევის სფერო კიდევ უფრო გაფართოვდა რენტგენის სხივების აღმოჩენისა და კვლევის რადიოიზოტოპური მეთოდების დანერ გვის შემდეგ. რუსეთში მეცნიერული უროლოგიის განვითარება დაიწყო XIX საუკუნის I ნახევრიდან და დაკავშირებულია ნ. პიროგოვის სახელთან, რომელმაც შეისწავლა შარდ-სასქესო ორგანოების ტოპოგრაფიული ანატომია და დაამუშავა სამხედრო-საველე უროლოგიის ძირითადი საკითხები. 1863 წელს ტ. ვდოვიკოვსკის თაოსნობით ოდესის ქალაქის საავადმყოფოში გაიხსნა პირველი უროლოგიური განყოფილება. 1866 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში დაარსდა პირველი უროლოგიური კლინიკა. უროლოგიის პირველი რუსული სახელმძღვანელო შეადგინა და გამოსცა ა. პოდრეზმა (1887). 1908 წელს პეტერბურგში გაიხსნა უროლოგიის პირველი კათედრა რუსეთში. 1907 წელს ს. ფიოდოროვის ინიციატივით პეტერბურგში შეიქმნა რუსეთის უროლოგთა საზოგადოება.

განსაკუთრებით განვითარდა უროლოგია საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მსხვილ ქალაქებსა და ცენტრებში შეიქმნა უროლოგიური კლინიკები და განყოფილებები, პროფილირებული (ფთიზიოუროლოგია, ონკოუროლოგია, უროგინეკოლოგია) სტაციონარები, ბავშთა ნეფროლოგიური განყოფილებები, უროლოგიური კაბინეტები; ჩამოყალიბდა უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითო ინსტიტუტები (მოსკოვი, კიევი, თბილისი და სხვა); თითქმის ყველა სამედიცინო ინსტიტუტში შეიქმნა უროლოგიის კათედრები. მაღალ დონეს მიაღწია რეკონსტრუქციულ-პლასტიკურმა ქირურგიამ. 1965 წელს სსრკ-ში პირველად წარმატებით გააკეთა თირკმლის ტრანსპლანტაცია (ცოცხალი დონორიდან) ბ. პეტროვსკიმ, ხოლო 1966 წელს გვამის თირკმლისა – ნ. ლოპატკინმა და ი. ლოპუხინმა. უროლოგიასთან მჭჯიდრო კავშირში ვითარდება ნეფროლოგია და სექსოპათოლოგია. 1972 წელს შეიქმნა უროლოგთა საკავშირო საზოგადოება.

საქართველოში უძველესი დროიდან სცოდნიათ უროლოგიური დაავადებების გამოცნობა და მკურნალობა. „უსწორო კარაბადინში“ მოცემულია საყურადღებო ცნობები შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ; „წიგნი სააქიმოის“ მიხედვით, ცნობილი ყოფილა სათესლე ჯირკვლის წყალმანკის ნიშნები და დიფერენციული დიაგნოსტიკის საკითხები. საქართველოში მეცნიერული უროლოგიის აღმავლობა გ. მუხაძისა და ა. წულუკიძის სახელებთანაა დაკავშირებული; დიდი ღვაწლი მიუძღვით აგრეთვე ე. თოდაძეს, ა. გზირიშვილს, ს. არშბას, ლ. ცისკარიშვილს, გ. ინასარიძეს, ნ. იზაშვილს, დ. მურვანიძეს, თ. ჯაფარიძეს და სხვებს. 1923 წელს თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიული კათედრის ბაზაზე მოეწყო პირველი სპეციალიზებული უროლოგიური საწოლები. 1927 წელს თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე ჩამოყალიბდა პირველი უროლოგიური განყოფილება. 1935 წელს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში შეიქმნა უროლოგიის კათედრა. 1939 წელს უროლოგიური განყოფილება გაიხსნა საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური რესპპუბლიკური კლინიკურ საავადმყოფოს ბაზაზე. 1949 წელს ტუბერკულოზის, ხოლო 1979 ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან შეიქმნა სპეციალიზებული უროლოგიური განყოფილებები. 1959 წელს დაარსდა უროლოგიის (სსრკ-ში პირველი) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 1973 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში გაიხსნა უროლოგიის კათედრა. 1954 წელს შეიქმნა საქართველოს უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება.