ურბანული ეკონომიკა
ურბანული ეკონომიკა ზოგადად ურბანული რეგიონების ეკონომიკის შესწავლაა. ამგვარად, ის მოიცავს ეკონომიკის ხელსაწყოების გამოყენებას ისეთი ურბანული საკითხების ანალიზისთვის, როგორიცაა კრიმინალი, განათლება, საზოგადოებრივი ტრანზიტი, საბინაო საკითხი და ადგილობრივი მთავრობის ფინანსები. უფრო ვიწრო თვალსაზრისით, ეს არის მიკროეკონომიკის განშტოება, რომელიც ურბანულ სივრცულ სტრუქტურასა და ოჯახური მეურნეობებისა და ფირმების მდებარეობას შეისწავლის.
ურბანული ეკონომიკური ანალიზი უმეტესწილად ეყრდნობა ურბანული სივრცული სტრუქტურის კერძო მოდელს, ე.წ. მონოცენტრისტული ქალაქის მოდელს, რომელიც 1960-იან წლებში უილიამ ალონზომ, რიჩარდ მუთმა და ედვინ მილსმა ჩამოაყალიბეს. მაშინ, როდესაც ნეოკლასიკური ეკონომიკის ყველა დანარჩენი ფორმა არ ითვალისწინებს ინდივიდთა და ორგანიზაციათა გეოსივრცულ ურთიერთობებს, ურბანული ეკონომიკის ფოკუსი სწორედ ამ სივრცულ ურთიერთობებზეა, ქალაქების ფორმაციის, ფუნქციონირებისა და განვითარების ეკონომიკური წამახალისებელი ფაქტორების შესასწავლად.
1964 წელს მოდელის ფორმულირების შემდეგ, უილიამ ალონზოს დისკოს ფორმის ცენტრალური ბიზნეს უბნისა (Central Business District - CBD) და მას გარშემორტყმული საცხოვრებელი რეგიონის მონოცენტისტული ქალაქის მოდელი ურბანული ეკონომიკური ანალიზის ამოსავალი წერტილის როლს ასრულებდა. მონოცენტრულობა დროთა განმავლობაში შესუსტდა ტექნოლოგიური ცვლილებების გამო, განსაკუთრებით უფრო სწრაფი და იაფი ტრანსპორტირების (რამაც შესაძლებელი გახადა ცენტრალური ბიზნეს უბნებიდან გაცილებით შორ რეგიონებში დასახლება) და კომუნიკაციების (რამაც დამხმარე ოპერაციების ცენტრალური ბიზნეს უბნებიდან გადატანა გახადა შესაძლებელი) გამო. ამასთან ბოლოდროინდელ კვლევებში ჩნდება პოლიცენტრულობის იდეა, რაც აღწერილია ჟოელ გაროს ნაშრომში "Edge City". პოლიცენტრული ექსპანსიის მიზეზთა შორის არის შედარებით დაბალი მიწის იჯარა და აგლომერაციის ეკონომიკით გამოწვეული მზარდი ამონაგები.