შინაარსზე გადასვლა

ქალაქგეგმარება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ურბანული დაგეგმარება)
თანამედროვე ქალაქგეგმარების წინამორბედი - პარიზის რეკონსტრუქცია ოსმანის მიერ, მე-19 საუკუნის 50-იანი წლები

ქალაქგეგმარება, ასევე ურბანული დაგეგმარება — დასახლებების (ქალაქის, დაბის ან სოფლის) ან/და მათ ნაწილების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის შემადგენელი ეტაპი და დისციპლინა, რომელიც დასახლებათა გარემოს ფიზიკური ფორმირების (სივრცითი მოწყობის) პროექტირებასა (დაგეგმარების) და დოკუმენტირებაზეა პასუხისმგებელი. სივრცითი მოწყობის უფრო მცირე მასშტაბებზე ისეთი დისციპლინებია პასუხიმგებელი, როგორიცაა არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი. ტერმინი „urban design“ (რუს. „градостроительное проектирование“) შემოთავაზებულ იქნა 1956 წელს ჰარვარდის დიზაინის (დაგეგმარების) უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო კონფერენციაზე.

საქართველოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ტიპები და იერარქია განმარტებული და შეჯამებულია საქართველოს კანონში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, რომელიც 2005 წელს დამტკიცდა და რომელიც რამდენიმე სხვა სამართლებრივ აქტთან ერთად, დაგეგმვისა და დაგეგმარების ფორმალურ მხარეს არეგულირებს.

ტორონტოს ურბანული ცენტრი.

ქალაქგეგმარება გზამკვლევია ქალაქთმშენებლობის საწარმოებლად, რამეთუ პრიორიტეტების ჩამოყალიბება სწორედ ამ ეტაპზე ხდება. აქვე წარმოებს ქვეყნის ამა თუ იმ თემის განვითარების ლოკალური პოლიტიკის დასახვა და მისი კომპლექსური შეჯერება მეცნიერების სხვა დარგებთან. ამას მოყვება ქალაქების, თემების, ანაც მათი ნაწილების მდგრადი განვითარების ჩარჩო პირობების შექმნა და განტკიცება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სოციალური, ეკონომიკური და გარემოს დაცვითი ფაქტორები. გარემოს დაცვის საკითხებს უკანასკნელი წლების განმავლობაში სულაც წამყვანი როლი უკავიათ, რადგან წარმოუდგენელია მოქალაქეებს შორის მიწის სამართლიანი განაწილება, თუ თავად გასანაწილებელი ობიექტის ხარისხი მათ კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფს. ეს პრობლემები დეტალურად არის მიმოხილული „აგენდა 21-ში“, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნთვის გარემოსთან და მიწასთან მოპყრობის სახელმძღვანელოა.

ისტორიულად ურბანული განვითარება ხშირად სპონტანური, ქაოტური მოვლენა იყო, ვინემ გაწონასწორებული დაგეგმვის პროცესი. თუმცა გამიზნულად დაგეგმილი ან მართული ქალაქებისა და დასახლებების მაგალითები ანტიკურ ხანამდეც არსებობდა. ძვ. წ. 2600 წლისთვის ინდუსის ხეობის ცივილიზაციის ჰარაპანის ზოგიერთი დასახლება ქალაქად იქცა და მათი მოსახლეობა ათასებს აჭარბებდა. ზოგიერთი ამ ქალაქთაგანი აგებული იყო კარგად-გათვლილი გეგმის მიხედვით. ისეთი ქალაქების, როგორიცაა მოჰენიო-დარო და ჰარაპა, ქუჩები მოკირწყლული იყო და მართკუთხად იყო განლაგებული იერარქიის მიხედვით (კომერციული ბულვარებითა და მცირე სახოვრებელი ხეივნებით), დღევანდელი ნიუ-იორკის მსგავსად. სახლები დაცული იყო ხმაურის, სუნისა და ქურდებისგან, ჰქონდა საკუთარი ჭები და სანიტარული კვანძები. ამგვარ ქალაქებს ჰქონდა კანალიზაცია, დრენაჟი, ვრცელი სასაწყობო მეურნეობა, წყლის რეზერვუარები და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა.

ბერძენი ჰიპოდამუსი (ძვ. წ. 408) ხშირად დასავლური ქალაქგეგმარების მამად ითვლება, მილეტის მისეული პროექტის გამო. ალექსანდრეს ბრძანებით მან ალექსანდრიის გეგმა შეადგინა, რაც ხმელთაშუა სამყაროს იდეალიზებული ქალაქგეგმარების ბრწყინვალე ნიმუშია. ქალაქს ხელს უწყობდა ნილოსის ზღვის გავაკებულ შესართავთან მდებარეობა.

ძველი რომაელები ქალაქგეგმარებაში კონსოლიდირებულ სქემას იყენებდენენ, რომელიც სამხედრო თავდაცვისა და სამოქალაქო ხელსაყრელობისთვის იყო განვითარებული. მარტივი გეგმა შედგება ცენტრალური მოედნისგან საქალაქო მომსახურების ობიექტებით, რომელსაც გარს აკრავს კომპაქტური ქუჩების მართკუთხა წრფიული ქსელი. მთელ დასახლებას შემორტყმული აქვს ქვის გალავანი თავდაცვისთვის. მგზავრობის დროის შესამცირებლად ორი დიაგონალური ქუჩა კვეთს მართკუთხა ქსელს კუთხიდან კუთხემდე, ცენტრალური მოედნის გავლით. როგორც წესი, ქალაქში გაედინება მდინარე, წყლისა და ტრანსპორტისთვის, რომელსაც ასევე გააქვს კანალიზაციის ნარჩენები, ალყის პირობებშიც კი. მრავალი ევროპული ქალაქი დღემდე ინარჩუნებს წყობის ამგვარ სქემას (მაგ. ტურინი).

რაციონალური დაგეგმვის იდეამ კრახი განიცადა შუასაუკუნეების ევროპაში რეს პუბლიკის იდეის გავრცელებით. ციხესიმაგრის ან გამაგრებული სააბატოს ირგვლივ რომაული ბირთვის გარეთ (რომელიც ხშირად მიტოვებული იყო) ქალაქი იზრდებოდა „ხის ტოტებისმაგვარად“, როგორც გაფართოებული სოფელი ან ვრცელი ქალაქი. ვინაიდან ახალი ცენტრი ხშირად შემაღლებულ, გამაგრებული პლატფორმაზე მდებარეობდა, ქალაქის გეგმა ორგანულ ხასიათს იღებდა, მისდევდა რა შემაღლების კონტურების არაწესიერ ზედაპირს, სასოფლო-სამეურნეო ტერასების ფორმების მსგავსად.

იდეალური ქალაქი აქტუალური ხელმეორედ ფლორენციაში ხდება ადრეული რენესანსის პერიოდში, სადაც ვარსკვლავის ფორმის ქალაქის გეგმა მიღებულ იქნა ახალ ნაღმტყორცნგამძლე ვარსკვლავისებურ ციხესიმაგრეში. ვარსკვლავის ფორმის ფორტიფიკაციას ფორმატული გავლენა ჰქონდა რენესანსის ქალაქგეგმარების შემდგომ განვითარებაზე: „რენესანსი ჰიპნოტიზებული იყო ქალაქის ერთი ტიპის მიერ, რომელმაც საუკუნენახევრის განმავლობაში, ფილარეტიდან სკამოზიმდე, ყველა უტოპიურ სქემაზე გავლენა იქონია: ეს იყო ვარსკვლავის ფორმის ქალაქი“. რადიალური ქუჩები ვრცელდებოდა კარგად განსაზღვრული სამხედრო, კომუნალური და სასულიერო ძალაუფლების ცენტრიდან პერიფერიებისკენ. მხოლოდ იდეალურ ქალაქში მდებარეობდა ცენტრალურად დაგეგმილი სტრუქტურა მის შუაგულში, როგორც რაფაელის 1504 წლის სპოსალიციოში; აგებისას ვიგევანო, ახალი ქალაქის ცენტრის რაციონალურად დაგეგმილი ქვატროცენტროს უნიკალური ნიმუში, 1493-95 წლებში, ნაცვლად ემსგავსება დახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულს არკადებით.

ბერძნული რაციონალური დაგეგმვის ჭეშმარიტი მემკვიდრეები მუსლიმები იყვნენ, რომელთაც მიაკუთვნებენ ფორმალური ზონირების იდეას, თუმცა დასავლეთში მის ამჟამინდელი მნიშვნელობა უმეტესწილად თანამედროვე არქიტექტურის საერთაშორისო კონგრესის (Congrès Internationaux d'Architecture Moderne) იდეებს ეყრდნობა.

მრავალი ქალაქი ლათინური ამერიკის ცივილიზაციებში ასევე ანვითარებდნენ დაგეგმვას საკუთარ ქალაქებში, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების ჩათვლით. მეხიკო-ტენოჩტიტლანი, აცტეკთა იმპერიის დედაქალაქი, აგებული იყო ტბა ტეხკოკოს კუნძულზე, რომელიც ამჟამად ცენტრალური მეხიკოს უბანია. მისი ძლიერების მწვერვალზე ტენოჩტიტლანი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი იყო 250.000 მცხოვრებით.

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დასავლეთში (დასავლეთი ევროპა, ჩრდ. ამერიკა, იაპონია და ავსტრალაზია) დაგეგმვამ და არქიტექტურამ ზოგადი კონსენსუსის რამდენიმე სტადია გაიარა. თავდაპირველად იყო მე-19 საუკუნის ინდუსტრიალიზებული ქალაქი, რომელშიც შენობებზე გავლენას მეწარმეები და მდიდარი ელიტა ფლობდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო ხალხისთვის (კერძოდ კი ქარხნების მუშებისთვის) საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მოძრაობები. ქალაქი-ბაღნარის კონცეფცია ჩაისახა და რამდენიმე სანიმუშო ქალაქიც კი აშენდა, როგორიცაა ლეჩუორზი და ვევლინ გარდენ სიტი (ჰერტფორდშირი, ბრიტანეთი) - მსოფლიოს პირველი ქალაქი-ბაღნარები. თუმცა ეს საკმაოდ მცირე მასშტაბის პროექტები იყო ზომით და მათში ტიპურად მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

მე-19 საუკუნის ბოლოს ურბანულ დაგეგმვაზე გავლენას ახდენს ახლად ჩამოყალიბებული არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის დისციპლინები. ამ დისციპლინებმა თანდათან დაიწყო კოდიფიცირება რაციონალური და სტილისტური მიდგომებისა ქალაქის პრობლემების გადაჭრაში ფიზიკური დიზაინის მეშვეობით.

მოდერნიზმი ქალაქგეგმარებაში მხოლოდ 1920-იანი წლებიდან იჩენს თავს. მოდერნისტული ქალაქი ერთგვარი ეფექტიანი, განხორციელებადი უტოპია უნდა ყოფილიყო. გაჩნდა ქალაქების აღმშენებლობის მასშტაბური გეგმები, მათ შორის პარიზისთვისაც, თუმცა რაიმე მასშტაბური ამ პერიოდში არ მომხდარა სანამ მეორე მსოფლიო ომი ყველაფერს არ დაანგრევდა. სწორედ ამის შემდეგ ეძლევა მოდერნიზმს გასაქანი და ჩნდება პირველი მოდერნისტული შენობები და მთელი უბნებიც კი. ეს შენობები იაფი მასალისგან და სწრაფად შენდებოდა ფართო მასებისთვის საცხოვრებელი ფართის უზრუნველსაყოფად და შედეგად მალე ისინი სიღარიბისა და ცუდი გემოვნების სინონიმებად იქცა.

1960-იან წლებში რაციონალური დაგეგმვის მოდელთან კრიტიკულმა მიდგომამ საშუალება მისცა დისციპლინას ურბანული დაგეგმვის დარგში მოეცვა ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, საზოგადოების სოციალური დაგეგმვისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის საკითხებიც. მოდერნიზმის დასასრული 1970-იან წლებში დადგა, როდესაც იაფი, უნიფორმული მაღლივი კორპუსების მშენებლობა შეწყდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთსა და საფრანგეთში. მას შემდეგ ბევრი მათგანი დაინგრა კიდეც და მათი ადგილი შედარებით ტრადიციული სტილის ნაგებობებმა დაიჭირა. ყველაფრის უნიფორმულად და უნაკლოდ გარდაქმნის ნაცვლად ქალაქგეგმარების თანამედროვე აქცენტი ინდივიდუალიზმი და მრავალფეროვნებაა საზოგადოებასა და ეკონომიკაში. ეს არის პოსტმოდერნისტული ერა.

დაგეგმვის ასპექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქის დაგეგმვისას ესთეტიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამ სურათზე ბათში, ინგლისი, მე-18 საუკუნის კერძო სექტორის დასახლება ლამაზად იყო დაგეგმილი.

განვითარებულ ქვეყნებში ბოლო დროს დიდი კრიტიკა ხვდება გარემოს გადაჭარბებულ დახუნძვლას სხვადასხვა ნიშნებით, აბრებითა და ფირნიშებით. დებატების საგანია ასევე ბალანსი (ან უბალანსობა) პერიფერიულ განაშენიანებას, დასახლების სიმჭიდროვის ზრდასა და ახალი დასახლებების დაგეგმვას შორის. ასევე გაუთავებელია კამათი მიწის შერეული დანიშნულებით გამოყენების სიკარგეზე ან კიდევ გეოგრაფიული ზონების სხვადასხვა დანიშნულებით განცალკევების უპირატესობაზე.

წარმატებული ქალაქგეგმარება ყურადღებას ამახვილებს „შინაურ“ ხასიათზე და „ადგილის შეგრძნებაზე“, ბუნებრივი, ხელოვნებისა და ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემაზე, ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის სხვა საშუალებების ორგანულ შერწყმაზე, და მისთ.

ზოგიერთი ურბანისტის აზრით შუასაუკუნეების მოედანი და არკადა წარმატებული ურბანული დიზაინის ყველაზე მომხიბვლელი ელემენტებია, რასაც ამტკიცებს იტალიური ქალაქების სიენასა და ბოლონიის გარემო.

თუმცა ქალაქების თავიდან დაგეგმვის შანსი იშვიათია, ქალაქმგეგმარება მნიშვნელოვანია ქალაქების ზრდის მართვისთვის, ისეთი ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა ზონირება, მიწის გამოყენების მართვა, ასევე ზრდის მართვის ტექნიკა განვითარების ტემპების მართვისთვის. ისტორიული ანალიზი ცხადყოფს, რომ ამჟამად ყველაზე ლამაზად მიჩნეული ქალაქები ხანგრძლივი, ინტენსიური აკრძალვების სისტემის შედეგია შენობების ზომების, გამოყენებისა და მახასიათებლების მხრივ. ეს აკრძალვები საკმარის თავისუფლებას იძლეოდა, თუმცა აიძულებდა მშენებლებს გარკვეული სტილი, უსაფრთხოების ზომები და მასალა გამოეყენებინათ. მრავალი ისტორიული დაგეგმვის ტექნიკა ამჟამად ახლებურად იაზრება და თანამედროვე ფორმით გამოიყენება, მას „გააზრებულ ზრდას“ (smart growth) უწოდებენ.

არსებობს ჩასახვიდან დაგეგმილი რამდენიმე ქალაქი, და თუმცა შედეგი ხშირად განსხვავდება წინასწარ დაგეგმილისგან, თავდაპირველი გეგმა მაინც თვალსაჩინოდ რჩება. (იხ. დაგეგმილი ქალაქების სია).