უპატრონო
| „უპატრონო“ | |
|---|---|
| ავტორი | მიხეილ ჯავახიშვილი |
| ქვეყანა | რუსეთის იმპერია |
| ენა | ქართული |
| ჟანრი | მოთხრობა |
| გამოცემის თარიღი | 1904 |
| გვერდი | 13 |
უპატრონო — მიხეილ ჯავახიშვილის წლის მოთხრობა. მეორე სახელწოდება – "ნუცა". პირველად გამოქვეყნდა 1904 წელს გაზეთ ცნობის ფურცელში[1].
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბატონიანთ სახლში სამადლოდ გაზრდილ უენო, უპატრონო და მიუსაფარ გოგონას — მექათმე ნუცას, ახალგაზრდა ბატონი ჯერ გააუპატიურებს, შემდეგ კი — ხასად გაიხდის. ორიოდე თვეში ბატონი ქალაქში გადასახლებას გადაწყვეტს და, ამიტომ, ნუცას გაამზითვებს და გაათხოვებს მჭედელ პავლეზე. ახალგაზრდები ერთად დასახლდებიან, მაგრამ, ერთმანეთთან საერთოს ვერაფერს პოულობენ. ნუცას მალევე შეემჩნევა ორსულობა. ქმარი მიხვდება, რომ ბავშვი მისი არაა და ხშირად უმიზეზოდ სცემს. ქალი შიშისაგან იტანჯება, მაგრამ, ქმარს წინააღმდეგობას ვერ უწევს. როცა მშობიარობა უწევს, ნუცა ახალშობილს საბანქვეშ მალავს, მაგრამ, სამჭედლოდან შინდაბრუნებული პავლე მაინც ხედავს მას და ნუცას ბავშვის ჩვენებას სთხოვს. ქალი ინსტინქტურად ხვდება, რომ პავლე მას და მის შვილს კარგს არაფერს უქადის და ცდილობს, ბავშვთან ერთად გაიქცეს, მაგრამ, ქმარი დაედევნება და შვილს მოუკლავს, დასისხლიანებული ნუცა კი ძლივს შეასწრებს მამამთილის სახლში. გამთენიისას სოფელი ყველაფერს შეიტყობს. მამასახლისი და გზირიც მოდიან. პავლეს აპატიმრებენ და მიჰყავთ, აქვითინებულ ნუცას კი მამამთილის სახლში კეტავენ, მაგრამ, ღამით, როცა ყველა დაიძინებს, იგი იპარება, თავის სახლში მიდის და იქ თავს იკლავს.
ვარიანტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1904 წლის შემდეგ, მოთხრობა ხელმეორედ დაიბეჭდა 1924 და 1933 წლებში. რეპრესირებული ავტორის რეაბილიტაციის შემდეგ ისევ გამოიცა: შევიდა 1958 წელს გამოცემულ ექვსტომეულსა და 1969 წელს გამოცემულ რვატომეულში. ერთ-ერთ ვარიანტში ნუცას თვითმკვლელობის ეპიზოდი ამოღებულია.
კრიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"უპატრონომ" თავიდანვე მიიპყრო კრიტიკოსთა ყურადღება: 1904 წელს გრიგოლ რცხილაძემ (ზანგის ფსევდონიმით) "ცნობის ფურცელში" საგანგებოდ აღნიშნა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების, მათ შორის — "უპატრონოს" მაღალმხატვრული დონე. იგივე აზრისა იყო ივანე გომართელი, რომელმაც წინასიტყვაობა წარუმძღვარა1924 წელს გამოცემულ მ. ჯავახიშვილის მოთხრობათა პირველ კრებულს[2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| უპატრონო ვიკიწყაროებში |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 2015-12-05.
- ↑ ტარიელ კვანჭილაშვილი (1987). მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება.
| |||||||||||