უოლტერ ჩენდლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უოლტერ ჩენდლერი

უოლტერ ჩენდლერი (დ. 8 დეკემბერი, 1867, მისისიპი – გ. 16 მარტი, 1935 ნიუ-იორკი) — ამერიკელი კონგრესმენი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ლობისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიასა და იურისპრუდენციას სწავლობდა ჰაიდელბერგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. ცხოვრობდა და ადვოკატობას ეწეოდა ნიუ-იორკში. მრავალჯერ იყო არჩეული აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკური პარტიიდან (1913-1919; 1921-1923 წლებში.) შემდგომში კვლავ ადვოკატობას მიჰყო ხელი. კონგრესმენობის პერიოდში იცავდა ებრაელი უმცირესობის ინტერესებს. 1919 წლიდან იცავდა ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკის ინტერესებს და იყო მათი ლობისტი. ამ პერიოდში, ქართულ-აზერბაიჯანული დელეგაციების თხოვნით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ლობისტობაც იკისრა. 1920 წლის 25 დეკემბერს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა „ნიუ იორკ ტაიმსში“ სათაურით:

ვიკიციტატა
„„ხუთი მებრძოლი რესპუბლიკა: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, აზერბაიჯანი, საქართველო და მათი საჭიროებანი“.“

ავტორი კავკასიასა და ბალტიისპირეთს ბოლშევიზმის წინააღმდეგ აღმართულ ბურჯებს უწოდებდა, რომლებიც მისგან იცავდნენ დანარჩენ კაცობრიობას.

ჩენდლერმა შეძლო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა აშშ-ის მიერ ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის პროცესში, მაგრამ იგივე ვერ შეძლო საქართველოსათვის. როგორც ჩენდლერის საპასუხოდ წერდა 1921 წლის „ნიუ იორკ ტაიმსის“ სარედაქციო წერილის ავტორი:

ვიკიციტატა
„ერთი წლის წინათ არაფერი ისე სტაბილურად არ გამოიყურებოდა, როგორც საქართველო, მოკავშირეთა მისიები ხელშეკრულებებს დებდნენ საქართველოს მთავრობასთან და ეკონომიკურ ურთიერთობასაც აწყობდნენ... თუმცა ამ ახლად შექმნილმა რესპუბლიკებმა ვერ გაძლეს მფარველობის გარეშე და წაღებულ იქნენ ბოლშევიკური წყალდიდობის მიერ.“

ჩენდლერი საქართველოს ინტერესებს მისი გასაბჭოების შემდეგაც იცავდა. გარდა კონგრესისა, ცდილობდა წითელი ჯვრისა და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში გაეწია ლობირება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებისათვის. ასეთ საკითხებს მიეკუთვნებოდა: საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტთა დახმარება; ოკუპირებულ საქართველოს მოსახლეობისათვის ხორბლის გაგზავნა და ა.შ. ჩენდლერის თხოვნით, 1921 წლის დეკემბერში ევროპიდან ვაშინგტონში სამუშაოდ ჩავიდა ზურაბ ავალიშვილი, რომელიც შეხვდა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, ჰერბერტ ჰუვერს (მომავალ პრეზიდენტს). ამ შეხვედრის შედეგად საქართველო მოხვდა რუსეთის იმპერიის იმ რეგიონთა შორის, რომელმაც მიიღო აშშ-ის 20-მილიონიანი პროდუქტით დახმარების ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 493, თბ., 2018 წელი.