უოლის სიმპსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უოლის სიმპსონი
წოდებები
უინძორის ჰერცოგინია
დაიბადა 19 ივნისი, 1896
პენსილვანია, აშშ
გარდაიცვალა 24 აპრილი, 1986, (89 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე(ები) ერლ ვინფელდ სპენსერი
(ქ. 1916 - განქ. 1927)
ერნესტ ოლდრიხ სიმპსონი
(ქ. 1928 - განქ. 1937)
ედუარდი, უინძორის ჰერცოგი
(ქ. 1937 - გარდ. 1972)
მამა ტიკლ უოლის უორფელდი
დედა ელის მონტეგი

უოლის სიმპსონი (ინგლ. Wallis Simpson), დაბადების სახელია ბესი უოლის უორფელდი (ინგლ. Bessie Wallis Warfield; დ. 19 ივნისი, 1896, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები — გ. 24 აპრილი, 1986, პარიზი, საფრანგეთი) — ამერიკელი ბანოვანი და დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VIII-ის, შემდგომში უინძორის ჰერცოგის მეუღლე, რომლის უოლისზე ქორწინების გამო ტახტიდან გადადგომამაც ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. გადადგომის შემდეგ უოლისის მაზლმა, მეფე ჯორჯ VI-მ ძმასა და მის ცოლს უინძორის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის წოდება მისცა. მოგვიანებით ისინი ცნობილები იყვნენ თავიანთი სიმპათიით ნაცისტური მთავრობისადმი, რის გამოც 1937 წელს ცოლ-ქმარი ადოლფ ჰიტლერსაც შეხვდა. აღსანიშნავია, რომ იგი 1936 წელს წლის ადამიანი და ამ წოდების მქონე პირველი ქალი გახდა ისტორიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა უოლისი

უოლის სიმპსონი დაიბადა სკუეარ კოტეჯში, პენსილვანიის შტატის მონტერეი-ქანთრი-კლაბში. იგი იყო ტიკლ უოლის უორფელდისა და ელის მონტეგის ერთადერთი შვილი. იგი ქალაქის მთავარი ბანოვანის ასული იყო და შესაბამისად, ბავშვობაც ფუფუნებაში გაატარა. ცნობილია, რომ ბაბუამისი, ჰენრი მაკტიერ უორფელდი 1875 წელს ბალტიმორის მერადაც იქნა არჩეული. როგორც ცნობილია, მისი მშობლები 1895 წლის 19 ნოემბერს დაქორწინდნენ ბალტიმორში. უოლისის მამა მისი დაბადებიდან მალევე, 1896 წელსვე დაიღუპა.

1901 წელს უოლისის დეიდა, ბესი მერიმენი დაქვრივდა და ისიც დედასთან ერთად მასთან გადავიდა საცხოვრებლად ოთხოთახიან სახლში, რომელიც ბალტიმორის პრესტიჟულ უბანში მდებარეობდა. აქ ისინი 1908 წლამდე დარჩნენ, სანამ უოლისის დედა მეორედ არ დაქორწინდა დემოკრატიული პარტის უფროსის ვაჟ ჯონ ფრიმანზე.

1912-1914 წლებში უოლისის ბიძამ დააფინანსა მისი განათლების მიღება ოდფილდსის სკოლაში, რომელიც მერილენდის ყველაზე პრესტიჟული სკოლა იყო მდიდარი გოგონებისთვის.

1916 წლის აპრილში უოლისი ბიძაშვილთან სტუმრობისას ფლორიდაში შეხვდა აშშ-ს სამხედრო ფლოტის ავიატორს, ერლ ვინფელდ სპენსერს. წყვილი მალევე დაახლოვდა და იმავე წლის 8 ნოემბერს ბალტიმორში დაქორწინდნენ. ვინაიდან იგი სამხედრო იყო, უოლისს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქმარი ერთხელაც არ უნახავს. ერლ ვინფელდი მას მხოლოდ 1921 წელს დაუბრუნდა. ამის შემდეგ, 1924 წელს წყვილი ჩინეთში წავიდა სამოგზაუროდ, სადაც ჰონგ-კონგში ყოფნისას უოლისი შეუძლოდ გახდა, ამან კი მათი ტური შეაფერხა, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩავიდნენ ბეიჯინგში. აქ ისინი შეხვდნენ მუსოლინის სიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ გალეაცო კიანოს. სწორედ ამ მოგზაურობისას გაჩნდა მათ ქორწინებაში ბზარები, რის გამოც ერლმა უოლისი ჩინეთში დატოვა და თავად ამერიკაში დაბრუნდა. 1927 წლის 10 დეკემბერს ისინი განქორწინდნენ.

ედუარდი და უოლისი 1934 წელს

განქორწინებისთანავე მას ანგლო-ამერიკელი ოფიცერი ერნესტ ოლდრიხ სიმპსონი შეუყვარდა. ისინი სულ მალე, 1928 წლის 21 ივლისს დაქორწინდნენ ლონდონში. 1929 წელს უოლისი იძულებული გახდა ამერიკაში დაბრუნებულიყო ავადმყოფი დედის სანახავად, რომელიც იმავე წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა, რის გამოც იგი ბრიტანეთში დაბრუნდა. ამ პერიოდში იგი განსაკუთრებით დაუახლოვდა ფარნესის ვიკონტესა თელმას, რომელიც უელსის პრინც ედუარდის საყვარელი იყო. 1931 წლის 10 იანვარს თელმამ უოლისს პრინცი ედუარდი გააცნო, რომელიც იყო მეფე ჯორჯ V-ისა და დედოფალ მარია ტეკელის უფროსი ვაჟი და ტახტის პირველი მემკვიდრე.

1934 წელს თელმა ნიუ-იორკში გადასახლდა, რის გამოც პრინცის ახალი საყვარელი უოლისი გახდა. მათ რომანს დიდი სკანდალი არ მოჰყოლია, რადგან სამეფო კარზე ყველა მიჩვეული იყო პრინცის საყვარლების ხშირ ცვლას. 1936 წლის 20 იანვარს მეფე ჯორჯ V გარდაიცვალა და ტახტი ედუარდ VIII-მ დაიკავა. სულ მალე მეფემ გამოაცხადა, რომ სურდა უოლისზე დაქორწინებულიყო, რითაც დაიწყო დიდი სკანდალი. პირველ რიგში იგი გათხოვილი ქალი იყო, თანაც მისი საყვარელი, არც ისე კარგი რეპუტაციის მქონე, არ ჰქონდა სამეფო ჩამომავლობა და ა.შ. მას ქორწინებაზე უარი უთხრა როგორც პარლამენტმა, ისე ინგლისის ეკლესიამ. საბოლოოდ ეკლესია მაინც წავიდა დათმობაზე და ედუარდს მისი მორგანატიკულ ცოლად დასმა შესთავაზა, თუმცა მეფეს ეს არ უნდოდა. ვინაიდან ედუარდს, როგორც მეფეს, არ შეეძლო უოლისთან სრულფასოვან ქორწინებაში ცხოვრება, გადაწყვიტა, რომ ტახტიდან გადამდგარიყო. იგი ასეც მოიქცა და 1936 წლის 11 დეკემბერს ოფიციალურად დატოვა პოსტი თავისი უმცროსი ძმის, მეფე ჯორჯ VI-ის სასარგებლოდ.

1937 წლის მაისში დასრულდა უოლისის განქორწინების პროცესიც, რასაც იმავე წლის 3 ივნისს შატო დიუ კანდეში, საფრანგეთში მოჰყვა ედუარდისა და უოლისის ქორწინება. პროტესტის ნიშნად ქორწილს ედუარდის ოჯახის არცერთი წევრი არ დასწრებია. ცნობილია, რომ უოლისს მესამე ქორწილში ლურჯი კაბა ეცვა. მათი ქორწინება საბოლოოდ ინგლისურმა ეკლესიამაც სცნო, მეფე ჯორჯმა კი თავის ძმას უინძორის ჰერცოგობა უბოძა, მისი მეუღლე კი შესაბამისად ჰერცოგინია გახდა. თავდაპირველად სამეფო ოჯახი მას მაინც არ იღებდა და ედუარდი თავის დედასა და და-ძმებს მის გარეშე ხვდებოდა ხოლმე. საბოლოოდ მისმა რძალმა, დედოფალმა ელისაბედ ბოუზ-ლაიონმა გადადგა პირველი ნაბიჯი და უოლისს დაუახლოვდა, რომელსაც ოჯახის სხვა წევრებმაც მიბაძეს და იგი ოჯახში მიიღეს.

უოლისი და ედუარდი თეთრ სახლში პრეზიდენტ ნიქსონთან ერთად, 1970 წელი.

მეორე მსოფლიო ომამდე წყვილი საფრანგეთში ცხოვრობდა. ცნობილია, რომ ისინი განსაკუთრებულ სიმპათიას გამოხატავდნენ გერმანიაში მოღვაწე ნაცისტური მთავრობისადმი, რის გამოც 1937 წელს მის ლიდერ ადოლფ ჰიტლერსაც შეხვდნენ. ომის დროს წყვილი ბაჰამაზე წავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდნენ და ნასაუში დასახლდნენ, სადაც იგი აქტიურად მონაწილეობდა წითელი ჯვრის საქმიანობაში. თუმცაღა უოლისს სძულდა ნასაუ და მას „ჩვენს წმინდა ელენეს“[1] უწოდებდა. 1945 წელს, ნაცისტების დამარცხების შემდეგ წყვილი კვლავ საფრანგეთში გადასახლდა.

საფრანგეთში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ 1965 წელს უინძორის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლონდონში ჩავიდნენ, რადგან ედუარდს თვალის სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. აქ მათ ედუარდის ძმისწული, უკვე დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II და მისი ბიცოლა, კენტის ჰერცოგინია მარინა ბერძენი ეწვივდნენ მოსანახულებლად. 1967 წელს ელისაბედ II და მისი ვაჟი, უელსის პრინცი ჩარლზი უკვე პარიზში ეწვივნენ ედუარდსა და უოლისს მათ რეზიდენციაში. ედუარდი 1972 წელს გარდაიცვალა ყელის კიბოთი. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს დიდ ბრიტანეთში, ბუკინგემის სასახლის სამლოცველოში.

დაქვრივების შემდეგ უოლისი აღარ გათხოვილა. სულ მალე მას დემენცია დაუდგინდა. იგი თავის პარიზულ რეზიდენციაში ცხოვრებას განაგრძობდა. იგი სწორედ პარიზში, 1986 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა 89 წლის ასაკში. იგი მალევე გადაასვენეს ლონდონში და ედუარდის გვერდით დაკრძალეს. მის დაკრძალვას მრავალი ადამიანი დაესწრო, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრები: დედა-დედოფალი ელისაბედ ბოუზ-ლაიონი, დედოფალი ელისაბედ II, მისი ქმარი, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპე, მათი ვაჟი, უელსის პრინცი ჩარლზი და უოლისის მაზლის ცოლი, გლოსტერის ჰერცოგინია ალისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ეს იმიტომ, რომ ნაპოლეონი საბოლოოდ წმინდა ელენეს კუნძულზე იძულებით ემიგრაციაში ცხოვრობდა და უოლისი მიიჩნევდა, რომ ნასაუში ისიც ასე იყო.