რობერტ უოდლოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უოდლოუ, რობერტ)
რობერტ უოდლოუ

რობერტ უოდლოუ და მამამისი — ჰაროლდ ფრანკლინ უოდლოუ, რომლის სიმაღლეა 182 სმ
დაბადების თარიღი 22 თებერვალი 1918
ოლტონი, ილინოისი
გარდაცვალების თარიღი 15 ივლისი 1940
მანისტი, მიჩიგანი
სიმაღლე 272 სმ

რობერტ პერშინგ უოდლოუ (ინგლ. Robert Pershing Wadlow; დ. 22 თებერვალი, 1918, ოლტონი, ილინოისი — გ. 15 ივლისი, 1940, მანისტი, მიჩიგანი) — გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანი, რომლის შესახებ ცნობები ეჭვგარეშეა და რომლის სიმაღლე 272 სმ-ს უდრიდა.[1][2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ უოდლოუ მძიმედ იყო დაავადებული ჰიპოფიზით, რამაც გამოიწვია და დააჩქარა მისი სიმაღლეში ზრდა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრდებოდა. როდესაც იგი გარდაიცვალა მისი სიმაღლე 272 სმ-ით იყო შეფასებული, ხოლო წონა 199 კგ-ით. ამრიგად, უოდლოუ სიმაღლეში 26 სმ სჭარბობს დღეისათვის ყველაზე მაღალი ადამიანის — სულთან კოსენის (246 სმ) სიმაღლეს.

უოდლოუს მშობლები ნორმალური სიმაღლისა იყვნენ; მაგ.: მამამისი, ჰაროლდ უოდლოუ სიმაღლეში 182 სმ აღწევდა და 77 კგ იწონიდა. 4 წლამდე რობერტი ნორმალური ტემპით იზრდებოდა, თუმცა ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა უოდლოუს კონსტრუქცია; იგი არნახული ტემპებით იზრდებოდა სიმაღლეში. ყველასათვის წარმოუდგენელი იყო როდესაც ბიჭუნა 8 წლის ასაკში სიმაღლეში 188 სმ აღწევდა. 9 წლისა კი იმდენად განვითარდა, რომ საკუთარ მამას ხელით ატარებდა. 10 წლისას მისი სიმაღლე 198 სმ უდრიდა, ხოლო წონა 100 კგ-ს.

სრულწლოვნების პერიოდში (18 წლის ასაკში) რობერტ უოდლოუმ სიმაღლეში 254 სმ-ს მიაღწია და იწონიდა 177 კგ-ს. ამ პერიოდში უოდლოუ მთელს ამერიკაში გახდა ცნობილი და მას სრულიად უფასოდ უკერავდნენ ფეხსაცმელს (ამ მომენტისათვის მისი ფეხის ზომა 49-ით განისაზღვრებოდა).

მიუხედავად ყველაფრისა, იგი ჩვეულებრივ ცხოვრებას მისდევდა. სკოლა 18 წლის ასაკში დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა. იმავე წელს, ცირკთან ერთად მთელი აშშ მოიარა, ხოლო 1938 წლიდან მუდმივად მონაწილეობდა სხვადასხვა წარმოდგენებში, ხშირად პუბლიკაში ჩნდებოდა და ყველგან დიდ ყურადღებას იპყრობდა. ამიერიდან მას „კეთილი გიგანტი“ უწოდეს. როდესაც მას 21 წელი შეუსრულდა მისი სიმაღლე 2.63 სმ-ით განისაზღვრებოდა, ხოლო წონა 223 კგ-ს უდრიდა.

უოდლოუს ფეხსაცმელი

მცირე ასაკში მისი ჯანმრთელობა მძიმედ შეირყა. არნახული ტემპებით სიმაღლეში ზრდამ გამოიწვია ფეხების მგრძნობიარობის დაქვეითება. 1940 წლის 27 ივნისს რობერტ უოდლოუ უკანასკნელად გაზომეს სიმაღლეში და მისმა სიმაღლემ შეადგინა 272 სმ. ყველაფერი გაუარესდა მას შემდეგ, რაც უოდლოუს სეფსისი დაეწყო. ექიმები დიდი ძალისხმევით ცდილობდნენ მისი სიცოცხლის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ. რობერტ უოდლოუ, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ადამიანი 1940 წლის 15 ივლისს ძილში გარდაიცვალა.

უოდლოუს გასვენებაში 40 ათასი კაცი იმყოფებოდა. მისი სასახლე ნეხევარ ტონას იწონიდა და მას 12 კაცი მიაცილებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tallest Man. Guinness World Records (March 19, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-19. ციტირების თარიღი: 2010-03-19. at Wayback machine
  2. World's Tallest Man. http://www.worldslargestthings.com.+ციტირების თარიღი: March 7 2012.
  3. Robert Wadlow, World's Tallest Man, Alton Illinois. Roadside America. ციტირების თარიღი: March 7 2012.