უნგრული ხმალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უნგრული ხმალი — ქართული ხმლის ერთ-ერთი სახეობა. მთლიანი პირის სიგრძეა - 78,5 სმ.

პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ორღარიანია, ცალლესული, მოხრილი. აქვს 20 სმ. სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). პირზე ვადიდან წვერამდე ორი ფართო ღარი მიჰყვება. პირის ერთ მხარეს შუა წელზე გამოსახულია ხმალამოწვდილი ჰუსარი, ქვემოთ კი ორმწკრივად წარწერაა: PRO DEO ET PATRIA (ღმერთისა და მამულისათვის). წარწერის ქვემოთ ორქიმიანი ჯვარია, განშტოებებზე რგოლებით. ჯვრის ქვემოთ წარწერა სამ მწკრივად - PRO PATRIA ET LIBERTAT VITAM (სიცოცხლე მამულისა და თავისუფლებისათვის).

წარწერის ქვემოთ გამოსახულია მოფრიალე ლენტი გაკრული წარწერით - „E.Luckhau“ ხმლის მეორე მხარეს შემდეგი გამოსახულებებია: შუა წელზე ღრუბლებში მდგომი ღვთისმშობელი ყრმით, ქვემოთ წარწერა (P)ATRONA UNGARIA ...RCO MARIA (უნგრეთის მფარველი ქალწული მარიამი). ამ წარწერის ქვემოთ გამოსახულია გერბი სამეფო გვირგვინით. ამ უკანასკნელის ქვემოთ კი მოცემულია ასევე მოფრიალე ლენტი გაკრული წარწერით „Eisenhauer“ (ზოლინგენში არსებული ერთ-ერთი საიარაღო ქარხნის ნიშანი). აღნიშნული დამღები უნგრული წარმომავლობისაა, მაგრამ XIX საუკუნეში ისინი ზოლინგენში არსებულ ქარხნებში გამოიყენებოდა. საყურადღებოა, რომ საქართველოში უნგრული ხმლები XVII-XVIII საუკუნეებიდანვე ცნობილი იყო და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. შემდეგ უკვე XIX საუკუნეში გერმანიაში დაიწყეს უნგრულ დამღიანი ხმლების დამზადება, რომლებიც, ასევე 318 დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში და მთელ კავკასიაში. აღწერილი პირი გერმანული ვარიანტია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ამ დამღის ქართული მინაბაძებიც არსებობდა.

ხმალზე დაგებულია ვერცხლის ტარი, რომლის მთლიანი ზედაპირი სევადით გამოყვანილი ორნამენტებითაა მორთული. ტარის შუა ნაწილზე სამ ადგილას ცვრიანი მავთულია გადახვეული. ტარის გაფართოებული ბოლო ზემოდან სოლისებურად ჩახსნილია. ამ ადგილზე არის სევადით შესრულებული ვარდული, რომელიც თითქოს წრიულ ჩარ-ჩოში ზის. ქარქაში დამზადებულია ხისაგან, რომლის ზედა ნაწილზე გადაკრულია 2/3-ზე წითელი ტყავი, ხოლო ქვედა ნაწილზე _ მწვანე და შავზოლიანი ქსოვილი. ქარქაშზე მოცემულია 2 სალტე, ერთი 11 სმ. სიგრძისა - ქარქაშის თავთან და მეორე 3 სმ. სიგანისა - ქარქაშის ტყავისა და ქსოვილის შეერთების ადგილას. ორივე სალტე მორთულია სევადით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით. ზედა სალტეზე ისეთივე მოსევადებულია, როგორიც ხმლის ტარზე იყო გამოსახული. ქარქაშს აკლია ბუნიკი. დაზიანებულია ქსოვილი. ხმალი ქარქაშში ეგება ტარის გაფართოებულ ადგილამდე.ქარქაშის ზედა სალტეზე კიდესთან ახლოს მოცემულია დამღა - მცირე მართკუთხედში ჩასმული წმინდა გიორგი, რომელიც გველეშაპს გმირავს, შემდეგ, ასევე მართკუთხედში ჩასმულია ციფრი - 84 (ვერცხლის სინჯი). მართკუთხედშივე ორმწკრივად ასოები - E.B. (ე.ი. ბლუმბერგი, სასინჯი პალატის კონტროლიორი) და თარიღი 1863 წელი. ასეთ დამღებს თბილისის ოლქის სასინჯი პალატა 1843-1886 წლებში იყენებდა. თბილისური დამღის არსებობა საშუალებას იძლევა აღნიშნული ხმალი მივაკუთვნოთ ქართველ, კერძოდ თბილისელ ოსტატებს. აღსანიშნავია, რომ დაწყებული XVII-XVIII საუკუნეებიდან უნგრული ხმლები იმდენად პოპულარული იყო, რომ XIX საუკუნის თბილისელი ოსტატებიც კი, აქტიურად ამზადებდნენ ამ ხმლებს, რათა დაეკმაყოფილებინათ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებები.

გარდა დახასიათებული „უნგრული” ხმლებისა, რომელთა პირებიც გერმანიიდან იყო შემოტანილი, თბილისში ადგილობრივი, ქართული ხმლის პირები მზადდებოდა. აღსანიშნავია, რომ XVIII-XIX საუკუნეებში საქართველო იარაღის გამავრცელებელი კერა ყოფილა. პოლკოვნიკ ბურნაშოვის ცნობით, XVIII საუკუნის თბილისის შესახებ აღნიშნულია, რომ „კავკასიის ყველა მთის ხალხებსა და მახლობელ ირანელ მეზობლებს სხვა ნივთებთან ერთად „ხმლებსა და ხანჯლებს“ თბილისიდან აწვდიდნენ“. ჩამოთვლის რა თბილისურ საბრძოლო იარაღის სახეებს, იოანე ბატონიშვილიც მიუთითებს: „იხილეს მუნ მეჩახმახეები, მეთოფეები და ხმლის მკეთებლები...” მხატვარ გაგარინის მიერ შესრულებულ თბილისის ბაზრის წინა პლანზეც სწორედ ხმლებით ვაჭრობაა ასახული. ნახატის ამხსნელ ტექსტში კი, გაგარინი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ „თბილისის ბაზრის ქუჩებში ნახავთ იარაღის ოსტატებს, რომლებიც ხმლებს ჭედავენ“. თბილისში საიარაღო საქმის ასეთი აყვავება არც იყო გასაკვირი, რადგან თბილისი იმ დროს კავკასიის დედაქალაქი იყო 319 და დამკვეთიც და შემსრულებელიც ერთ ადგილას იყრიდა თავს. აქ მოღვაწეობდნენ, როგორც ქართველი ისე, არაქართველი თბილისელი ოსტატები, რომელთა ნახელავი ცივი იარაღი შესაძლოა „თბილისური ხმლების“ კატეგორიაში გაერთიანდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010
  • Аствацатурян Э. Г., Указатель клейм и имен кавказских мастеров оружейного и серебрянного дела, Москва, 1982
  • ჩოლოყაშვილი კ., „ბულატის თბილისელი ოსტატები,” ჟურ. მეცნიერება და ტექნიკა N5, 15-17, 1956