ულრიხ ცვინგლი
ულრიხ (ჰულდრაიხ) ცვინგლი (Huldrych/Ulrich Zwingli; დ. 1 იანვარი, 1484, ვილდჰაუზი, ტოგენბურგის საგრაფო — გ. 11 ოქტომბერი , 1531, კაპელი) — შვეიცარიის საეკლესიო რეფორმატორი და პოლიტიკური მოღვაწე, პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულების ― ცვინგლიანობის ფუძემდებელი. თავისი დროის ერთ-ერთი უაღრესად განათლებული ჰუმანისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1506 მიიღო მღვდლის თანამდებობა გლარუსში; მონაწილეობდა იტალიურ ომებში როგორც ლეგიონის მოძღვარი. 1519 წლის იანვარს ცვინგლი დანიშნეს კათედრალური ტაძრის მოძღვრად ციურიხში, აქვე დაუკავშირდა იგი პატრიციატისა და თავადაზნაურობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას, რომელსაც აწარმოებდა ბიურგერობის პროგრესული ფენა ამქრებსა და გლეხობასთან ერთად. აქვე შეიმუშავა მან საეკლესიო და პოლიტიკური წყობილების გარდაქმნის პროგრამა, რომელიც გადმოცემულია მის „67 თეზისში“ (1522). ცვინგლმა აშკარად გაწყვიტა კავშირი რომის პაპთან. 1523 გაიმარჯვა კათოლიკეებთან გამართულ დიპუტში. საეკლესიო და პოლიტიკური წყობილების რეფორმას ციურიხში ცვინგლი შეუდგა 1523-იდან. დახურეს მონასტრები, ეკლესიებს მოაცილეს „წმინდათა“ ნაწილები და ხატები, ჩამორთმეული სამონასტრო ქონება კი მოხმარდა საქველმოქმედო და განათლების საქმეებს, რომელიც დაექვემდებარა საერო ხელისუფლებას ― დიდ საბჭოს, სადაც ამქრები ბატონობდნენ. საერო ხელისუფლებას დაემორჩილა ეკლესიაც, ქალაქიდან განდევნეს ანაბაპტისტები. ცვინგლი დაუპირისპირდა კათოლიკური ტყის კანტონებს და მათთან სამხედრო შეტაკებისას (კაპელთან ბრძოლაში) ციურიხის ჯარი დამარცხდა, ცვინგლი ამ ბრძოლაში დაიღუპა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუტალია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 208.