შინაარსზე გადასვლა

ულპიანე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულპიანეს XIX საუკუნის ქანდაკება ბრიუსელის (ბელგია) ნეოკლასიკურ იუსტიციის სასახლეში.

ულპიანე (დ. 170 — გ. 223 ან 228) — რომაელი იურისტი, დაბადებული ტვიროსში, რომაულ სირიაში (თანამედროვე ლიბანში).[1][2] ულპიანე (ლათ. Gnaeus Domitius Annius Ulpianus) რომში საცხოვრებლად გადასვლის მერე, თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს სამართლებრივ ავტორიტეტად იქცა.

ვალენტინიანე III-ის „ციტირების კანონის“ მიხედვით, ულპიანე იყო იმ ხუთ იურისტთაგან ერთ-ერთი, რომელთა ნაშრომებსაც სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა დაფუძნებოდა.[3] გარდა ამისა, იუსტინიანეს დიგესტების დაახლოებით ერთი მესამედი სწორედ ულპიანეს ნაშრომებისგან შედგება.[4]

იუსტინიანე I-ის მიერ 530–533 წლებში შედგენილი დიგესტები, თავად ულპიანეს ციტირებისას, გვაწვდის ინფორმაციას, რომ იურისტი დაიბადა რომაულ სირიაში, ქალაქ ტვიროსში:

Ulpianus 1 de cens

Sciendum est esse quasdam colonias iuris italici, ut est in syria phoenice splendidissima tyriorum colonia, unde mihi origo est, nobilis regionibus, serie saeculorum antiquissima, armipotens, foederis quod cum romanis percussit tenacissima: huic enim divus severus et imperator noster ob egregiam in rem publicam imperiumque romanum insignem fidem ius italicum dedit:

„უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს იტალიური სამართლის მქონე გარკვეული კოლონიები, როგორც სირიაშია ფინიკია — ტვიროსელთა ბრწყინვალე კოლონია, საიდანაც მე წარმოვშობილვარ; მხარეებს შორის წარჩინებული, საუკუნეთა მწკრივში უძველესი, იარაღით ძლიერი და რომაელებთან დადებული ხელშეკრულებისადმი უმტკიცესი ერთგულებით გამორჩეული: სწორედ მას, რესპუბლიკისა და რომის იმპერიისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულებისთვის, ჩვენმა ღვთაებრივმა სევერუსმა და იმპერატორმა იტალიური სამართალი უბოძა.“[5]

ულპიანეს ლიტერატურული მოღვაწეობის პიკი 211-დან 222 წლამდე პერიოდს მოიცავს. საჯარო მოღვაწედ ულპიანე პირველად გამოჩნდა პაპინიანეს აუდიტორიის მრჩევლად და სეპტიმიუს სევერუსის საბჭოს წევრად. კარაკალას დროს ულპიანეს ეკავა ლათ. magister libellorum-ის (განცხადებების მაგისტრი) თანამდებობა.

ჰელიოგაბალუსმა ულპიანე რომიდან გააძევა, თუმცა ალექსანდრე სევერუსის ტახტზე ასვლისთანავე (222 წ.) ულპიანე რომში დაბრუნდა და საბოლოოდ იმპერატორის მთავარი მრჩეველი და პრეტორის პრეფექტი (ლათ. Praefectus Praetorio) გახდა.

სევერუსების დინასტიის დროს რომის იმპერიაში პრეტორის პრეფექტის თანამდებობა სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა ზოგად ადმინისტრაციულ პოსტს. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ტენდენცია, რომ ამ თანამდებობაზე ისეთი იურისტები დაენიშნათ, როგორიც პაპინიანე იყო. ალექსანდრე სევერუსის დროს ეს პოსტი ულპიანეს ეკავა მანამ, სანამ იგი თავად იმპერატორის თვალწინ პრეტორიანელებმა არ მოკლეს.

ულპიანეს მიერ პრეტორიანელების იმ პრივილეგიების შეკვეცამ, რომლებიც ჰელაგაბალუსმა მიანიჭა, მათი მხრიდან მტრული განწყობა გამოიწვია. საბოლოოდ, ულპიანე სასახლეში მოკლეს, სავარაუდოდ, ჯარისკაცებსა და ხალხს შორის მომხდარი არეულობის დროს.[4]

ცნობილია, რომ ულპიანეს ჰქონდა მდიდრული ვილა სანტა-მარინელაში, რომის ჩრდილოეთ სანაპიროზე.

ულპიანეს ნაშრომები მოიცავს:

  • ლათ. Ad Sabinum - კომენტარი სამოქალაქო სამართალზე, 50-ზე მეტ წიგნად;
  • ლათ. Ad edictum - კომენტარი ედიქტზე, 83 წიგნად;
  • მოსაზრებების, პასუხებისა და დისპუტების კრებულებს;
  • წესებისა და ინსტიტუციების შესახებ წიგნებს;
  • ტრაქტატებს სხვადასხვა მაგისტრატის ფუნქციების შესახებ - მათგან ერთ-ერთი, ათწიგნიანი ნაშრომი ლათ. De officio proconsulis libri x („პროკონსულის მოვალეობის შესახებ"), რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის ყოვლისმომცველ ექსპოზიციას;
  • მონოგრაფიებს სხვადასხვა სტატუტზე, საანდერძო მინდობილობებზე (ფიდეიკომისებზე) და სხვა მრავალ ნაშრომს.

ულპიანეს ნაშრომები იუსტინიანეს „დიგესტების“ მოცულობის მესამედს შეადგენს, ხოლო ულპიანეს კომენტარი ედიქტზე — მეხუთედს.

ულპიანეს მიეწერება ისტორიაში პირველი „სიცოცხლის ხანგრძლივობის ცხრილის“ (ინგლ. life table) შექმნა.[6]

ულპიანე, ყველაზე მეტად ცნობილია ფრაზით: ლათ. „Juris praecepta sunt haec: honeste vivere, alterum non laedere, suum cuique tribuere“ (სამართლის ძირითადი პრინციპებია: იცხოვრო ღირსეულად, არ ავნო სხვას, მიაგო თითოეულს თავისი).[7] ულპიანეს მიეწერება მაქსიმაც: ლათ. „Dominus membrorum suorum nemo videtur“ (არავინ მიიჩნევა საკუთარი სხეულის ნაწილების მესაკუთრედ) (ედიქტი, D9).[8]

ითვლებოდა, რომ ტვიროსელი ულპიანე იყო ათენეოსის ნაწარმოების, ლათ. „Deipnosophistae“ („სწავლულთა ნადიმი“), ულპიანეს პერსონაჟის პროტოტიპი.

ათენეოსი ულპიანეს წარმოაჩენს გრამატიკოსად და ფილოლოგად, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი სიტყვები: „სად გვხვდება ეს სიტყვა წერილობით წყაროებში?“. ულპიანეს გარდაცვალების შესახებ XV წიგნის 686c ნაწილში არაფერია ნათქვამი. თანამედროვე მკვლევრები თანხმდებიან, რომ ათენეოსის პერსონაჟი, ულპიანე, არ არის ისტორიული ულპიანე, არამედ, შესაძლოა, მამამისი იყოს.

ულპიანეს გარდაცვალების სავარაუდო თარიღი - ახ. წ. 228 წელი - შეცდომით გამოიყენებოდა ლათ. „Deipnosophistae“-ის დასრულების თარიღის გამოსათვლელად. თუმცა, ულპიანეს სიკვდილის ზუსტი თარიღი ვერ დგინდება. თუმცა, რობერტ ლი კლივი, 1966 წელს აღმოჩენილ პაპირუსზე დაყრდნობით, დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ ულპიანე 223 წელს გარდაიცვალა.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Ledlie, James Crawford (1913). „Ulpian“, Great Jurists of the World. John Murray, გვ. 32-44. 
  • Frier, B (1982). „Roman Life Expectancy: Ulpian's Evidence“. Harvard Studies in Classical Philology. United States. 86: 213–51. doi:10.2307/311195. ISSN 0073-0688. JSTOR 311195. PMID 16437859.
  • Hassl, Andreas R (2008). „The Significance of Malaria in the Western Roman Empire: A text passage in the Digesta“. Wien. Klin. Wochenschr. Austria. 120 (19-20 Suppl 4): 11–14. doi:10.1007/s00508-008-1033-2. ISSN 0043-5325. PMID 19066765. S2CID 27800762.
  1. Ulpian | Roman jurist en. ციტირების თარიღი: 2019-05-10
  2. Liebs, Detlef; Garber, Rebecca L. R. (2012-05-10) Summoned to the Roman Courts: Famous Trials from Antiquity (en). Univ of California Press. ISBN 978-0-520-25962-1. 
  3. Kaiser, Wolfgang (2015). „Justinian and the Corpus Iuris Civilis“, The Cambridge Companion to Roman Law (en). Cambridge University Press, გვ. 120. ISBN 9781139034401. 
  4. 1 2 თარგი:EB1911
  5. Ulpian at Dig. 50.15.1pr.. Digesta. ციტირების თარიღი: 5 January 2026
  6. Frier, Bruce (1982). „Roman Life Expectancy: Ulpian's Evidence“. Harvard Studies in Classical Philology. 86: 213–251. doi:10.2307/311195. ISSN 0073-0688. JSTOR 311195. PMID 16437859.
  7. Justinian, Digest 1.1.10, in (1985) The Digest of Justinian. Philadelphia: University of Pennsylvania Press. 
  8. Quoted in England and Wales Court of Appeal (Civil Division), Jonathan Yearworth & Ors v North Bristol NHS Trust [2009] EWCA Civ 37, delivered on 4 February 2009, accessed on 21 November 2025
  9. Robert Lee Cleve, "Severus Alexander and the Severan Women" PhD diss (Los Angeles: University of California Los Angeles, 1982): 222ff.