უკანახოს მეორე საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანახოს მეორე საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ვაკისსოფელში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სახლი ორსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვის მშრალი წყობით. პირველი სართული ყრუკედლებიანი გომურია (8,5 x 6 მეტრი), რომელსაც შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან მიშენებული წინკარიდან, ეგრეთ წოდებული დარიფნიდან (5,6 x 1,6 მეტრი) აქვს. გომური მეორე სართულს მხოლოდ თივის ჩასაყრელი მცირე ხვრელით (საკომი) უკავშირდება. მეორე სართული - საცხოვრებელია. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან აქვს, მეორე სართულის წინკარიდანაა (7,6 x 2,1 მეტრი). ამ მხარეს ერთი კარი და ორი ფანჯარაა. ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კედლებში თითო პატარა ნიშია. საცხოვრებელ ოთახზე (9,3 x 7,6 მეტრი) სამხრეთ-დასავლეთიდან მიშენებულია სამეურნეო სათავსი (7 x 3,8 მეტრი), რომელსაც საცხოვრებელი კარით უკავშირდება. სათავსს სამხრეთ-დასავლეთით შესასვლელი და ფანჯარა აქვს. ჩრდილო-დასავლეთით ორი ნიშია, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ერთი. ამავე კუთხეში ქვევრია. იატაკი დატკეპნილი მიწისაა. სართულშუა გადახურვა და ბანური სახურავი ხის კოჭებს ეყრდნობოდა. სახლის უკან, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფერდობზე, დგას ქვით ნაგები გადახურული კალო (საფრის კალო), რომლის იატაკი საცხოვრებლის იატაკის დონეზე 3 მეტრით მაღლაა. კალოს თავზე მდგარა მეორე საბძელი, რომელსაც თივის ორფერდა სახურავი ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]