უკანამხარის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანამხარის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანამხარის ცენტრალურ ნაწილში. ეკუთვნის ი. მნათობიშვილს. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ნაგებია ნატეხი ქვით. ტიხრები წნულია, რომელთა ნაწილი შელესილია მიწანარევი პატივით. სახლი ორსართულიანია. პირველ სართულზე საცხოვრებელ-სამეურნეო სათავსი (7 x 6,4 მეტრი) და სახლზე სამხრეთიდან მოგვიანებით მიშენებული საცხოვრებელი ოთახია (5,6 x 4,2 მეტრი). ოთახს სამხრეთით ერთი კარი და ორი სარკმელი აქვს. საცხოვრებელ-სამეურნეო სათავსში შესასვლელი დასავლეთიდანაა. სათავსის ჩრდილო ნაწილი საქონლისთვისაა განკუთვნილი, აქ იატაკი ფიცრულია. სამხრეთ ნაწილში საცხოვრებელია და მიწური იატაკი აქვს. შუაში გამართულია კერა, რომლის თავზეც ერთმანეთზე გარდიგარდმო დალაგებული ძელებით გვირგვინია შექმნილია. გვირგვინს კვამლის გასასვლელი და ოთახის გასანათებელი ხვრელი (ერდო) აქვს. აღმოსავლეთ კედელში ტიხრებიანი გრძელი ნიშია. საცხოვრებელ ნაწილს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის ქვის კედლებით შემოზღუდული სამეურნეო დანიშნულების ფარდული, რომლის იატაკზე ფიქლის ფილებია მოგებული. მეორე სართულზე კალო და ფარდულია. სართულშუა გადახურვა და სახურავი ხის კოჭებს ეყრდნობა. სახურავი მიწურბანიანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]