უილიამ ჰასკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ ჰასკელ ნაფიუ
ეროვნება ამერიკელი
დაბადების თარიღი 13 აგვისტო, 1878
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი
გარდაცვალების თარიღი 14 აგვისტო, 1952
გარდაცვალების ადგილი კონექტიკუტი
ჯარის სახეობა აშშ-ის არმია და New York Army National Guard
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი

უილიამ ჰასკელი ნაფიუ უმცროსი (13 აგვისტო, 1878, ნიუ-იორკი - 14 აგვისტო, 1952, კონექტიკუტი) — ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ოფიცერი, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელი რუმინეთში და საბჭოთა რუსეთში, 553 მოკავშირეთა უმაღლესი კომისარი სომხეთში (ამიერკავკასიაში). 1897-1901 წლებში სწავლობდა ვესტპოინტის სამხედრო აკადემიაში. მონაწილეობდა ამერიკა-ფილიპინების ომში. პირველი მსოფლიო ომის დროს შედიოდა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ხსნის კომიტეტის მისიაში, რომელსაც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი ხელმძღვანელობდა. იყო კომიტეტის წარმომადგენელი რუმინეთში. 1919 წლის ივნისში, ჰუვერის ინიციატივით, პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა პოლკოვნიკი ჰასკელის კანდიდატურა მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს შესთავაზა ამიერკავკასიაში მოკავშირეთა უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე, უმაღლესმა საბჭომ ჰასკელის სამოქმედო არეალად მხოლოდ სომხეთი განსაზღვრა, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში კი ამერიკელ პოლკოვნიკს მხოლოდ ჰუმანიტარული საქმიანობის უფლება მიენიჭა. ამ პერიოდის აშშ-ის კავკასიური პოლიტიკა ცალმხრივად არმენოფილურ შინაარსს ატარებდა, კონგრესშიც და მთავრობაშიც მძლავრობდა სომხეთისადმი მკაფიო სიმპათიები და დახმარების სურვილი, თუმცა, მანდატის აღება სომხეთზე კონგრესისათვის მაინც მიუღებელი იყო. პრეზიდენტი უილსონი, ხსნის კომიტეტის ხელმძღვანელი ჰუვერი და სხვა მაღალჩინოსნები ცდილობდნენ სომხეთის დახმარებას და სომხური სახელმწიფოს გაძლიერებას, თუმცა მონროს დოქტრინის შენარჩუნებისა და კონგრესთან უთანხმოების გამო, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მით უფრო სამხედრო დახმარების გაწევა ვერ შეძლეს. თავის მხრივ, ჰასკელი, რომელიც ცდილობდა გამხდარიყო მოკავშირეთა კომისარი მთლიანად ამიერკავკასიაში, მუდმივად ცდილობდა დაერწმუნებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მათდამი სიმპათიებში. ქართული პრესა აქტიურად აშუქებდა 1919-1920 წლებში, ჰასკელის საქმიანობას, რომელიც ძირითადად თბილისსა და ერევანს შორის მოგზაურობდა და ცდილობდა სომხეთისათვის სურსათისა და ტანსაცმლის მიწოდების უზრუნველყოფას. პოლკოვნიკი ცდილობდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების შეჩერებას. ჰასკელი სომხეთისა, და ზოგადად, ამიერკავკასიის საკითხზე მოსალაპარაკებლად რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გეგეჭკორს. 1919-1920 წლებში, ჰასკელისა და სომხეთში ამერიკის სამხედრო მისიის ხელმძღვანელის გენერალ ჯეიმზ ჰარბორდის მოხსენებები, მიუხედავად ქართველი ხალხისადმი სიმპათიისა, ბევრ ნეგატიური ინფორმაციას შეიცავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი მთავრობის შესახებ. საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპირების შემდეგ, 1921-1923 წლებში, ჰასკელი იყო ამერიკული მისიის ხელმძღვანელი რუსეთში. შემდგომში ხელმძღვანელობდა წითელ ჯვარს თურქეთ-საბერძნეთს შორის ლტოლვილთა გაცვლის პროცესში. შემდგომში დაბრუნდა ნიუ-იორკში და გააგრძელა სამხედრო სამსახური. 1832 წელს, ჰუვერის ინსტიტუტმა პოლკოვნიკი ჰასკელის მოგონებები გამოსცა, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ ამიერკავკასიას შეეხება. მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში. მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 546.