უილიამ კოლმენი
| უილიამ კოლმენი | |
|---|---|
![]() | |
| დაბადების თარიღი | 18 ივლისი, 1842 |
| დაბადების ადგილი | ფეიეტის ოლქი |
| გარდაცვალების თარიღი | 12 ივლისი, 1908 (65 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | Clay-Ashland |
| მოქალაქეობა |
|
| შვილ(ებ)ი | Samuel David Coleman |
უილიამ კოლმენი (დ. 18 ივლისი 1842[1] — გ. 12 ივლისი 1908) — ამერიკულ-ლიბერიელი პოლიტიკოსი. „True Whig“ (ნამდვილი ვიგების) პარტიის წევრი, ის იყო ლიბერიის მე-13 პრეზიდენტი 1896 წლიდან 1900 წლამდე. დაიბადა ფეიეტის ოლქში, კენტუკი, აშშ; ლიბერიაში ემიგრაციაში წავიდა 1853 წელს. 1877 წელს იგი აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში და 1879 წლამდე მსახურობდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერად.[2] მოგვიანებით ის მსახურობდა სენატში, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტად, სანამ პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა მას შემდეგ, რაც ჯოზეფ ჯეიმზ ჩისმენი თანამდებობაზე ყოფნისას გარდაიცვალა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შერეული რასობრივი წარმოშობის კოლმენი დაიბადა მონად ფეიეტის ოლქში, კენტუკი, 1842 წელს. ის ლიბერიაში ოჯახთან ერთად 11 წლის ასაკში გადასახლდა. ჩასვლისას ოჯახი შედგებოდა უილიამისგან, მისი ქვრივი დედისგან, ელენისგან და კიდევ სამი ადამიანისგან; ყველა მათგანი დასახლდა კლეი-ეშლენდში, მონროვიასთან ახლოს. კოლმენი დურგლობას სწავლობდა და სხვა ფიზიკურ სამუშაოებსაც ასრულებდა, სანამ წარმატებული ვაჭარი გახდებოდა. ღამით სწავლით მან აინაზღაურა ის განათლება, რომელიც ბავშვობაში მიატოვა, როდესაც სიღარიბემ სწავლის გაგრძელებაში ხელი შეუშალა.[3]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1877 წელს იგი მონტსერადოს ოლქის წარმომადგენლად აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში და გახდა პალატის სპიკერი. ორი წლის შემდეგ კოულმენი იმავე ოლქის სენატორად აირჩიეს. იგი სენატში დარჩა მანამ, სანამ 1892 წელს ჯოზეფ ჯეიმზ ჩისმენთან ერთად ვიცე-პრეზიდენტად აირჩევდნენ „True Whig“-ის სიით. ისინი მეორეთ ხელახლა აირჩიეს ორწლიანი საპრეზიდენტო ვადით. 1896 წელს ჩისმენის გარდაცვალების შემდეგ კოლმენი პრეზიდენტის პოსტზე ავიდა, დაასრულა ჩიზმენის მეორე ვადა და შემდეგ თავადაც აირჩიეს ორწლიანი საპრეზიდენტო ვადით.[3]
პერსონალური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1896 წელს კოლმენი დაქორწინდა ოფელია კოლმენზე, წარმოშობით არკანზასელი (აშშ), რომელიც ლიბერიაში 1895 წელს გადასახლდა. 1898 წლის 24 ივნისს ოფელია მონროვიაში, პრეზიდენტის სასახლეში გარდაიცვალა.[4]
პრეზიდენტობა (1896–1900)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1896 წელს კოლმენის წინამორბედი, ჯოზეფ ჩისმენი, გახდა ლიბერიის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას გარდაიცვალა. კოლმენი ხელახლა აირჩიეს 1899 წელს და მის გამარჯვებას აშშ-ში „Philadelphia Inquirer“ მიესალმა, როგორც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების გზის გახსნას.[5] უილიამ კოულმენმა თავისი პოლიტიკა სამ ქვაკუთხედზე ააგო: განათლება, ფინანსები და საშინაო (ინტერიერის) პოლიტიკა. ამ პოლიტიკის ფარგლებში იგი თანამშრომლობდა თავის მეგობართან, დოქტორ ედუარდ უილმოტ ბლაიდენთან, რათა კვლავ გაეხსნათ ლიბერიის კოლეჯი მონროვიაში. სხვა გადაწყვეტილებები მოიცავდა ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლების გაზრდას ქვეყნის შიდა რაიონებზე, საბაჟო სამსახურის რეორგანიზაციას და რესურსების მოპოვების შემდგომი წინსვლის მცდელობას. კოლმენმა წარმატებით დაამყარა კონტროლი მდინარე სენტ-პოლის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე შიდა რეგიონზე.[3]
ოპოზიცია და გადადგომა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მეორე ვადის მიმდინარეობისას იგი შეეჯახა მზარდ ოპოზიციას მოქალაქეების მხრიდან შიდა რაიონებისა და ადგილობრივი ტომების მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ მოკავშირეებთან და საკუთარ კაბინეტთან უთანხმოებამ მის ადმინისტრაციაზე ზეწოლა გაზარდა, იგი 1900 წლის დეკემბერში თანამდებობიდან გადადგა.[3] კოულმენის მემკვიდრე გახდა მისი სახელმწიფო მდივანი, გარეტსონ გიბსონი, რადგან ვიცე-პრეზიდენტი უკვე გარდაცვლილი იყო. არსებული მემკვიდრეობის კანონებით, პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი რობერტ მარშალი უნდა გამხდარიყო, თუმცა ზოგიერთმა ჩათვალა, რომ იგი ამ პოსტისთვის შეუფერებელი იყო. შედეგად, საკანონმდებლო ორგანომ გააუქმა 1873 წლის მემკვიდრეობის კანონი და პრეზიდენტად გიბსონი დანიშნა.[6]
გვიანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ კოლმენმა განაგრძო აქტიური მონაწილეობა ლიბერიის პოლიტიკაში. მან კიდევ სამჯერ იყარა კენჭი პრეზიდენტად (1901, 1903 და 1905 წლებში), როგორც „სახალხო პარტიის“ (People's Party) წევრმა, თუმცა ყოველჯერზე დამარცხდა. იგი გარდაიცვალა 1908 წელს კლეი-ეშლენდში, 65 წლის ასაკში.[3] მისი ვაჟი, სემუელ დევიდ კოლმენი, ასევე ჩართული იყო პოლიტიკაში და მოკლეს სამთავრობო ძალებმა 1955 წლის 27 ივნისს, წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების ბრალდების შემდეგ.[6]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მის საპატივსაცემოდ აშენდა უილიამ კოლმენის საშუალო სკოლა კლეი-ეშლენდში, ლიბერია.
- უილიამ კოლმენს დარჩა მრავალი შთამომავალი ლიბერიაში და ლიბერიულ დიასპორაში (რიჩარდსებისა და კოულმენების ოჯახი). ამ ოჯახის ცნობილ წევრებს შორის არიან მისი შთამომავლები: NBA-ის მოთამაშე ნოა ვონლე და NFL-ის მოთამაშე ტევინ კოულმენი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ William D. Coleman, Politician born. en. ციტირების თარიღი: 2024-03-14
- ↑ Dunn, D. Elwood (4 May 2011). The Annual Messages of the Presidents of Liberia 1848–2010: State of the Nation Addresses to the National Legislature. Walter de Gruyter. ISBN 9783598441691.
- 1 2 3 4 5 „William David Coleman“. Daily Observer. September 16, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 4, 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-27.
- ↑ „First Lady of Liberia Dies“. The Age-Herald. Birmingham, Alabama. 30 July 1898. p. 1. ციტირების თარიღი: 23 May 2021.
- ↑ „Liberia's Election“. The Philadelphia Inquirer. June 5, 1899.
- 1 2 William David Coleman. Liberia: Past and Present of Africa's Oldest Republic (June 16, 2008). ციტირების თარიღი: 2008-09-27
