შინაარსზე გადასვლა

უილარდ ვან ორმან კვაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილარდ ვან ორმან კვაინი
დაბ. თარიღი 25 ივნისი, 1908(1908-06-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი აკრონი
გარდ. თარიღი 25 დეკემბერი, 2000(2000-12-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (92 წლის)
გარდ. ადგილი ბოსტონი[2]
დასაფლავებულია კრემაცია[11]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა მათემატიკოსი, ანალიტიკოსი ფილოსოფოსი, ენის ფილოსოფოსი, ეპისტემოლოგი, მეცნიერების ფილოსოფოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი და ენათმეცნიერი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი[12] [13] , უეზლის უნივერსიტეტი და აშშ-ის საზღვაო ძალები[13]
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი[13] და ობერლინის კოლეჯი[13]
შვილ(ებ)ი დაგლას ბოინტონ კვაინი
ჯილდოები როლფ შოკის პრემია, კიოტოს პრემია ხელოვნებასა და ფილოსოფიაში, სკეპტიკური კვლევის კომიტეტის წევრი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[14] და Carus Lectures[15]

უილარდ ვან ორმან კვაინი (ინგლ. Willard Van Orman Quine /kwn/; დ. 25 ივნისი, 1908, აკრონი, ოჰაიო25 დეკემბერი, 2000, ბოსტონი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი, ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი.

დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი (1932), იყო ალფრედ ნორთ უაიტჰედის მოწაფე. ასწავლიდა ამავე უნივერსიტეტში (1936–1978, პროფესორი 1948 წლიდან). განიცადა პრაგმატიზმის გავლენა, ასევე ლოგიკური პოზიტივიზმისა (1930-იანი წლების დასაწყისში ვენის წრის წევრი იყო), რომლის დოქტრინაც შემდგომში თავადვე გააკრიტიკა. 1951 წელს სტატიაში „ემპირიზმის ორი დოგმა“ პირველ რიგში გამოვიდა ანალიტიკური და სინთეტიკური წინადადებების გამიჯვნის წინააღმდეგ (პირველის ჭეშმარიტება დამოკიდებულია მხოლოდ მასში შემავალი ტერმინების მნიშვნელობაზე, მეორე კი ეფუძნება ფაქტებს); მეორე მხრივ შეეწინააღმდეგა წინადადების აზრის დაყვანას მასში შემავალი იმ ტერმინების მნიშვნელობებამდე, რომლებიც მიუთითებენ სუბიექტის უშუალო გრძნობით გამოცდილებაზე. ამ „დოგმების“ წყაროდ კვაინი ხედავდა მცდარ დაშვებას, რომელიც გულისხმობს ცალკეული წინადადებების განხილვას ენობრივი სისტემის ან თეორიის მთლიან კონტექსტში მათი როლის განყენებულად წარმოდგენით.[16]

წარმოსახავდა რა თავის ფილოსოფიურ პოზიციას ნატურალიზმად, კვაინი ფართოდ იყენებდა ლინგვისტიკის, ანთროპოლოგიის, ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის მონაცემებს. ენას განიხილავდა ადამიანის ქცევის უმნიშვნელოვანეს ფორმად, ხოლო მეცნიერებას ორგანიზმის გარემოსთან შეგუების ერთ-ერთი გზად. ნოამ ჩომსკის (ხომსკის) ლინგვისტიკურ ნატივიზმს კვაინმა დაუპირისპირა მოძღვრება ენის, როგორც ვერბალური ქცევისკენ მიმართული შეძენილი დისპოზიციების შესახებ. მან შემოიტანა „სტიმულური მნიშვნელობის“ ცნება, რაც გულისხმობს იმ გარე სტიმულების ერთობლიობას, რომლებიც იწვევენ თანხმობას ან უარყოფას გამოთქმულ ფრაზასთან მიმართებით, და ამასთან დაკავშირებით გამოიკვლია სინონიმიის, როგორც ასეთი მნიშვნელობების იგივეობის პრობლემა ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანებისთვის. ფორმალური ლოგიკის შრომებში კვაინი იცავდა ექსტენსიონალურ მიდგომას და აკრიტიკებდა ინტენსიონალურ ლოგიკებს (მოდალური ლოგიკის ჩათვლით).[16]

დიდი რეზონანსი გამოიწვია კვაინის კვლევებმა ონტოლოგიის სფეროში, რომლის ხასიათიც, კვაინის მიხედვით, განისაზღვრება ენის „კონცეპტუალური სქემით“. ექსტენსიონალური ლოგიკის ენაზე კვაინმა ჩამოაყალიბა ცნობილი თეზისი: „არსებობა ნიშნავს იყო დაკავშირებული ცვლადის მნიშვნელობა“ („To be is to be the value of a variable“). ამა თუ იმ თეორიის მიღებისას უპირატესობა ენიჭება იმ ონტოლოგიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სიმარტივის, ეკონომიურობის და სამეცნიერო ცოდნის არსებულ კორპუსთან უკეთესად თანხვედრის კრიტერიუმებს. ონტოლოგიურ პრობლემატიკას უკავშირებდა ენების (ბუნებრივის თუ ხელოვნურის) თარგმნადობის საკითხს და ხაზს უსვამდა პრინციპულად „განუსაზღვრელ თარგმანს“ „რადიკალურად“ განსხვავებული ენების შემთხვევაში; აღნიშნავდა რეფერენციის, ანუ სიტყვისა და ამ სიტყვით აღნიშნული ცნების დამოკიდებულების „გაუმჭვირვალობას“ („ონტოლოგიური განუსაზღვრელობის“ თეზისი).[16]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 Duignan B. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Internet Philosophy Ontology project
  8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 9.0 9.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. Find a Grave — 1996.
  12. The Flying University // The New York Review of Books / R. B. Silvers, B. Epstein, E. Hardwick et al. — 1980. — ISSN 0028-7504; 1944-7744
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Stanford Encyclopedia of PhilosophyStanford University, Center for the Study of Language & Information, 1995. — ISSN 1095-5054
  14. Chira S. D. Schmidt, Friedman, Cousteau, 8 Others Receive Honoraries at Commencement // The Harvard Crimson(untranslated): 1979.
  15. https://www.apaonline.org/page/carus
  16. 16.0 16.1 16.2 Грязнов А. Ф. Куайн Уиллард Ван Орман // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 193.