უელსური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლამერი, იგივე ფლამი

უელსური სამზარეულო (უელს. Coginiaeth Cymru, ინგლ. Welsh cuisine) — ტრადიციული უელსური კერძების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა კელტური და ანგლოსაქსური გასტრონომიების შერწყმით. განსაკუთრებით პოპულარული კერძებია: კოული, უელსური რაბეიტი, უელსური ოგი, შემწვარი შაშხი, ბარა-ბრითი და ლავერის ნამცხვრები. აგრეთვე აღსანიშნავია გლამორგანის სოსისი და უელსური ორცხობილები. უელსის პოლიტიკურ-გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, უელსურ გასტრონომიას ხშირად აერთიანებენ ბრიტანულ სამზარეულოში, რომელშიც მის გარდა ასევე შედის ინგლისური, შოტლანდიური და ირლანდიური გასტრონომიები.

რეგიონალური განსხვავებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უელსის სხვადასხვა რეგიონს საკვების თავისი, ავთენტური ვარიაციები აქვს. ეს ვარიაციები სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებენ. ისტორიულად, ადამიანებს მხოლოდ იმ ინგრედიენტების გამოყენება შეეძლოთ საკვებში, რომლებიც მათ ახლომახლო მოიპოვებოდა, ასე იყო უელსშიც. ამის გამო, უელსის ერთ კონკრეტულ რეგიონში მცხოვრებ ხალხს არც თუ ისე ბევრი პროდუქტი და ინგრედიენტი ჰქონდათ საკვების მოსამზადებლად. შესაბამისად, მაღალმთიან მხარეებში, სადაც უფრო ნესტიანი ჰავაა, კერძებს ძირითადად შვრიით ამზადებდნენ, შედარებით უფრო ვაკიან და ნოყიერ ნიადაგზე მცხოვრებლებს კი ხორბლისა და ქერის მოყვანის „ფუფუნებაც“ ჰქონდათ. სანაპირო ზოლთან ახლოს მცხოვრები უელსელები უმეტესად ზღვის პროდუქტებითა და წყალმცენარეებით იკვებებოდნენ.

რომაელებისა და ნორმანების შემოსევების პერიოდში უელსის მკვიდრი მოსახლეობა იძულებული გახდა ნოყიერი მიწებიდან აყრილიყო და მთაში გადასახლებულიყვნენ. ვინაიდან ვაკიანი ადგილები დამპყრობლებს დარჩათ, ამ რეგიონში უფრო იგრძნობა სხვა კულტურების გავლენა და ინგრედიენტების მრავალფეროვნება, მაღალმთიან მხარეებში მცხოვრებლებმა კი უცვლელად შეინარჩუნეს ძველი, ტრადიციული კერძები. ამ რეგიონებში ისეთმა ტექნიკამ, როგორიცაა თუნდაც ქვაბის ამწევი, მხოლოდ მეოცე საუკუნეში შეაღწია.

ის ერთადერთი რეგიონი, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა ძველი ადათ-წესები და ამის გამო მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა უელსური მხარეებისაგან, არის გოუერის ნახევარკუნძული. ეს გამოწვეულია იმით, რომ სახმელეთო გზებისა და ტრანსპორტის არარსებობის გამო გოუერი დანარჩენი კუნძულისაგან სრულიად იზოლირებული იყო. მიუხედავად ამისა, ბრისტოლის ყურის მხრიდან გოუერთან მაინც ჰქონდა კავშირი დევონისა და სომერსეტის მხარეებს, რომელთაც მასზე დიდი გავლენა იქონიეს. აღსანიშნავია, რომ გოგრა, რომელიც უელსში დიდი იშვიათობაა, ამ რეგიონში კარგად ხარობს.

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უელსში, ისევე როგორც ინგლისში, განსაკუთრებით პოპულარულია სახლში მომზადებული ღვინო და ლუდი. მათი დამზადებისას ოჯახის წევრები და ახლობლები ერთად იკრიბებიან და შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი ტრადიციული რიტუალია. მაშინაც კი, როცა ინგლისსა და უელსში ჩაიმ მოიპოვა პოპულარობა, სახლში მომზადებული ალკოჰოლური სასმელები კვლავ აქტუალური დარჩა. ლუდი დღეისათვის უელსის ეროვნული სასმელია, თუმცა უელსური ლუდი ექსპორტზე არ გადის, განსხვავებით ინგლისურისგან.

1881 წელს უელსში დაარსდა ლუდსახარში კომპანია Wrexham Lager Beer Company, რომელიც ბრიტანეთში ლუდის უდიდეს მწარმოებლად იქცა და ასევე ის იყო მთელს ევროპაში პირველი კომპანია, რომელმაც ლუდი თუნუქის ქილებში ჩამოასხა და ასე დაიწყო გაყიდვა.

ლუდისა და ღვინის გარდა, უელსელებს ვისკის წარმოების უდიდესი კულტურა და ისტორია აქვთ. სხვა კელტ ხალხებთან, ანუ ირლანდიელებთან და შოტლანდიელებთან შედარებით უელსელები ვერ აწარმოებენ პოპულარულ და დიდი რაოდენობით ვისკს, თუმცა 1750-იან წლებში სწორედ უელსელმა იმიგრანტებმა დაიწყეს ამერიკაში ვისკის გამოხდის ტექნოლოგიის დანერგვა. 1910-იან წლებში აშშ-ში უელსური ვისკის კომპანიები საბოლოოდ ჩაანაცვლა შოტლანდიურმა. მიუხედავად ამისა, 1998 წელს დაარსდა ვისკის მწარმოებელი კომპანია, სახელად Penderyn, რომელსაც 2004 წლიდან უელსური ვისკი ექსპორტზე გააქვს.

ცნობილია, რომ უელსში პირველი ვენახები რომაელებმა გააშენეს, თუმცა 2005 წლისთვის მთელს უელსში მხოლოდ 20 დიდი ვენახიღა იყო, რომელიც წელიწადში 100,000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებდა, უმეტესად თეთრს, თუმცა აგრეთვე წითელსაც. 2015 წლის მონაცემებით ვენახების რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათი მთლიანი ფართობი კი 40 ჰექტარს აღწევდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Davies, John; Jenkins, Nigel (2008). The Welsh Academy Encyclopaedia of Wales. Cardiff: University of Wales Press. ISBN 978-0-7083-1953-6.
  • Colquhoun, Kate (2008) [2007]. Taste: The Story of Britain through its Cooking. Bloomsbury. ISBN 978-0-7475-9306-5.
  • Freeman, Bobby (1996). First catch your peacock : the classic guide to Welsh food (Rev. paperback ed.). Talybont, Ceredigion: Y Lolfa. ISBN 0-86243-315-0.
  • Davidson, Alan (2014). Jaine, Tom (ed.). The Oxford Companion to Food (Illustrated ed.). Oxford University Press. ISBN 978-0-19-967733-7.
  • Heyck, Thomas William (2002). A History of the Peoples of the British Isles, Volume 3 (Illustrated ed.). Psychology Press. ISBN 978-0-415-30233-3.
  • Bohstedt, John (2016). The Politics of Provisions: Food Riots, Moral Economy, and Market Transition in England, C. 1550–1850. Routledge. ISBN 978-1-317-02020-2.
  • Webb, Andrew (2012). Food Britannia. Random House. ISBN 978-1-4090-2222-0. Retrieved 5 April 2016.