უდა
| უდა | |
|---|---|
| იაპონ. 宇多天皇 | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 10 ივნისი, 867 |
| დაბადების ადგილი | ჰეიან-კიო |
| გარდაცვალების თარიღი | 3 სექტემბერი, 931 (64 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | Ninna-ji Temple |
| მოქალაქეობა | იაპონია |
| მამა | Kōkō |
| დედა | Empress Dowager Hanshi |
| მეუღლე/ები | Fujiwara no Onshi, Fujiwara no Taneko, Tachibana no Yoshiko, Sugawara no Enshi, Minamoto no Sadako, Tokuhime, Fujiwara no Yasuko, Fujiwara no Hōshi და Ise |
| შვილ(ებ)ი | Kinshi-naishinnō, Daigo, Atsumi-shinnō, Shinjaku-hosshinnō, Kunshi-naishinnō, Imperial Prince Atsuyoshi, Princess Yasuko, Prince Atsukata, Tokinaka-shinnō, Minamoto no Junshi, Kaishi-naishinnō, Masaaki Shinnō და Yukiakira-shinnō |
იმპერატორი უდა (იაპონ. 宇多天皇, დ. 6 ოქტომბერი, 867 — გ. 3 სექტემბერი, 931) — იაპონიის 59-ე იმპერატორი, შინტოისტური ღვთაება. მართავდა 887 წლის 5 დეკემბრიდან 897 წლის 4 აგვისტომდე.[1] სახელი — სადამი.[1] ზედმეტსახელები — ტეიძიინ-ნო მიკადო, კური, სუძაკუინ-დაიძიო.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტახტზე ასვლამდე მისი სახელი იყო სადამი. იმპერატორი უდა იყო იმპერატორ კოკოს მესამე ვაჟი. მისი დედა იყო ქვრივი იმპერატორის ასული ჰანსი, პრინცი ნაგანოს (რომელიც იმპერატორ კამუს ვაჟი იყო) ასული. იმპერატორ უდას ჰყავდა ხუთი მეუღლე და 20 შვილი. მათ შორის იყვნენ პრინცი აცუმი და პრინცი აცუძანე (897-966).
ძველ იაპონიაში ოთხი დიდგვაროვანი კლანი არსებობდა. ამ კლანებიდან ერთ-ერთი იყო მინამოტოს კლანი, რომელიც ასევე გენძის სახელით იყო ცნობილი. იმპერატორ უდას ზოგიერთი შვილიშვილი ამ კლანს ეკუთვნოდა. მინამოტო იყო ექს-იმპერატორების ყველაზე გავრცელებული გვარი. იმისათვის, რომ იმპერატორ უდას შთამომავლები მინამოტოს ან გენძის კლანის სხვა შტოებისგან განესხვავებინათ, მათ უდა გენძი უწოდეს. უდა გენძის კლანის ზოგიერთი წევრი გადავიდა ომის პროვინციაში და ცნობილი გახდა როგორც სასაკის კლანი ანუ ომი გენძი.
უდა გენძის წარმომადგენელთა შორის, პრინც აცუძანეს ვაჟი, მინამოტო-ნო მასანობუ, იკავებდა სადაიძინის (მარცხენა მინისტრის) თანამდებობას. მასანობუს ერთ-ერთი ქალიშვილი, მინამოტო-ნო რინში, დაქორწინდა ფუძივარა-ნო მიჩინაგაზე და ამ ქორწინებიდან დაიბადნენ სამი იმპერატრიცა და ორი რეგენტი. მასანობუს მეოთხე ვაჟი, სუკეიოში, გახდა სასაკის კლანის დამაარსებელი.
სადამის მამამ, იმპერატორმა კოკომ, შეამცირა თავისი ვაჟების წოდებები, რათა შეემცირებინა სახელმწიფო ხარჯები და მათი პოლიტიკური გავლენა. ამის შემდეგ სადამის მიენიჭა გვარი მინამოტო და ეწოდა მინამოტო-ნო სადამი. მოგვიანებით, 887 წელს, როდესაც იმპერატორ კოკოს მემკვიდრის დანიშვნა დასჭირდა, კამპაკუს (რეგენტის) ფუძივარა-ნო მოტოცუნეს მხარდაჭერით, სადამის კვლავ მიენიჭა იმპერატორის პრინცის ტიტული. იმავე წლის სექტემბერში, მამის გარდაცვალების შემდეგ, სადამი ავიდა ტახტზე იმპერატორ უდას სახელით.
887 წლის 17 სექტემბერს უდა იაპონიის იმპერატორად გამოცხადდა.
888 წლის 4 იანვარს ფუძივარა-ნო მოტოცუნემ იმპერატორ უდას სთხოვა გადადგომის ნებართვა, მაგრამ იმპერატორმა უპასუხა: „ჩემი სიჭაბუკის გამო, ჯერ კიდევ არ შემიძლია სახელმწიფოს მართვა და თუ თქვენ შეწყვეტთ ჩემთვის ბრძნული რჩევების მოცემას, იძულებული ვიქნები ტახტიდან გადავდგე და მონასტერში განვმარტოვდე“. ამგვარად, მოტოცუნემ განაგრძო ახალი იმპერატორის რეგენტის – კამპაკუს – თანამდებობაზე მუშაობა.
888 წელს დასრულდა ახალი ბუდისტური მონასტრის ნინა-ძის მშენებლობა და ამ მონასტრის წინამძღვარი გახდა კუკაის მოწაფე.
889 წელს ყოფილ იმპერატორ იოძეის კვლავ დაეწყო ფსიქიკური დაავადებები. ის სულ უფრო და უფრო გააფთრებული ხდებოდა. ცხენზე ამხედრებულს, შეეძლო ხალხში შევარდნილიყო და ადამიანები ფლოქვებით გაეჭყლიტა.
თავისი მმართველობის დროს უდა ცდილობდა აღედგინა რეალური იმპერატორის ძალაუფლება და შეეზღუდა რეგენტების კლანის – ფუძივარას გავლენა. ფუძივარა-ნო მოტოცუნეს სიკვდილიდან მალევე, უდამ სუგავარა-ნო მიჩიძანე დანიშნა მარჯვენა მინისტრის თანამდებობაზე. ამან დიდად შეაშფოთა ფუძივარას საგვარეულო. ამასობაში, ფუძივარას კლანის გარდა, სულ უფრო მეტმა მოხელემ დაიწყო მაღალი თანამდებობების დაკავება სამეფო კარზე, მათ შორის იყვნენ მინამოტოს საგვარეულოს და სუგავარა-ნო მიჩიძანეს წარმომადგენლები.
თავისი მმართველობის დროს იმპერატორი უდა ცდილობდა დაბრუნებულიყო რიცურიოს კოდექსის სისტემაზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან. მისი მმართველობის პერიოდში გაიზარდა ინტერესი კონფუციანელობის და ჩინური კულტურის მიმართ. 896 წლის ივლისში უდამ გაგზავნა სუგავარა-ნო მიჩიძანე, რათა გადაეხედა პატიმრებისთვის წაყენებული ბრალდებებისთვის და ჩინური პრაქტიკის შესაბამისად, უზრუნველყო საყოველთაო ამნისტია არასწორად ბრალდებულთათვის. იმპერატორმა უდამ ასევე გამოსცა კანონი, რომელიც ამტკიცებდა გლეხების უფლებებს მიწის ფლობაზე და იცავდა მათ ძლიერი ოჯახებისა და მონასტრების ხელყოფისგან.
897 წელს იმპერატორი უდა ტახტიდან გადადგა თავისი უფროსი ვაჟის, პრინცი აცუჰიტოს სასარგებლოდ, რომელიც მოგვიანებით იმპერატორი დაიგო გახდა. უდამ თავის ვაჟს დაუტოვა ანდერძი, რომელშიც ზოგადი მცნებები იყო ჩაწერილი. დოკუმენტი აქებდა ფუძივარა-ნო ტოკიჰირას, როგორც მრჩეველს, მაგრამ აფრთხილებდა ახალგაზრდა დაიგოს ტოკიჰირას უზნეობის შესახებ. სუგავარა-ნო მიჩიძანე განდიდებული იყო, როგორც იმპერატორ უდას კარგი დამრიგებელი. ორივე ეს მოხელე იმპერატორმა უდამ დანიშნა ახალგაზრდა იმპერატორ დაიგოზე ზრუნვისთვის, სანამ ის სრულწლოვანებას არ მიაღწევდა.
სამი წლის შემდეგ, 900 წელს, უდა 34 წლის ასაკში ბუდისტი ბერი გახდა. ნინა-ძის ტაძრის დაარსების შემდეგ, უდამ იგი თავის ახალ სახლად აქცია ტახტიდან გადადგომის შემდეგ. მისი ბუდისტური სახელი იყო კონგო კაკუ. უდა გარდაიცვალა 931 წელს, 65 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Концевич Л. Р. Хронология стран Восточной и Центральной Азии. — Москва: Восточная литература РАН, 2010. — 806 с. — ISBN 978-5-02-036350-2.
- История Японии / Под ред. А. Е. Жукова. — М.: Институт востоковедения РАН, 1998. — Т. 1. С древнейших времён до 1868 г. — 659 с. — ISBN 5-89282-107-2.
- (фр.) Isaac Titsingh. Нихон одай итиран, или Обзор императорских правлений в Японии = Nipon o daï itsi ran, ou, Annales des empereurs du Japon. — Paris, 1834. — 460 p.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Концевич 2010.