ტყის კაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ტყის კაცი“
ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1923
გვერდი 50

ტყის კაციმიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1923 წელს. ნაწარმოები მწერლის შემოქმედების ე.წ. მეორე პერიოდის პირველი ნამუშევარია.

მოთხრობის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ტყის კაცი“ დაიწერა 1923 წლის დეკემბერში, მეტეხის ციხეში ხუთთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ. მწერლის ქალიშვილის — ქეთევანის გადმოცემით, ნაწარმოების შექმნა მიხეილ ჯავახიშვილს პაოლო იაშვილის მიერ მოთხრობილმა უცნაურმა ამბავმა შთააგონა, ხოლო მთავარი პერსონაჟის — პავლეს სახით კი, მწერალმა საკუთარი მამის — საბას პირადი ტრაგედია — ცოლ-შვილის ტრაგიკული დაღუპვით გამოწვეული განცდები ასახა.[1] ამის მიუხედავად, საფიქრებელია, რომ თემა, რასაც მოთხრობა ეძღვნება, უკვე მომწიფებული იყო მწერლის გონებაში. მიხეილ ჯავახიშვილი თავადაც აღნიშნავდა ჩანაწერებში: „ჩეკას საკანში მაწვალებდა ტყე-უღრანი, დაბურული. გამოვედი და „ტყის კაცი“ დავწერე“.[2]

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ტყისმცველ პავლეს ცოლი — პელო გარდაეცვალა და ორი ვაჟი — 15 წლის ნიკა და 4 წლის გოგია დაუობლდა. პავლემ მძიმედ განიცადა საყვარელი მეუღლის დაღუპვა. ცალად დარჩენილმა ისიც ვეღარ შეძლო, რომ, ერთმანეთისათვის შეეთავსებინა ოჯახის და შვილების მოვლა და ტყეში მუშაობა, ამიტომაც,  გადაწყვიტა, რომ მთლიანად ტყეში გადასახლებულიყო. მეზობლების დახმარებით, პავლემ „იფნიანის“ ტყეში სახლი აიშენა, წაიყვანა შვილები, წაიღო ყველანაირი სარჩო-საბადებელი და ტყის ბინადრად იქცა. იფნიანი სოფლიდან ერთი დღის სავალზე იყო, ახლო-მახლო არავინ ჭაჭანებდა, გარდა ნადირისა. ამის გამო, სოფელში პავლეს „ტყის კაცი“ შეარქვეს.

ერთხელ გოგია ძლიერ ავად გახდა. ნიკამ სოფელში წაიყვანა და მღვდელს მიუყვანა. მღვდელმა ავადმყოფს ვერაფერი გაუგო, მაგრამ, ნიკას ბავშვის ქალაქში წაყვანაში დაეხმარა. ქალაქში გოგია ექიმს მიჰგვარეს და მისი მკურნალობით, მალე ბავშვი სრულიად გამოჯანსაღდა.  ძმები სოფელში დაბრუნდნენ. მღვდელმა ურჩია ნიკას, რომ ღამე მასთან გაეთიათ, მაგრამ, ბიჭმა წასვლა გადაწყვიტა, რაკი იცოდა, რომ პავლე უკვე ელოდა შვილებს. გზაზე უბედურება შეემთხვათ — მღვდლის გაგიჟებული ბუღა დაედევნათ და ნიკა რქებზე ააგო. გოგიამ გაქცევა მოახერხა, მაგრამ, სიბნელეში ვერ დაინახა თავახდილი ქვევრი, ჩავარდა და დაიხრჩო. ნიკა ეკლესიის დარაჯმა, მათე ნარიკაშვილმა იპოვა და მღვდელსა და სოფელს დაუძახა მოსაშველებლად. მკერდშენგრეული ნიკა მღვდლის სახლში წაიყვანეს. გოგიას ცხედარს დიდხანს ვერ მიაკვლიეს, ბოლოს ისევ მათემ იპოვა და კინაღამ გულს შემოეყარა.

პავლეს შეატყობინეს მომხდარი უბედურების შესახებ. გოგია იტირეს და ეკლესიის გალავანში დაასაფლავეს. შვილის სიკვდილით გაგიჟებული პავლე ბუღას გამოუდგა და პირდაპირ შვილის საფლავზე დააკლა, თუმცა, თვითონაც დაზიანდა მისი რქებით.

ორი კვირის შემდეგ დასახიჩრებული პავლე და ნიკა ტყის სახლში აბრუნდნენ. პავლე მალე გამოკეთდა, ნიკას კი არაფერი ეშველა. რაკი შვილის მოვლას და ტყის ყურისგდებას ვეღარ ახერხებდა, პავლემ სოფლიდან ახალგაზრდა დათა ვარდუაშვილი აიყვანა მოჯამაგირედ. ნიკა დღითი-დღე უფრო ცუდად ხდებოდა. პავლეს უცნაურობა დასჩემდა-დაღუპულ შვილს ელაპარაკებოდა, ყველაფერს უგულისყუროდ ეკიდებოდა-შინაც და ტყეშიც. ნიკას გარდაცვალებამ პავლე საბოლოოდ გადააცდინა ჭკუიდან და სახლს ცეცხლი წაუკიდა. შეშინებული დათა გაიქცა. მეორე დღეს პავლე სოფელში წაიყვანეს და მას მერე შეშლილი, წვერგაბურძგნული, ჩამოძენძილი დაძრწოდა ყველგან და ყველას თავისი შვილების ასავალ-დასავალს ეკითხებოდა.

ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ტყის კაცმა“ თანამედროვე კრიტიკოსთა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა — ნაწილი დადებითად გამოეხმაურა, მეორე ნაწილმა კი ნაკლებადმნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნია. ნაწარმოების იდეისა და მთავარი პერსონაჟის სახის შესახებაც დღემდე რჩება აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მაინც ნათელია, რომ იდეაა ნებისმიერ ვითარებაში ადამიანის საზოგადოებასთან ურთიერთობის აუცილებლობა. მთავარმა პერსონაჟმა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ნებაყოფლობით თქვა უარი ამ ყველაფერზე, რის გამოც ისიც და მისი შვილებიც უძლურნი აღმოჩნდნენ ცხოვრებისეულ განსაცდელთან ჭიდილში. საზოგადოებასთან ერთად მოქმედება ყოველთვის აღწევს მიზანს (ნიკას მღვდელი და მისი კაცი ეხმარებიან, რომ ავადმყოფი ბავშვი ექიმთან მიიყვანოს, ექიმი კი ბავშვს კურნავს), განცალკევება კი მარცხისათვისაა განწირული (მარტო მიმავალ ძმებს ბუღა ესხმით თავს და მისი მიზეზით იღუპებიან, მარტო დარჩენილი პავლე ჭკუიდან იშლება). ნაწარმოებში ქვეტექსტად ისიც იკითხება, რომ სამსახური და მატერიალური კეთილდღეობა არ კმარა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის, თუკი ეს ადამიანს საზოგადოებისაგან გარიყავს, მასთან კონტაქტის საშუალებას მოუსპობს. ფიზიკურად ძლიერმა, გონიერმა ადამიანმა შესაძლოა, მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას მარტოდმარტო ყოფნით, მაგრამ, ეს მისგან გაცილებით მეტ სასიცოცხლო ენერგიას მოითხოვს, ვიდრე სხვებთან ურთიერთობის პირობებში იქნებოდა. საზოგადოებაში ცხოვრება აძლევს ადამიანს საფრთხეების დროულად შეფასების საშუალებას და გამოუმუშავებს მათი აცილების უნარსაც, ხოლო იზოლაციაში ყოფნა კი გაცილებით იოლად მოწყვლადს ხდის ამ ყოველივეს მიმართ.[1]

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პავლე — მთავარი პერსონაჟი. „ტყის კაცი“. კრიტიკოსთა აზრით მისი პროტოტიპი მწერლის მამა საბაა.
  • ნიკა — პავლეს უფროსი ვაჟი
  • გოგია — პავლეს უმცროსი ვაჟი
  • მღვდელი
  • მათე ნარიკაშვილი — ეკლესიის დარაჯი.
  • ნასყიდა — პავლეს სოფლელი.
  • პელო — პავლეს ცოლი.
  • დათა ვარდუაშვილი — პავლეს მოჯამაგირე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ჭიჭინაძე მ., მიხეილ ჯავახიშვილის „ტყის კაცი“ // ქართველური მემკვიდრეობა, ტ. 8, გვ. 329, თბ., 2004.
  2. „ჩემი ანდერძის დასასრული: … ჩვენო შვილებო“. არტინფო (24 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2019.