ტყის ბუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტყის ბუ
Strix nebulosaRB.jpg
წვეროსანი ბუ (Strix nebulosa)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბუსნაირნი
ოჯახი:  ბუსებრნი
გვარი:  ტყის ბუ
ლათინური სახელი
Strix (Linnaeus, 1758)
სინონიმები

ტყის ბუ[1][2] (ლათ. Strix) — ფრინველთა გვარი ბუსნაირთა რიგისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათი სხეულის სიგრძეა 29–69 (უფრო ხშირად 35–40) სმ, მასა 200-დან (მკრთალი ბუ, S. butleri) 660–1900 გრამამდე (წვეროსანი ბუ, S. nebulosa); დედალი მამალზე დიდია. თავი და სახის დისკი დიდია, „ყურები“ არ აქვთ; მცირე გამონაკლისების გარდა თვალის ფერადი გარსი მუქია, ნისკარტი ღია, თითები შებუმბლული. ფრთები ფართო, მობლაგვებული, მისი ბოლოები კუდზე უფრო გამოწეული არ არის. ბუმბული ჭრელი და მფარველობითია, ჭარბობს მუქი-მურა, რუხი, ყავისფერი და წითური ფერები.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარში 19 სახეობაა (ახალი კლასიფიკაციით დაემატა 3–4 სახეობა Ciccaba-ს გვარიდან).[3] გავრცელებული არიან ახალ და ძველ სამყაროში. ბინადრობენ სხვადასხვა ტიპის ტყეებში: ტაიგის ტყიდან მარადმწვანე ტროპიკულ და მთის ნოტიო ტყეებამდე, აგრეთვე მეჩხერში, ქსეროფიტულ ბუჩქებსა და კულტურულ ლანდშაფტებში, მათ შორის ბაღებსა და ქალაქის პარკებში. მთებში ადიან ზღვის დონიდან 5000 მეტრამდე (სიჩუანური ბუ, S. davidi); საქართველოში გვხვდება რუხი ბუ, იგივე ჩვეულებრივი ტყის ბუ (Strix aluco).[4][5] უპირატესად ეწევიან მკვიდრ ცხოვრებას.

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათ რაციონში ჭარბობს ხერხემლიანი ცხოველები (უმთავრესად მღრღნელები, მწერიჭამია ხელფრთიანები, ფრინველები, ამფიბიები, ქვეწარმავლები) და ფეხსახსრიანები (ცხრაფეხები, ობობები, მორიელები, მრავალფეხიანები და მწერები, განსაკუთრებით ხოჭოები და სწორფრთიანები). დიდ ბუებს (წვეროსანსა და გრძელკუდას, იგივე ურალურს) შეუძლიათ მოზარდი კურდღლების, ჟრუნისა და გნოლის მოპოვება.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონოგამი ფრინველებია, თუმცა პოლიგამიის შემთხვევებიც ცნობილია. ბუდობისთვის იყენებენ ფუღუროებს 30 მეტრამდე სიმაღლეზე, კლდეთა ნაპრალებსა და სხვადასხვა ნიშებს, ციყვების, ყორნისებრ და ქორისებრ ფრინველთა ძველ ნაგებობებს, ზოგჯერ ამონათხრებს მიწაზე ან ხელოვნურ საბუდრებს. დებენ 1–9 (უფრო ხშირად 3–5, ზოგი სახეობა 1–2) კვერხს, კრუხობს დედალი 28–36 დღის განმავლობაში (მამალი ამ დროს მას კვებავს). ბარტყები ბუდეში 25–40 დღე რჩებიან, 32–46 დღის ასაკში ფრენის უნარს იძენენ, დამოუკიდებლად ცხოვრებას 2–4 თვის შემდეგ იწყებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 55, 229, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. Strix — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. ტყის ბუ (TSN 177920). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  4. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 588, თბ. 1977 წელი.
  5. ჟორდანია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 486, თბ., 1997 წელი.