შინაარსზე გადასვლა

ტყვიისფერი ფშუკუნა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყვიისფერი ფშუკუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  აგარიკასისნაირნი
ოჯახი:  აგარიკასისებრნი
გვარი:  ფშუკუნა
სახეობა:  Bovista plumbea
ლათინური სახელი
Bovista plumbea

ტყვიისფერი ფშუკუნა (ლათ. Bovista plumbea) — ნაყოფსხეული მცირე, სფეროსებრი ფორმისაა და მისი დიამეტრი 1-4 სანტიმეტრს აღწევს. გარეთა გარსი, რომელსაც ეგზოპერიდიუმი ეწოდება, თხელი და აპკისებრია. თავდაპირველად ის თეთრი ფერისაა, მაგრამ მომწიფების პროცესში მოთეთრო-მონაცრისფრო ხდება. მისი ზედაპირი გლუვია, ხოლო მომდევნო ეტაპზე შიდა შრეს ნაფლეთებად სცილდება. შიგნითა გარსი, ანუ ენდოპერიდიუმი, მყარი, გლუვი და პერგამენტისებრია. მისი შეფერილობა ნაცრისფერს ან ტყვიისფერს ჰგავს, ხოლო მომწიფებისას მასზე უსწორმასწოროკიდიანი ცენტრალური ნასვრეტი ჩნდება.

სპორები მუქი ყავისფერია, სფეროსებრი ფორმის და ცხიმოვანი წვეთითა და მოკლე კუდისებრი დანამატით. მათი ზომა 4x6 მიკრომეტრს შეადგენს.

რბილობი, ანუ გლება, თავდაპირველად ხორცოვანია და თეთრი შეფერილობა აქვს. შემდეგ ეტაპზე ის მოყვითალო-მომწვანო ხდება, ხოლო საბოლოოდ მუქი ყავისფერი ფერი ეძლევა. ამ პერიოდში მისი სტრუქტურა ბამბისებრია და მთლიანად სპორებითაა ამოვსებული. სუნი არ აქვს და ჰაერზე ფერს არ იცვლის.

სოკო ზაფხულსა და შემოდგომაზე იზრდება ნიადაგზე. მისი გავრცელების არეალი მოიცავს მდელოებს, მინდვრებს, საძოვრებსა და ტყისპირებს, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.

იგი ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საკვებად ვარგისია მხოლოდ ნორჩ ეტაპზე, სანამ მისი რბილობი თეთრი ფერისაა. ხალხურ მედიცინაში მისი სპორების მტვერს ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებლად იყენებენ.

ტყვიისფერი ფშუკუნა შესაძლოა შავ ფშუკუნაში აგვერიოს. მათი განსხვავება შესაძლებელია შიგნითა გარსის (ენდოპერიდიუმის) მეშვეობით, რომელიც მხოლოდ მომწიფების ეტაპზე იკვეთება.

  • ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 54-55, ISBN 978-9941-8-4547-5