ტყე-ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტყე-ტბა (გულგულა))

ტყე-ტბა, გულგულა — ისტორიული პუნქტი ჰერეთში. სასაზღვრო ორიენტირი კახეთსა (ქართლი) და ჰერეთს შორის. ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრების მიხედვით ტყე-ტბა იგივე სოფელი გულგულაა. ახლანდელი სოფელი გულგულა (მდინარე თურდოს ქვემო დინებაში, თელავის მუნიციპალიტეტი) მდინარის სათავეებიდან გადმოსახლებულად ითვლება.

საისტორიო წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„კვალად ამ ლოპოტის წყლის შესართავს ზეით ალაზანს მოერთვის თურდოსხევი, გამომდინარე შუამთიდამ. ამ ხევზედ არს გულგულა, რომელსა ეწოდა პირველ ტყე-ტბა. ესე ხევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, თბ. 1904, გვ. 162)

მოსაზრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ხალხალაში მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე კითხულობს გულგულას.

გულგულას ადგილსამყოფელი უცნობი ყოფილა ჯერ კიდევ ლეონტი მროველის დროს, მით უმეტეს, მისი ადგილსამყოფელი დაზუსტებით არ სცოდნია ვახუშტისაც — ივ. ჯავახიშვილის კვლევით.

ივ. ჯავახიშვილი, გულგულას თელავთან არსებობის მოსაზრებას არ იზიარებდა და წერდა:

„ტყეტბა, როგორც საგეოგრაფო სახელი, უკვე ლეონტი მროველის დროსაღარ არსებობდა თურმე და იგი უხსნის თავის მკითხველს, რომ ამ ადგილს „აწ ჰქვიან გოლგოლა“, ახლა გულგულად გამოთქმის. ამ ადგილის (ტყეტბას) მდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს კახეთ-კუხეთ-ჰერეთის საზღვრების გამორკვევისათვის და სხვადასხვა მოსაზრებათა გამო ეჭვი გვებადება, ლეონტი მროველი ხომ არ სცთება, როდესაც ძველი ტყეტბა მერმინდელ გოლგოლად იცნა? გოლგოლას სამხრეთით მდებარეობდა თელავი“[1].

მოვსეს კალანკატვაცის ცნობა აჩვენებს, რომ ქართველთა ქვეყნის საზღვარი მდებარეობდა პუნქტ ხალხალამდე.

„ქართველთა საზღვრები მახლობლად ქალაქ ხალხალისა“. „მეორე რაზმი ჩააბარა ზორავარ ვარდანს, რათაა ქართველთა საზღვრებთან შებრძოლებოდა ჩორის მარზპანს, რომელიც წამოსული იყო ალვანთა ეკლესიების დასარბევად“.[2].

ივ. ჯავახიშვილის რედაქტორობით 1923 წელს გამოცემულ საქართველოს ისტორიულ რუკაზე საქართველოსა და ალვანეთს შორის საზღვარზე მართლაც აღნიშნულია პუნქტი სახელწოდებით ხილხალა. პუნქტი ხილხალა საქართველოსა და ალბანეთს შორის საზღვარზე იდო. აღნიშნული პუნქტი შაქსა და კაბალას შორისაა. დღესდრეობით შემორჩენილია სოფელი სახელწოდებით ფილფილა.

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ალბანეთის დროინდელ საზრვარ ხილხილას უკავშირებს ქართლოსის დროინდელ ტყეტბა-გულგულას და მიაჩნია რომ გულგულა-გოლგოლა-ხალხალა-ფილფილა ეტიმოლოგიურად ერთი და იგივე ძირის მატარებელნი არიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 86.
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, „საქართველოს ისტორია“, I ნაწილი, გვ. 111-113

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ივ. ჯავახიშვილი, ტ. II, 1963, გვ. 46
  2. მ. კალანკატუაცი, „ალვანთა ქვეყნის ისტორია“, 1985, გვ. 60