ტყარშეტის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტყარშეტის წმინდა გიორგის ეკლესია („ბერის წმინდა გიორგი“) — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. სამხრეთით აქვს სწორკუთხა მინაშენი (9x8,85 მეტრი). ნაგებია თანაბარი ზომის ნატეხი ქვით. დაზიანებულია, კერძოდ ჩამონგრეულია სახურავი, კამარა, აფსიდის კონქი და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მინაშენიდან. კარი გარედან არქიტრავითაა გადახურული. შესასვლელის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. კარის ზემოთ მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ეკლესიას ნალისებრი აფსიდი აქვს. აფსიდის განიერი მხრები დასრულებულია ქვემოთკენ წამოკვეთილი მაღალი კაპიტელებით. სამხრეთ კაპიტელზე შემორჩენილია თაღის ქუსლის ერთი ქვა. აფსიდის ღერძზე სარკმლის ნაშთია, რომლის ქვემოთ, კედელთან, მიდგმულია ტრაპეზის ორი ქვის ბლოკი. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს ქვის საფეხური გასდევს. მინაშენის კედლები 2 მეტრ სიმაღლეზეა. შემორჩენილ სამხრეთ კედელში, ეკლესიის შესასვლელის მოპირდაპირედ, გაჭრილია კარი, რომელსაც მოზრდილი ქვა ეხურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]