შინაარსზე გადასვლა

ტყარშეტის აკლდამები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტყარშეტის აკლდამებიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ ტყარშეტის ჩრდილო-დასავლეთით, მამაწმინდის ეკლესიის ჩრდილოეთით. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

შეისწავლა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის ხევის რაზმმა (ხელმძღვანელი გ. ღამბაშიძე). გაითხარა სამი მიწისქვეშა აკლდამა, რომლებიც გეგმით ოთხკუთხაა. დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ნაგებია ფიქლისა და ნატეხი ქვის კვადრებით. წყობა მშრალია. გადახურულია ფიქლის ფილებით. ჩასასვლელი მოწყობილია სახურავის დასავლეთ ნაწილში. აკლდამებში აღმოჩნდა ადამიანის ჩონჩხის მიმოფანტული ძვლები. აკლდამებთან გაითხარა ორი ქვის სამარხი. ერთში აღმოჩნდა პირაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ მიმართული, გულხელდაკრეფილი ჩონჩხი. მეორეში, რომელიც აკლდამის თავზე იყო მოწყობილი, გამოვლინდა თავით დასავლეთისკენ მიმართული ხელფეხმოხრილი ჩონჩხი. ორივე სამარხში დადასტურდა ნახშირის კვალი.