ტულსი გოუდა

ტულსი გოუდა (დ. 1937 ან 1938 — გ. 16 დეკემბერი, 2024) — ინდოელი გარემოსდამცველი ჰონალის სოფლიდან. მან დარგო ოცდაათ ათასზე მეტი ნერგი და უვლიდა სატყეო დეპარტამენტის სანერგეებს. მისი შრომა დაფასებულია ინდოეთის მთავრობისა და სხვა ორგანიზაციების მიერ.[1][2][3] 2021 წელს ინდოეთის მთავრობამ მას მიანიჭა „პადმა შრი“ (Padma Shri), ქვეყნის მეოთხე უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო. მას იცნობენ როგორც „ტყის ენციკლოპედიას“, იმის გამო, რომ შეუძლია ამოიცნოს ნებისმიერი სახეობის ხის დედა ხე.[4][5][6]
ადრეული ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტულსი გოუდა დაიბადა ჰალაკის ტომის ოჯახში, სოფელ ჰონალის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ინდოეთის შტატ კარნატაკაში, უტარა-კანადის რაიონში. ეს არის დასახლება, რომელიც სოფლისა და ქალაქის ზღვარზე გარდამავალ მდგომარეობაშია.[7] კარნატაკა არის შტატი სამხრეთ ინდოეთში, რომელიც ცნობილია თავისი ეკო-ტურიზმით, სადაც ოცდახუთზე მეტი ველური ბუნების ნაკრძალი და ხუთი ეროვნული პარკია.
ტულსი გოუდა სიღარიბეში დაბადებულ ოჯახში გაიზარდა, ხოლო მამა გარდაეცვალა, როდესაც ის 2 წლის იყო. ამის გამო, როგორც კი წამოიზარდა, იძულებული გახდა, დედასთან ერთად დაქირავებულ მუშად ემუშავა ადგილობრივ სანერგეში. მას არ მიუღია ფორმალური განათლება და არც წერა-კითხვა უსწავლია.[8]
სანერგეში, გოუდა პასუხისმგებელი იყო იმ თესლების მოვლაზე, რომლებიც უნდა გაზრდილიყო და შეგროვებულიყო კარნატაკის სატყეო დეპარტამენტისთვის, კონკრეტულად კი იმ თესლების მოვლაზე, რომლებიც აგასურის სანერგე კომპლექსის ნაწილი იყო.[9] გოუდამ ოცდათხუთმეტი წელი გაატარა დედასთან ერთად სანერგეში, როგორც დღიურმა მუშაკმა, სანამ მისი კონსერვაციისა და ბოტანიკის ცოდნის აღიარების ნიშნად მას მუდმივი თანამდებობა არ შესთავაზეს. ამ მუდმივ თანამდებობაზე მან თხუთმეტი წელი იმუშავა, სანამ სამოცდაათი წლის ასაკში პენსიაზე არ გავიდა. სანერგეში მუშაობის პერიოდში, იგი თავისი ტრადიციული ცოდნის გამოყენებით უშუალოდ მონაწილეობდა სატყეო დეპარტამენტის ტყის გაშენების (afforestation) ძალისხმევაში. ნერგების დარგვის გარდა, ის მუშაობდა ბრაკონიერებისა და ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად, რათა დაეცვა ველური ბუნება.
გოუდამ სამოც წელზე მეტი იმუშავა კარნატაკას ტყის დეპარტამენტში. ეს დეპარტამენტი მოიცავს ერთ სათემო ნაკრძალს, ხუთ ვეფხვის ნაკრძალს, თხუთმეტ კონსერვაციულ ნაკრძალს და ოცდაათ ველური ბუნების ნაკრძალს. დეპარტამენტი თავის მიზანს აღწერს, როგორც თემებისა და სოფლების ბუნებასთან ხელახლა დაკავშირებას, ისეთი მომავლისკენ სწრაფვას, სადაც შტატის ტერიტორიის ერთი მესამედი ტყით ან ხეებით იქნება დაფარული.[10]
ცოდნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარემოსდამცველები გოუდას „ტყის ენციკლოპედიად“ იცნობდნენ, ხოლო მისი ტომი – „ხეების ქალღმერთად“, ტყისა და მისი მცენარეების შესახებ ფართო ცოდნის გამო.[11] ის ცნობილია თავისი უნარით, ამოიცნოს ტყეში არსებული ნებისმიერი სახეობის ხის დედა ხე, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა. დედა ხეები მნიშვნელოვანია მათი ასაკისა და ზომის გამო, რაც მათ ტყეში ყველაზე მეტად დაკავშირებულ კვანძებად აქცევს. ეს მიწისქვეშა კვანძები გამოიყენება დედა ხეების ნერგებთან და თესლებთან დასაკავშირებლად, რადგან დედა ხე ცვლის აზოტსა და საკვებ ნივთიერებებს.[12] გოუდა ასევე იყო ექსპერტი თესლის შეგროვებაში – დედა ხეებიდან თესლის ამოღებაში მთელი მცენარეული სახეობების აღსადგენად და ხელახლა გასაზრდელად. ეს რთული პროცესია, რადგან თესლი უნდა შეგროვდეს აღმოცენების პიკზე დედა ხიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნერგების გადარჩენა, და გოვდას შეეძლო ამ ზუსტი დროის განსაზღვრა.
გოუდას არ შეეძლო აეხსნა, თუ როგორ დააგროვა ტყის შესახებ ცოდნა, მაგრამ თქვა, რომ თითქოს მას შეუძლია „ტყის ენაზე საუბარი“.[9] მისი ტომის, ჰალაკი ვოკალიგას ტრადიციებში, მატრიარქატი ბუნებასთან არის დაკავშირებული და მიწაზე ზრუნავს.[9]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავარაუდოდ, გოუდამ კარნატაკაში დამოუკიდებლად დაახლოებით ერთი ლაქჰი (100 000) ხე დარგო.[11] მისმა ამ წვლილმა ხანგრძლივი გავლენა მოახდინა მისი თემის წევრებზეც. ნაგარაჯა გოუდა, უტარა კანადის რაიონიდან, რომელიც ჰალაკის ტომის კეთილდღეობისთვის მუშაობს, ამბობს, რომ გოუდა მათი თემის სიამაყეა: „მას აქვს ტყისა და სამკურნალო მცენარეების ფასდაუდებელი ცოდნა. ეს არავის დაუფიქსირებია და ის არ არის კარგი მოსაუბრე, ამიტომ ძნელია მისი წვლილის გაგება, თუკი მისი ნამუშევარი არ გინახავს“.
ელაპა რედი, პენსიაზე გასული ოფიცერი, ასევე აღნიშნავს გოუდას ხანგრძლივ ერთგულებას თავისი თემისადმი, რადგან მან დარგო და ამოიცნო 300-ზე მეტი სამკურნალო მცენარე, რომლებიც მას შემდეგ მათ სოფელში დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
მიუხედავად იმისა, რომ გოუდა პენსიაზე იყო გასული კარნატაკის სატყეო დეპარტამენტიდან, იგი აგრძელებდა თავისი სოფლის ბავშვებისთვის ტყის მნიშვნელობის, ასევე თესლების პოვნის და მოვლის სწავლებას.[9]
გოუდა ასევე იცავდა ქალთა უფლებებს თავის სოფელში. როდესაც ჰალაკის ტომის სხვა ქალს ჩხუბის შემდეგ იარაღით დაემუქრნენ, გოვდამ მას დახმარება აღმოუჩინა და განაცხადა, რომ „იგი სასტიკად გააპროტესტებს, თუკი დანაშაულის ჩამდენი არ დაისჯება“.[9]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოუდა გარდაიცვალა 2024 წლის 16 დეკემბერს, 86 წლის ასაკში.[13]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1986 წელს გოუდამ მიიღო „ინდირა პრიადარშინ ვრიკშამიტრას ჯილდო“ (Indira Priyadarshini Vrikshamitra Award), რომელიც ასევე ცნობილია როგორც „IPVM“ ჯილდო. „IPVM“ ჯილდო აღიარებს ინდივიდების ან ინსტიტუტების მიერ ტყის გაშენებასა და უდაბნო მიწების განვითარებაში შეტანილ პიონერულ წვლილს.
1999 წელს გოვდამ მიიღო „კარნატაკა რაჯიოცავას ჯილდო“ (Karnataka Rajyotsava Award), რომელიც არის „ინდოეთის კარნატაკას შტატის მეორე უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო“. იგი ყოველწლიურად გადაეცემა კარნატაკას შტატის გამორჩეულ მოქალაქეებს, რომლებიც სამოც წელზე უფროსები არიან.[14]
2020 წლის 8 ნოემბერს ინდოეთის მთავრობამ გოვდას მიანიჭა „პადმა შრი“ (Padma Shri) ჯილდო, რომელიც ინდოეთის მოქალაქეებისთვის გადაცემული მეოთხე უმაღლესი ჯილდოა. „პადმა შრი“ არის ჯილდო, რომელსაც ინდოეთის მთავრობა ყოველწლიურად გასცემს ინდოეთის რესპუბლიკის დღეს. გოუდამ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უხარია „პადმა შრის“ მიღება, ის „ტყეებსა და ხეებს უფრო მეტად აფასებს“.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tulsi Gowda to be felicitated. Samachar.
- ↑ „'Plant two saplings a year'“. The Hindu. 6 June 2011.
- ↑ „'Snake' Marshal and Tulsi Gowdato be felicitated“. The Hindu. 2 June 2011.
- ↑ Tulsi Gowda 'Encyclopedia of the Forest', Receives Padma Shri At 77 en (9 November 2021). ციტირების თარიღი: 15 November 2021
- ↑ The 'Encyclopedia of Forest': Meet Tulasi Gowda, the Barefoot Padma Awardee en. ციტირების თარიღი: 15 November 2021
- ↑ Video | 'Encyclopedia Of Forest' Tulsi Gowda Receives Padma Shri Award, https://www.ndtv.com/video/news/news/padma-shri-award-encyclopedia-of-forest-tulsi-gowda-receives-padma-shri-award-608598. წაკითხვის თარიღი: 15 November 2021
- ↑ Keynote Dialogue - Padma Shri Tulsi Gowda and Sudheer K. Shankar en. ციტირების თარიღი: 3 July 2024
- ↑ Yasir, Sameer (2 September 2022). „'Magic in Her Hands.' The Woman Bringing India's Forests Back to Life“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 4 September 2022.
- 1 2 3 4 5 Tree goddess Tulasi Gowda, the barefoot Indian activist protecting the forest en-US (1 September 2020). ციტირების თარიღი: 19 October 2021
- ↑ Karnataka Forest Department - Home page. ციტირების თარიღი: 19 October 2021
- 1 2 Thacker, Hency. (26 February 2020) Tulasi Gowda - One Woman can change the world en-GB. ციტირების თარიღი: 19 October 2021
- ↑ About Mother Trees in the Forest en-US. ციტირების თარიღი: 19 October 2021
- ↑ Tribal environmental activist Tulasi Gouda passes away
- ↑ Karnataka Government. ციტირების თარიღი: 19 October 2021