ტუია (ძველი ეგვიპტე)
| ტუია | |
|---|---|
|
ტუიას მოოქროვილი ნიღაბი, კაირო, ეგვიპტის მუზეუმი | |
| დაბადების თარიღი |
ძვ. წ. 1400 ახმიმი[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 1370-იანები (ძვ. წ.) |
| სხვა სახელები | ტუიუ, ტიუიუ |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | vocalist |
| მეუღლე(ები) | იუია |
| შვილ(ებ)ი | ტიია და ანენი, შესაძლოა ეაე |
| ნათესავები | ეხნატონი (შვილიშვილი) |
ტუია (ზოგჯერ თარგმნილი როგორც ტოუიუი[2], ტუიუ[3] ან ტიუიუ[4]) - ეგვიპტელი დიდგვაროვანი ქალი, დედოფალ ტიიას დედა და იუიას ცოლი; ეხნატონის ბებია და ტუტანხამონის დიდი ბებია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ითვლება, რომ ტუია დედოფალ იაჰმეს-ნეფერტარის შთამომავალია. მას არაერთი ოფიციალური და მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ძველი ეგვიპტის როგორც რელიგიაში, ასევე მმართველობაში. იგი ჩართული იყო მრავალ კულტში; მის ტიტულებს შორის იყო „ჰატჰორის მომღერალი“ და ამონისა და მინის „გართობის ხელმძღვანელი“.[5] მას ასევე ეკავა ახმიმის ღმერთ მინისა და თებეს ღმერთ ამონის ჰარამხანის ზედამხედველების გავლენიანი თანამდებობები.[6] ის გათხოვდა იუიაზე, მეთვრამეტე დინასტიის გავლენიან სამეფო კარის წარმომადგენელზე. ითვლება, რომ ის ძვ.წ. 1375 წელს, დაახლოებით 50-55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ტუია იეროგლიფებში | |||||
იუიას და ტუიას ქალიშვილი, ტიია შეეძინათ, რომელიც ფარაონ ამენჰოტეპ მესამის „დიდებული სამეფო მეუღლე” გახდა. „დიდებული სამეფო მეუღლე” ეგვიპტეში უმაღლეს რელიგიურ თანამდებობად მიიჩნეოდა, რადგან მისი მფლობელი ფარაონის მხარდამხარ მსახურობდა ოფიციალური ცერემონიებისა და რიტუალების დროს.
წყვილს ვაჟი, ანენიც გაუჩნდა, რომელიც ქვემო ეგვიპტის კანცლერი, ამონის მეორე წინასწარმეტყველი და ჰელიოპოლისის მღვდელი გახდა.[7]
იუია და ტუია ასევე შესაძლოა ეიეს,[8] ეგვიპტელი სამეფო კარის წარმომადგენლის მშობლებიც ყოფილიყვნენ, რომელიც ეხნატონის მეფობის დროს მეტად აქტიურობდა, და რომელიც ტუტანხამონის სიკვდილის შემდეგ ფარაონი გახდა. ამ თეორიის არსებობის მიუხედავად, ამის რაიმე სახის მტკიცებულებები არ არსებობს გარდა იმისა, რომ ორივე - ეიეცა და იუიაც წარმოშობით ახმიმიდან იყვნენ.[9]
აკლდამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტუია KV46 სამარხში, მეფეთა ველზე, მეუღლე იუიასთან ერთად დაიკრძალა, და მათი სამარხი 1905 წელს, თითქმის ხელუხლებელი აღმოაჩინეს. იმ დროისათვის მათი აკლდამა საუკეთესოდ შემონახულად მიიჩნეოდა, სანამ მათ ეს ტიტული მათი შვილთაშვილის, ტუტანხამონის აღმოჩენამ არ ჩამოართვა.[10] საფლავი არქეოლოგმა, ჯეიმს კვიბელმა, ამერიკელი მილიონერის, თეოდორ მ. დევისის სახელით, თავის მუშათა ჯგუფთან ერთად აღმოაჩინა.[2][3] მიუხედავად იმისა, რომ საფლავის სკივრებიდან და ყუთებიდან ძვირფასეულობის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში წაეღოთ, თავად პალატები უმეტესად ხელშეუხებლად იყო დატოვებული. აქ იყო ავეჯი, საწოლები, სათავსოები, ეტლები და სარკოფაგები აკლდამის მფლობელი მუმიებითა და მათი კუბოებით.[3]
ტუიას დიდი მოოქროვილი და შავად შეღებილი ხის სარკოფაგი სამარხის სამხრეთ კედელთან იყო განთავსებული.[3] მართკუთხა ფორმის, ზემო ეგვიპტის სალოცავის დახრილი სახურავის მსგავსი ხუფით, განთავსებული ორნამენტულ ციგაზე, რომლის არაფუნქციონალურობა მის ქვევით მიმაგრებული სამი ჯოხითაა ხაზგასმული.[11] მძარცველებმა ის ნაწილობრივ დაშალეს, რათა ქალის კუბოსა და მუმიასთან მიეღწიათ, და სარკოფაგის სახურავი და თავად სარკოფაგის ერთი ჰორიზონტალური ნაწილი საწოლს დაადეს, მეორე კი პალატის სამხრეთ კედელს მიაყრდნეს. გარე, მოოქროვილი კუბო მოხსნილი იყო, მისი სახურავი კი ასევე საწოლებზე გადადებული. მისი მეორე (შიდა) კუბოს სახურავი (ასევე მოოქროვილი) მოხსნილი და გვერდზე მიყუდებული იყო, თუმცა მუმია არქეოლოგებს დაუზიანებელი დახვდათ. კვიბელის ვარაუდით, ეს იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მძარცველებს სახურავის მოხსნა გაუჭირდათ.[3]
მუმია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუიას მუმიფიცირებული ცხედარი დიდ ნაჭერში გახვეული, უკანა მხარეს შეკრული და ოთხი სახვევით დამაგრებული იპოვეს. ეს სახვევები დაფარული იყო ფისით და თითოეული ზოლის მოპირდაპირედ ტუიას ოქროს ფოლგიდან ამოჭრილი ტიტულები იყო განთავსებული. სახვევების ქვედა ფენებზე ფისოვანი საფარი დიდი, განიერი ყელსაბამის შთაბეჭდილებას ქმნიდა.[12] მუმიის სახვევები, რომლებიც ოდესღაც მას ფარავდა, სათავსების ზემოთ, ოთახის შორეულ კუთხეში იპოვეს.[3]
მისი სხეულის პირველი გამოკვლევა ავსტრალიელმა ანატომისტმა გრაფტონ ელიოტ სმიტმა ჩაატარა. მან ჩაიწერა, რომ ის მცირე ტანის, 1.495 მეტრის (4,90 ფუტი) სიმაღლის მოხუცი ქალი იყო, თეთრი თმით. ორივე ყურის ბიბილო ორ ადგილას ჰქონდა გახვრეტილი. მკლავები გასწორებული ედო, ხოლო ხელისგულები ბარძაყებზე მიეწყო. ბალზამირების ჭრილი ძაფით იყო ამოკერილი, რომელსაც ქვედა ბოლოში პატარა მძივი ჰქონდა გამობმული. მისი სხეულის ღრუ ამოვსებული იყო ფისით გაჟღენთილი ნაჭრებით. როდესაც დუგლას დერიმ, (რომელმაც მოგვიანებით ტუტანხამონის მუმიის პირველი გამოკვლევა ჩაატარა), რომელიც სმიტს მუმიის გამოკვლევაში ეხმარებოდა, ტუიას ფეხები მისი სიმაღლის ზუსტი გაზომვის მიზნით შეისწავლა, აღმოაჩინა, რომ ქალს ოქროს ფოლგის სანდლები ეცვა. სმიტის დასკვნით, ტუია 50 წელს გადაცილებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს დასკვნა მხოლოდ მუმიის გარეგნობაზე დაყრდნობით გაკეთდა.[12] CT სკანირებამ მისი სიკვდილის ასაკად 50-60 წელი აჩვენა. ქალს ტვინი ამოღებული ჰქონდა, თუმცა ბალზამირების მასალა შიგნით არ ჩაედოთ. მისი ნესტოები ქსოვილით იყო ამოტენილი. ბალზამირებისათვის განკუთვნილი სატენი მის თვალებში, პირსა და კისერშიც აღმოჩნდა.[13] ქალის კბილები ცუდ მდგომარეობაში იყო, და მრავალი მათგანი აკლდა.[14] ადრეულ რენტგენოლოგიურ გამოკვლევებში კბილების მძიმე გაცვეთილობა და პირის ღრუს აბსცესები დაფიქსირდა.[15] სკანირებამ ასევე გამოავლინა, რომ მას საშუალო სიმძიმის სქოლიოზი ჰქონდა. სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა.[14] მუმია ინვენტარის ნომერ CG 51191-ით აღინიშნა.[16]
არტეფაქტები ტუიას გამოსახულებით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტუიას შიდა კუბო
- ტუიას ქანდაკება, ახლა ლუვრის მუზეუმში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Davis, Theodore M.; Maspero, G.; Newberry, Percy E. (1907). The Tomb of Iouiya and Touiyou. London: Archibald Constable and Co. pp. XXV–XXX. ISBN 0-7156-2963-8.
- Reeves, Nicholas; Wilkinson, Richard H. (2010). The Complete Valley of the Kings: Tombs and Treasures of Egypt's Greatest Pharaohs (Paperback reprint ed.). London: Thames & Hudson. pp. 174–178. ISBN 978-0-500-28403-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Freebase Data Dumps — Google.
- 1 2 Davis, Theodore M.; Maspero, G.; Newberry, Percy E. (1907) The Tomb of Iouiya and Touiyou. London: Archibald Constable and Co., გვ. XXV-XXX. ISBN 0-7156-2963-8.
- 1 2 3 4 5 6 Quibell, J. E.; Smith, Grafton Elliot (1908) Tomb of Yuaa and Thuiu. Le Caire Impremerie De L'Institut Francais D'Archeologie Orientale, გვ. I-VII.
- ↑ Rice, Michael (1999) Who's Who In Ancient Egypt By Michael Rice By Samy Salah, 2004 (English), London: Routledge, გვ. 223.
- ↑ Tyldesley, Joyce. Chronicles of the Queens of Egypt. Thames & Hudson, 2006. p.116
- ↑ Cyril Aldred: Akhenaten, King of Egypt Thames and Hudson, 1989. p.96
- ↑ Rice, Michael (1999). Who's Who in Ancient Egypt. Routledge, p.20
- ↑ Rice, p.222
- ↑ David, Anthony, E. and Rosalie David. A Biographical Dictionary of Ancient Egypt. London: Seaby, 1992. p.167
- ↑ Reeves, Nicholas; Wilkinson, Richard H. (2010) The Complete Valley of the Kings: Tombs and Treasures of Egypt's Greatest Pharaohs, Paperback reprint, London: Thames & Hudson, გვ. 174–178. ISBN 978-0-500-28403-2.
- ↑ Ikram, Salima; Dodson, Aidan (1998) The Mummy in Ancient Egypt: Equipping the Dead for Eternity, Hardcover, London: Thames and Hudson, გვ. 259. ISBN 0-500-05088-0.
- 1 2 Quibell, J. E.; Smith, Grafton Elliot (1908) Tomb of Yuaa and Thuiu. Le Caire Impremerie De L'Institut Francais D'Archeologie Orientale, გვ. 68–73.
- ↑ Saleem, Sahar N.; Hawass, Zahi (February 2015). „Subcutaneous Packing in Royal Egyptian Mummies Dated From 18th to 20th Dynasties“. Journal of Computer Assisted Tomography. 39 (3): 301–306. doi:10.1097/RCT.0000000000000205. PMID 25695867. S2CID 26076919.
- 1 2 Hawass, Zahi; Saleem, Sahar N. (2016) Scanning the Pharaohs: CT Imaging of the New Kingdom Royal Mummies. Cairo: The American University in Cairo Press, გვ. 71–74. ISBN 978-977-416-673-0.
- ↑ Harris, James E.; Weeks, Kent R. (1973) X-Raying the Pharaohs. London: Macdonald and Company (Publishers) Ltd., გვ. 141–142.
- ↑ Habicht, M.E; Bouwman, A.S; Rühli, F.J (25 January 2016). „Identifications of ancient Egyptian royal mummies from the 18th Dynasty reconsidered“. Yearbook of Physical Anthropology. 159 (S61): 216–231. doi:10.1002/ajpa.22909. PMID 26808107.