ტუბერკულოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტუბერკულიოზი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუბერკულოზი

ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის გულმკერდის რენტგენი
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 8515
ICD-10 A15.-A19.
ICD-9 010-018
MedlinePlus 000077
eMedicine med/2324
Patient UK ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი (ლათ. tuberculum – ხორკლი) — ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს რამდენიმე სახეობის მიკობაქტერია (ძირითადად Mycobacterium tuberculosis). ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს. მეოცე საუკუნემდე იგი პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადება იყო.

ტუბერკულოზის გამომწვევი — ტუბერკულოზის მიკობაქტერია (კოხის ჩხირი) უხშირესად ფილტვებს აზიანებს. იგი შეიძლება იყოს ჩასუნთქულ ჰაერში, ნახველის წვეთებში, ჭურჭელზე და ა.შ. ტუბერკულოზი არა მარტო ჰაერ–წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება. ნესტიან ადგილებში, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას. მშრალ, კარგად განათებულ ადგილებში, მზის სხივების (კერძოდ კი ულტრააისფერი სხივების) პირდაპირი მოქმედებით ისინი მალე იღუპებიან.

ტუბერკულოზის პრევენცია მოიცავს მაღალი რისკის ჯგუფების გამოვლენას, ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას, ახალშობილთა ვაქცინაციას. მაღალი რისკის ქვეშ შედიან აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული ოჯახის წევრები, თანამშრომლები, მეგობრები. მკურნალობა ტარდება რამდენიმე ანტიბიოტიკით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული შტამების რაოდენობა იზრდება, რის გამოც ზოგიერთი ავადმყოფი ავადდება მრავალ ანტიბიოტიკზე რეზისტრენტული ტუბერკულოზით (MDR-TB).

ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედი ინფიცირებულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით. ახალი შემთხვევები მოსახლეობის 1%–ში ერთი წლის განმავლობაში. 2014 წელს აქტიური ტუბერკულოზის 9,6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1,5 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან 95% განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ. ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო 2000 წლიდან. აზიისა და აფრიკის მოსახლეობის 80% ტუბერკულინით ტესტირებისას დადებით შედეგს აჩვენებს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 5-10%–ს უდრის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: