ტროპიკული სარტყლების უდაბნოს ზონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტროპიკული სარტყლების უდაბნოს ზონები — ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ტროპიკული სარტყლების ბუნებრივი ზონები, რომელთა ლანდშაფტებში ჭარბობს უდაბნოები. მდებარეობს შიგაკონტინენტურ და დასავლეთ ოკეანისპირა სექტორებში. უდიდესი ფართობი უჭირავს აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც წარმოქმნის მკაფიოდ გამოხატულ განედურ სარტყელს,რომელშიც შედის მსოფლიოს უდიდესი უდაბნო საჰარა, არაბეთის ნახევარკუნძულის, ინდოეთის და პაკისტანის უდაბნოები; ჩრდილოეთ ამერიკაში ტროპიკული უდაბნო ვიწრო მერიდიანულ ზოლადაა გადაჭიმული კალიფორნიის ნახევარკუნძულის სანაპიროსა და მექსიკის მთიანეთის დასავლეთ კიდის გასწვრივ; სამხრეთ ნახევარსფეროში კარგად არის გამოხატული ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში.

ტროპიკული სარტყლების უდაბნოს ზონებში ცხელი და მშრალი ჰავაა. ივლისის საშუალო ტემპერატურა ზოგან 35—38 °C-მდეა, მაქსიმალური 50 °C-მდე. დღისით ქვიშა 90 °C-მდე ხურდება. ზამთარი რბილია. იანვრის ტემპერატურა 20—25 °C აღწევს. ოკეანისპირა სექტორებში ტემპერატურის წლიური მსვლელობა რამდენადმე გათანაბრებულია ოკეანეების ზეგავლენით. ნალექები ჩვეულებრივ 50—100 მმ არ აღემატება წელიწადში, ზოგან რამდენიმე წლის განმავლობაში ნალექი საერთოდ არ მოდის. ხმელეთის ზედაპირი წლის განმავლობაში იღებს 750—920 კჯ/სმ² (180—220 კკალ/სმ²) სითბოს, ზედაპირული ჩამონადენი უმნიშვნელოა, ტბები იშვიათია. წყალმომარაგებისათვის გამოყენებულია გრუნტის, ნაწილობრივ არტეზიული წყლები.

ტროპიკული სარტყლების უდაბნოს ზონებში ჭარბობს მოწითალო-მურა და ტროპიკული პრიმიტიული ნიადაგები, ჩადაბლებულ ადგილებში — ბიცობები. საჰარისა და არაბეთის ნახევარკუნძულის ვებერთელა სივრცეები მცენარეულობას თითქმის მოკლებულია; ქსეროფილურ ბუჩქნარებს ვხვდებით თარის, ნამიბის უდაბნოებსა და ავსტრალიის შიგა რაიონებში. ტროპიკული სარტყლების უდაბნოს ზონები გამოყენებულია საძოვრებად. ცხოველთა სამყარო ღარიბია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]