შინაარსზე გადასვლა

ტროპიკული ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტროპიკული ოლქი — მსოფლიო ოკეანის ზოოგეოგრაფიული ოლქი, რომელიც მოიცავს იმ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებს, სადაც წყლის ზედაპირის ტემპერატურა 20°C-ზე ნაკლები არ არის. ტროპიკული ოლქის დასავლეთ საზღვარი გადის ჩრდილოეთ და სამხრეთ განედების 35°C-ზე, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში — რამდენადმე ახლოს. ტროპიკული ოლქისპელაგიალისათვის დამახასიათებელია ზვიგენები, თინუსები, იალქნოსნები, ზღვის კუები: ბენთალშია მარჯნის რიფები, სანაპიროს მანგროს ბარდები, ცხრაფეხები, დიდტანიანი მუცელფეხიანი და ორსაგდულიანი მოლუსკები და სხვა. პელაგიალში ბევრია ირგვლივტროპიკული გავრცელების სახეობები.

ტროპიკული ოლქი წარმოადგენს ტროპიკულ სამეფოს, რომელსაც ყოფენ 3, ზოგჯერ 4 ან 5 ოლქად: ინდოეთ- დასავლეთწყნაროკეანური, ცენტრალურამერიკული (ზოგჯერ გამოყოფილია დასავლეთატლანტური და აღმოსავლეთწყნაროკეანური) და აღმოსავლეთატლანტური. ოლქები, რომლებიც გამოყოფილია ფსკერის ფაუნათა გავრცელების საფუძველზე, განცალკავებულიი არიან ზოოგეოგრაფიული ბარიერებით: ხმელეთის — ძველი და ახალი ქვეყნების კონტინენტებით, და ოკეანური — შუაატლანტური და აღმოსავლეთწყნაროკეანური, რომლებსაც გადალახავს მეზობელი ფაუნის შემადგენლობის მხოლოდ 10%. ინდოეთ-დასავლეთწყნაროკეანური ფაუნა უძველესი და მდიდარია, ახასიათებს მაღალი ენდემიზმი.

მეორე ადგილზეა დასავლეთატლანტური ფაუნა. ამ უკანასკნელთან შედარებით აღმოსავლეთწყნაროკეანური ფაუნა ბევრად უფრო ღარიბია. სახეობათა სიღარიბით გამოირჩევა აღმოსავლეთატლანტური ფაუნა. ცენტრალურამერიკული ოლქის ზოგიერთი გვარი (ცხრაფეხები, ზღვის ზღარბები, მთელი რიგი თევზები) მოიპოვრბა აღმოსავლეთწყნაროკეანურ და დასავლეთატლანტურ წყალთხელებში, მაგრამ არ გვხვდება სხვა რაიონებში. ასეთი გავრცელება აიხსნება თანამედროვე ცენტრალური ამერიკის ადგილას წარსულში (მიოცენში — ქვედა პლიოცენში) საუტის არსებობით.