შინაარსზე გადასვლა

ტროვულანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ტროვულანი
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
კოორდინატები 7°33′00″ ს. გ. 112°22′00″ ა. გ. / 7.5500000° ს. გ. 112.3666694° ა. გ. / -7.5500000; 112.3666694
ტროვულანი — ინდონეზია
ტროვულანი

ტროვულანი ― არქეოლოგიური ძეგლი ტროვულანის ქვერაიონში, მოჯოკერტოს სარეგენტოში, აღმოსავლეთ იავაში, ინდონეზიაში. მოიცავს 100 კმ²-ის ფართობის მქონე ტერიტორიას და მიიჩნევენ, რომ სწორედ აქ მდებარეობდა მაჯაპაჰიტის იმპერიის ამავე სახელწოდების მქონე დედაქალაქი, რომელლიც მპუ პრაპანკას XIV საუკუნის პოემაში, ნაგარაკრეტაგამაში და XV საუკუნის ჩინურ წყაროშია აღწერილი. მაჯაპაჰატის იმპერიის დედაქალაქობის პერიოდში ქალაქს ვილვატიკტა ეწოდებოდა, რაც იმპერიის სახელწოდების სინონიმი იყო. XV საუკუნეში გირინდრავარდჰანის შემოჭრის დროს ქალაქი მთლიანად გაანადგურეს. ამ მოვლენის შემდეგ მაჯაპაჰიტის იმპერიის დედაქალაქი დაჰაში (კედირი) გადაიტანეს. ტროვულანის მუზეუმში არტეფაქტების კოლექციებია დაცული.

ნაგარაკრეტაგამაში მაჯაპაჰიტის სასახლისა და მისი შემოგარენის პოეტური აღწერაა შემონახული, თუმცა მხოლოდ სამეფო და რელიგიური სექტორებით შემოიფარგლება. ზოგიერთი დეტალი ბუნდოვანია, რის გამოც მკვლევრები, რომლებიც ქალაქის გეგმაზე მუშაობდნენ, სხვადასხვა დასკვნამდე მივიდნენ.

თავდაპირველი კვლევები მონუმენტურ ნაშთებზე: ტაძრებზე, სამარხებსა და სააბაზანოებზე იყო კონცენტრირებული. უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების დროს სამრეწველო, კომერციული და რელიგიური აქტივობების, საცხოვრებელი ადგილების, წყლის მიწოდების სისტემებისა და წყლის არხების ნაშთები იპოვეს, რომლებიც XIV-XV საუკუნეში მჭიდრო დასახლებებს ადასტურებს.[1][2] 2009 წლის ოქტომბერში ინდონეზიის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ტროვულანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიისთვის წარადგინა.[3]

სუმურ-უპასის არქეოლოგიური საიტი, ტროვულანი, მოჯოკერტო

ტროვულანში ანტიკური ქალაქის ნაშთები XIX საუკუნეში აღმოაჩინეს. სერ თომას სტემფორდ რაფლზი, ბრიტნეთის იავის ლეიტენანტ-გუბერნატორი[4] და ბენკოოლენის გენერალ-გუბერნატორი[5] (1811-1816), კუნძულის ისტორიის დაუღალავი ენთუზიასტი, ჩანაწერებში შენიშნავდა, რომ „ტაძრების ნაშთები… ქვეყნის მასშტაბით მრავალ მილზეა გაფანტული“. იმ დროს რეგიონის დიდი ნაწილი ტექის ტყეებით იყო დაფარული, რაც დეტალურ გამოკვლევას შეუძლებელს ხდიდა. მიუხედავად ამისა, რაფლზზე ნანახმა ისეთი შთაბეჭდილება იქონია, რომ მოგვიანებით ტროვულანს იავის სიამაყეს უწოდებდა.[6]

არქეოლოგიური ძეგლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტროვულანსა და მის შემოგარენში აღმოჩენილი არქეოლოგიური რელიქვიების დიდი ნაწილი ტროვულანის მუზეუმში ინახება და გამოფენილია, რომელიც სეგარან-პოოლის დასავლეთ მხარეს მდებარეობს. ტროვულანსა და მის ირგვლივ გათხრებმა დაადასტურა, რომ ძველი დასახლების ნაწილი ჯერ კიდევ ტალახისა და ვულკანური ნაშთების ქვეშ რამდენიმე მეტრზეა დამარხული, რაც მახლობლად მდებარე ვულკან კელუდის ხშირი ამოფრქვევების შედეგია, ისევე როგორც მდინარე ბრანტასის ხშირი წყალდიდობების გამო. რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ტროვულანის ირგვლივაა მიმოფანტული. ნაწილი ძალიანაა დაზიანებული, ნაწილს კი რეკონსტრუქცია უტარდება. არქეოლოგიური ძეგლების დიდი ნაწილი წითელი აგურითაა ნაშენები.

ჩანდი ტიკუსი

ჩანდი ტიკუსი სარიტუალო საბანაო აიუზია (პეტირტაანი), რომელიც ტროვულანში ახლად აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლებს შორის ყველაზე შთამბეჭდავია. მისი სახელი „ვირთხების ტაძარს ნიშნავს“, რაც მისი აღმოჩენის დროს, 1914 წელს, არქოლოგიური ძეგლის ადგილას დიდი რაოდენობით ვირთხების აღმოჩენის გამო უწოდეს. დღევანდელი ფორმა 1985-1989 წლებში მიიღო და წითელი აგურის კომპლექსს ჩაძირული, კვადრატული აუზის ფორმა აქვს, რომელშიც ჩრდილოეთ მხრიდან საფეხურები ეშვება. მთავარი ნაგებობა, რომელიც აუზის სამხრეთ კედლიდანაა დაპროექტებული, ლეგენდარული მთის, მაჰამერუს მიხედვითაა შექმნილი.

ტროვულანის არქეოლოგიური ძეგლი. წითელი კვადრატი არქეოლოგიურ ძეგლებს აღნიშნავს, ღია ლურჯი ფერის ზოლები კი ანტიკურ არხებს მიჰყვება.

ინდონეზიის მე-15 ეროვნული გზატკეცილიდან სამხრეთით, სოფელ ჯატიპასარში ვრინგინ ლავანგი მდებარეობს. მისი სახელი იავურ ენაზე „ბანიანის ხის კარიბჭეს“ ნიშნავს. დიდი კარიბჭის პორტალები წითელი აგურისგანაა ნაშენები. მისი ფუძე 13 მ x 11 მეტრზეა, ხოლო სიმაღლე 15.5 მეტრია. ძეგლი XIV საუკუნით თარიღდება.

მიიჩნევენ, რომ ჩამპის პრინცესის ისლამური სამარხი მაჯაპაჰიტის მეფის მეუღლეს ეკუთვნის. ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ის მაჯაპაჰიტის ერთ-ერთ უკანასკნელ მეფეზე იყო დაქორწინებული და გარდაცვალებამდე მას ისლამი მიაღებინა.[7]

ტროვულანში დიდი რაოდენობით მაჯაპაჰიტის ტერაკოტის არტეფაქტებია აღმოჩენილი. სამეთუნეო წარმოება მოსახლეობის მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენდა. სამეთუნეო ნაწარმის დიდი ნაწილი საშინაო საქმეებში მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და დეკორაციები წითელი ზოლებით შემოიფარგლებოდა. არტეფაქტებს შორის ბევრია ქოქოსის ზეთისთვის განკუთვნილი ფარნები (ლამფა).

  • Didier Millet, volume editor: John Miksic, Indonesian Heritage Series: Ancient History, Hardcover edition – Aug 2003, Archipelago Press, Singapore 169641, ISBN 981-3018-26-7

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ↑ Millet, Didier (August 2003). რედ. John Miksic: Indonesian Heritage Series: Ancient History. Singapore 169641: Archipelago Press, გვ. 108. ISBN 981-3018-26-7. 
  2. ↑ Sita W. Dewi (9 April 2013). „Tracing the glory of Majapahit“. The Jakarta Post. ციტირების თარიღი: 5 February 2015.
  3. ↑ UNESCO Tentative list (8 November 2009).
  4. ↑ „Sir Stamford Raffles | British colonial agent“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-11-15.
  5. ↑ Limited, Alamy. Stock Photo – Sir Thomas Stamford Raffles, 1781 – 1826. British statesman, Lieutenant-Governor of British Java, Governor-General of Bencoolen, and founder of Singapore en. ციტირების თარიღი: 2017-11-15
  6. ↑ Bullough, Nigel (1995). რედ. Mujiyono PH: Historic East Java: Remains in Stone, Indonesian 50th independence day commemorative edition. Jakarta: ADLine Communications, გვ. 102. 
  7. ↑ Bullough, Nigel (1995). რედ. Mujiyono PH: Historic East Java: Remains in Stone, Indonesian 50th independence day commemorative edition. Jakarta: ADLine Communications, გვ. 106.