შინაარსზე გადასვლა

ტრიქოლომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიქოლომა

რუხი ტრიქოლომა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  ტრიქოლომა
ლათინური სახელი
Tricholoma (Fr., 1821) Staude (1857)
ტიპური სახეობა

ტრიქოლომა (ლათ. Tricholoma) — სოკოების გვარი, ტრიქოლომასებრთა ოჯახისა, რომელიც მრავალ თეთრსპორიან და ფირფიტებიან სოკოს აერთიანებს. გვარი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ძირითადად, ტყეებში. ექტომიკორიზული სოკოებია, რომლებიც სიმბიოზურ ურთიერთობაში არიან სხვადასხვა სახეობის წიწვოვან ან ფართოფოთლოვან ხეებთან. გვარი პირველად 1821 წელს შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა აღწერა როგორც Agaricus trib. Tricholoma. გვარის სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვებიდან: τριχο- (tricho-, „თმა“) და λῶμα (loma, „ფოჩი, საზღვარი“).[1]

გვარი შეიცავს როგორც საჭმელად ვარგის, ისე არასაჭმელ და შხამიან სახეობებს. 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, Index Fungorum-ის მიხედვით, გვარში 379 სახეობა შედიოდა.[2] მრავალი სახეობა, რომლებიც თავდაპირველად ტრიქოლომას გვარში ერთიანდება, მოგვიანებით სხვა გვარებში გადაიტანეს. მათ შორისაა Clitocybe nuda, Clitocybe saeva, და Calocybe gambosa.

ახალგაზრდა ეგზემპლარებს ქუდი ნახევარსფეროსებრი და ამოზნექილი აქვთ, მოგვიანებით კი ბრტყლად გაშლილი, ხშირად ტალღოვანი, შემოხვეული ან გარეთ გადაკეცილი კიდეებით. ქუდის ზედაპირი შეიძლება იყოს ბოჭკოვანი ან ქერცლოვანი. ფირფიტები — ფეხზე შეზრდილი, ხშირად კბილისებურად, ზოგჯერ თითქმის თავისუფალი. ფეხი — მკვრივი, ცენტრალური. საერთო საბურველის გარეშე. იშვიათად გვხვდება აპკისებრი, კერძო საბურველი, რომელიც სწრაფად ქვრება და ფეხზე საყელოს სახით რჩება. სპორები გლუვია, უფერული. სპორების ფხვნილი — თეთრი, იშვიათად კრემისფერი. მრავალი სახეობა გამოირჩევა ფქვილისებრი, ან ძლიერ და უსიამოვნო სუნით. ზოგადად, ამ გვარისთვის დამახასიათებელია გარეგნული ნიშნების ხშირი ცვალებადობა, რაც ართულებს მათ იდენტიფიცირებას ბუნებრივ პირობებში.

ტრიქოლომალიდები არის ნეიროტროფული დიტერპენოიდები, რომლებიც ტრიქოლომას სახეობებიდან არის გამოყოფილი.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nilson, Sven (1977). Fungi of Northern Europe 2: Gill-Fungi. Penguin, გვ. 24. ISBN 0-14-063006-6. 
  2. Kirk PM.. Species Fungorum (version 14th September 2021). In: Species 2000 & ITIS Catalogue of Life. ციტირების თარიღი: 2021-09-14
  3. Sachiko Tsukamoto, Abdulgafor D Macabalang, Keigo Nakatani, Yutaro Obara, Norimichi Nakahata, Tomihisa Ohta (2003). „Tricholomalides A-C, new neurotrophic diterpenes from the mushroom Tricholoma sp“. J Nat Prod. 66 (12): 1578–1581. doi:10.1021/np030140x. PMID 14695800.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)