ტრიკვეტრუმი

ტრიკვეტრუმი,[1] ტრიკვეტრი (ლათ. triquetrus — „სამკუთხა“) — უძველესი კუთხსაზომი ასტრონომიული ხელსაწყო, რომელიც გამოიყენებოდა ციური სხეულების ზენიტური მანძილებისა და მთვარის პარალაქსის გასაზომად.[2][3] ტრიკვეტრუმის გამოყენება აღწერილია პტოლემეოსის მიერ თავის „ალმაგესტში“ (V. 12; დაახლ. 140) და კოპერნიკის მიერ თავის წიგნში „ციური სფეროების ბრუნვის შესახებ“ (IV. 15; 1543).
ის შედგებოდა ხის სამი ძირითადი მონაკვეთისაგან. აქედან პირველი — მუდამ ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, და შეიძლებოდა მისი მხოლოდ ვერტიკალური ღერძის გარშემო შემობრუნება. მის ორ ბოლოში სახსრისებურად დამაგრებული იყო ორი სხვა მონაკვეთი, რომელთაგან ზედაზე დამაგრებული იყო ორი ვიზირი ან დიოპტრი. დამკვირვებელი მიმართავდა ზედა მონაკვეთს სასურველი ციური სხეულის მიმართულებით, ისე რომ ორივე დიოპტრში გამოჩენილიყო საკვლევი ობიექტი. დამიზნებისთანავე დამკვირვებელი, სახსრისებულად დამაგრებულ ქვედა მონაკვეთს მიადგამდა მანამდე დაფიქსირებულ დიოპტრებიან ზედა მონაკვეთს. ქვედა მონაკვეთი წარმოადგენდა სახაზავს, რომლის დიოპტრებიან მონაკვეთზე მიბჯენისას, დამკვირვებელს შეეძლო ამოეკითხა მიდგმის ადგილას არსებული სიდიდე, რომელიც შეესაბამებოდა კუთხეს უძრავ და დიოპტრებიან მონაკვეთებს შორის. ტრიკვეტრუმი ასტრონომიულ დაკვირვებებში XVI საუკუნემდე გამოიყენებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Зигель Ф., «Астрономы наблюдают», Москва, 1977, сс. 8-9
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჭაბაშვილი მ., „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“, თბ., 1989, გვ. 63-68
- ↑ Kelley, D., Milone, E., (2005), Exploring Ancient Skies: An Encyclopedic Survey of Archaeoastronomy, ст. 77-79. Birkhäuser.
- ↑ Gassendi, P., Thill, O., (2002) The Life of Copernicus (1473—1543), ст. 118—120. Xulon Press.