შინაარსზე გადასვლა

ტრასტევერეს მუზეუმი (რომი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრასტევერეს მუზეუმი (რომი)

სანტ-ეჯიდიო, მუზეუმის შენობა
41°53′23″ ჩ. გ. 12°28′08″ ა. გ. / 41.8898611° ჩ. გ. 12.4689694° ა. გ. / 41.8898611; 12.4689694
დაარსდა 1977
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
მისამართი პიაცა ს. ეჯიდიო 1/ბ, 00153 რომა
მდებარეობა რომი[1]
კლასიფიკაცია კულტურული ისტორიის მუზეუმი
ოფიციალური საიტი museodiromaintrastevere.it
Map

ტრასტევერეს რომის მუზეუმი — რომის ერთ-ერთი მუზეუმი. დაარსდა 1977 წელს სანტ-ეჯიდიოს კარმელიტების რესტავრირებულ მონასტერში.[2] თავდაპირველად ის ცნობილი იყო როგორც „ფოლკლორისა და რომაული დიალექტის პოეტების მუზეუმი“. დახურვის მცირე პერიოდის შემდეგ, 2000 წელს ის თავისი ამჟამინდელი სახელით ხელახლა გაიხსნა.[3] რომის თანამედროვე კულტურასთან დაკავშირებული მუდმივი კოლექციის გარდა, მუზეუმში ასევე იმართება დროებითი გამოფენები, მათ შორის ყოველწლიური World Press Photo გამოფენა. ის რომის მუზეუმის ნაწილს შეადგენს.

ვია ჯულიო რომანო“, ეტორე როესლერ ფრანცის ნამუშევარი

ექსპოზიციაში წარმოდგენილი მასალა მოიცავს ე.წ. „რომაულ სცენებს“,[4] ნატურალური ზომის მოდელებს, რომლებიც ადრე პალაცო ბრასკის რომის მუზეუმში იყო გამოფენილი. იმ მუზეუმში ამ ექსპონატებისათვის შეზღუდული სივრცის არსებობის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა მათი გადატანა ტრასტევერეში, რომის იმ ნაწილში, სადაც რომაული ხალხური კულტურა კვლავ ძლიერად არის შენარჩუნებული.

მუზეუმის მუდმივი გამოფენა ფოკუსირებულია რომაულ ცხოვრებაზე გვიან მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეებში. მთავარი თემებია სამოსი, ხალხური ცეკვები, დღესასწაულები და ხელობა. კოლექცია მოიცავს ნახატებს, ანაბეჭდებს, ნახაზებს და აკვარელის ნამუშევრებს, მათ შორის ეტორე როესლერ ფრანცის (1845-1907) სერიას - „გამქრალი რომი“, და ყოველდღიური ცხოვრების ნატურალური ზომის რეპრეზენტაციებს, ცნობილს როგორც „რომაული სცენები“. ფრანცის აკვარელების გამოფენის ექსპონატები დროდადრო ერთმანეთს ანაცვლებენ, მათი კონსერვაციის მიზნით. სხვა წარმოდგენილი მხატვრები არიან სამუელ პრაუტი, ბარტოლომეო პინელი, ადრიანო ტროიანი, გიიომ ფრედერიკ რონმი და არნოლდო კორროდი. ასევე არის ფოტოგალერეაც. „რომაული სცენები“ გვიჩვენებს აფთიაქს, ოთახს სადაც ღვინის ურიკა ინახება, სასტუმროს ეზოს სადაც ცეკვა იდგმება, სასტუმროს შიდა სივრცეს, მოედანს, და ორ მესტვირეს ვოტივის კიოსკის წინ.

მუზეუმში დაცულია რომაული დიალექტის პოეტის, ჯუზეპე ჯოაკინო ბელის რამდენიმე ხელნაწერი, ასევე გვხვდება სხვა იტალიელი რომაული დიალექტის პოეტის, ტრილუსას (1871-1950) პირადი ნივთები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ რომს გადაეცა. „ტრილუსას ოთახის“ გამოფენა შედგება ვიდეო ინსტალაციისგან, ნახატებისა და პოეტის კუთვნილი სხვა ნივთებისგან.

  1. 1.0 1.1 Indagine sui musei e le istituzioni similari — 2022.
  2. Editorial. ციტირების თარიღი: 17 January 2016
  3. Museo di Roma in Trastevere. ციტირების თარიღი: 17 January 2016
  4. Museo di Roma in Trastevere | Rome Museum Guide.